14-03-2022 00:09:09 ევროპა
უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე ამბობს, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი უკრაინაში ბელარუსის მხრიდან შევიდა და უკრაინული მხარისთვის ცნობილია კონკრეტული ადგილი, სად აფარებს თავს რამზან კადიროვი.
„ვიცით, რომელ სოფელშია. მშვიდობიან მოსახლეობას არის ამოფარებული, ერთ–ერთ სარდაფში. სამწუხაროდ, კადიროვის გამო ვერ გავწირავთ მშვიდობიან მოსახლეობას“,– განაცხადა ნადირაძემ „ფორმულას“ ეთერში და დასძინა, „ბელარუსის მხრიდან არის შემოსული ჩერნიგოვის რეგიონში“.
მისივე ცნობით, ამჟამად რუსული მხარე „ბელარუსის მიმართულებას“ აძლიერებს და აღმოსავლეთით და დასავლეთით მიმართულებით გაშლას ცდილობენ, სამხრეთ მიმართულებით კი ძალიან უჭირთ“.
ქართველი სამხედრო დარწმუნებულია, რომ თუ დასავლეთი გააგრძელებს რუსეთის მე–20 საუკუნეში „გადაგდების“ პროცესს, ომი დიდხანს არ გაგრძელდება:
„უკრაინას კიდევ შესწევს ძალა. მათ [რუსეთს] 7 დღეში ჰქონდათ გათვლილი ყველაფრის დასრულება. არ გამოუვიდათ. დაწანწალებენ, მაღაზიებს ძარცვავენ, საწვავსაც ყიდიან – მძიმე მდგომარეობა აქვთ და თუ ზეწოლა [დასავლეთის] გაგრძელდა, აქ რასაც ვხედავ, იმაზე დაყრდნობით გეუბნებით, რომ ეს დიდი ხნის ომი არ იქნება“.
მე–19 დღეა, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ახორციელებს. იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები.