
მოსკოვი ოკუპირებულ აფხაზეთს და ცხინვალს დაფინანსებას შეუმცირებს
10/03/2022 20:50:55 კონფლიქტები
რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ვოლვაჩი აცხადებს, რომ მათი მიზანია, შემცირდეს ოკუპირებული სოხუმისა და ცხინვალის დამოკიდებულება რუსულ დახმარებაზე მომდევნო 3 წლის განმავლობაში.
როგორც რუსული TAСС-ი წერს, რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ოკუპირებული რეგიონები გადავლენ უფრო "დამოუკიდებელ ეკონომიკურ ფორმატზე, რაც შეამცირებს დამოკიდებულებას რუსულ სუბსიდიებზე".
ამასთან, მინისტრის მოადგილის თქმით, მომდევნო წლებში შემცირდება რუსეთის თანადაფინანსების წილი "სახელმწიფო სექტორში" დასაქმებულთა ხელფასებზე:
"სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ზრდის თვალსაზრისით რუსეთის თანადაფინანსების წილი თანდათან შემცირდება - 2022 წლის 85%-დან 2025 წლისთვის 15%-მდე.
[...] დახმარების პირველი ეტაპი, როცა შეგვიძლია უბრალოდ ფულის მიცემა, ინფრასტრუქტურის განვითარება, უკვე დასრულებულია. ყველაფერი, რისი მიღებაც შეგვეძლო ამ ეტაპიდან ეკონომიკური ზრდის კუთხით, მივიღეთ".
იგი სოხუმსა და ცხინვალს მოუწოდებს, "მოიზიდონ ინვესტიციები, გაამარტივონ რეგულაციები, გააუმჯობესონ საინვესტიციო კლიმატი":
"ყველა საუკეთესო წესი, რაც რუსეთშია, იქ უნდა იყოს შეტანილი, რათა გარანტირებული იყოს ინვესტორის უფლებები".