
ზელენსკიმ უკრაინაში რუსული ქონების კონფისკაციის შესახებ კანონს ხელი მოაწერა
10/03/2022 16:23:20 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთისა და მისი მაცხოვრებლების ქონების ჩამორთმევის უფლებას იძლევა.
კანონით განსაზღვრულია სამართლებრივი საფუძვლები ძალდატანებითი ჩამორთმევისა „საზოგადოებრივი აუცილებლობის მიზეზით“. მათ შორის იგულისხმება სამხედრო მიზეზებიც, ვინაიდან რუსეთმა „უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო“.
კანონის თანახმად, ჩამორთმევა განხორციელდება ქონების კომპენსაციის გარეშე, „იმ სრულმასშტაბიანი აგრესიული ომის გათვალისწინებით, რომელიც რუსეთის ფედერაციამ გააჩაღა და რომელსაც აწარმოებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ“. ქონების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილებას ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო მიიღებს მთავრობის მოთხოვნით.
მე–15 დღეა, რუსული ძალები უკრაინაში ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას ახორციელებენ, ბომბავენ ქალაქებს, მათ შორის საცხოვრებელ სახლებს, საავადმყოფოებს, ფიქსირდება აკრძალული იარაღის გამოყენების ფაქტებიც, ცეცხლს უხსნიან მშვიდობიან მოქალაქეებს, შექმნეს რადიაციული საფრთხე. რუსულ აგრესიას ასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები. 2 მილიონზე მეტი მოქალაქე ლტოლვილად იქცა, ჰუმანიტარული კრიზისია რამდენიმე დასახლებაში, რომლებიც რუსულ ძალებს ალყაში აქვთ მოქცეული.
თუ საწყის ეტაპზე კრემლი ირწმუნებოდა, რომ უკრაინა თავად ბომბავდა საკუთარ თავს, ამჟამად მსოფლიო მასმედიას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ საავადმყოფოებსა და საცხოვრებელ სახლებში, რომელთა ნანგრევებიდანაც დაბომბვის შემდეგ ცხედრები და დაშავებულები ამოჰყავთ, „ნაციონალისტები“ არიან შესახლებული.