ხუნდაძე – "ალტ-ინფოს": "საქართველო რუსეთთან ომში რომ ჩაებას, ვის მხარეს იბრძოლებთ?"
15/03/2022 11:55:27 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე პრორუსულ „კონსერვატიულ პარტიას“ კითხვით მიმართავს, საქართველოს რუსეთთან ომში ჩაბმის შემთხვევაში ვის მხარეს იბრძოლებენ.
როგორც ხუნდაძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, დღეს ქვეყანას ერთიანობა ისე სჭირდება, როგორც არასდროს:
„არ შემიძლია, არ შევეხო ახლადდაფუძნებული „კონსერვატიული პარტიისა“ და მისი ტელევიზიის „ალტ-ინფოს“ ქმედებას და რუსული პოლიტიკის ღია პროპაგანდას. დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო სუნთქვაშეკრული უყურებს უკრაინის მოვლენებს, თუ როგორ ბომბავს რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას, ერთი კითხვა მაქვს მათთან: ხვალ რომ საქართველო რუსეთთან ომში ჩაებას, ვის მხარეს იბრძოლებთ? თუ ისევ დარჩებით საკუთარ ოფისებში? საქართველოში სიტყვის თავისუფლებაც და პარტიული არჩევანი ხელშეუხებელია, მაგრამ რადგან ასეთი კითხვა საზოგადოებაშიც ჩნდება, ე.ი. ეს პრობლემაა. დღეს ერთობა ისე, როგორც არასდროს, სჭირდება ქვეყანას. ერთმანეთს თუ დავაზიანებთ, მტერი აუცილებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა ხუნდაძემ
უკრაიანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის ფონზე „ალტ-ინფოს“ პარტია, პრორუსული „კონსერვატიული მოძრაობა“ აცხადებს, რომ რუსეთში გეგმავს სრული შემადგენლობით ვიზიტს.


