
რომელ ოლქშია ამომრჩეველთა ყველაზე დაბალი აქტივობა
19/05/2019 14:49:19 სხვა, საზოგადოება
17:00 საათის მონაცემებით, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა ყველაზე დაბალია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მთაწმინდაზე საკუთარი არჩევანი ამომრჩეველთა 26,6% - მა დააფიქსირა, რაც რაოდენობრივად არის 11 669 ამომრჩეველი. როგორც ცსკოს პრეს–სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, 2016 წლის საქართველოს პარლამენტის მეორე ტურის არჩევნებზე, ამავე საათის მონაცემებით, მაშინ ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 31,1%
ყველაზე მეტი აქტიურობით კვლავ საგარეჯო გამოირჩევა. აღნიშნულ მუნიციპალიტეტში კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 67,8%-მა, რაც რაოდენობრივად არის 309 ამომრჩეველი.
საგარეჯოს შემდეგ აქტივობით გამოირჩევა ხულო - 49,5% (11 931 ამომრჩეველი).
რაც შეეხება დანარჩენ მუნიციპალიტეტებს, ამომრჩეველთა აქტივობა შემდეგნაირად განაწილდა:
ახმეტა - 44,1% (538 ამომრჩეველი), მარნეული - 27,2% (27 098 ამომრჩეველი), ადიგენი - 45,8% (515 ამომრჩეველი), ზესტაფონი - 37% (20 325 ამომრჩეველი), ჭიათურა - 37% (15 890 ამომრჩეველი), ტყიბული - 33,9% (1208 ამომრჩეველი), წყალტუბო - 40,9% (1724 ამომრჩეველი), ოზურგეთი - 37,4% (1902 ამომრჩეველი), ზუგდიდი - 38,6% (46 702 ამომრჩეველი).
ამასთან, 17:00 საათის მონაცემებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ შესულია 68 საჩივარი, რომელთა ძირითადი ნაწილი მარნეულისა და ზუგდიდის საარჩევნო ოლქებში დაიწერა.
„საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში შესულია 68 საჩივარი. მათგან ზუგდიდში - 30, მარნეულში - 20, ზესტაფონში 5, ხულოში - 11, ოზურგეთში 1, თბილისში, მთაწმინდაზე -1.
საჩივრების ძირითადი ნაწილი შეეხება პროცედურულ ხარვეზებს. მაგალითად, მარნეულის ყიზილაჯლოს 89-ე საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, იყო ხმის განმეორებით მიცემის მცდელობა, თუმცა განმეორებით ხმის მიცემის ფაქტი არ დაფიქსირებულა. ამავე უბანზე გაძევებულ იქნა დამკვირვებელი გადაღების წესის დარღვევის გამო. მისი მხრიდან მცდელობა იყო, რომ გადაეღო სამაგიდო სიები და საარჩევნო კაბინა. გარდა ამისა, მისი მხრიდან იყო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლა,“ - განაცხადა ანა მიქელაძემ.