
"ჩვენმა მხარდამჭერებმა "ქართული ოცნების" ტრანსპორტით ისარგებლეს"
19/05/2019 15:27:14 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
გაერთიანებული ოპოზიციის განცხადებით, მათ "ქართული ოცნება" აიძულეს, კანონი დაერღვიათ. ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციურ კანდიდატებს არჩევნებზე მყარი პოზიციები აქვთ.
"ყველაფერი გავაკეთეთ ყველა ზეწოლის მექანიზმის წინააღმდეგ: 100–ობით მანქანა ჩამოიყვანეს ზუგდიდში, ფაქტობრივად გადავკეტეთ მათი მუშაობის პროცესი და მაქსიმალურად შევქმენით გარემო, რომელშიც თითოეულ ადამიანს აქვს ნების გამოხატვის შესაძლებლობა. თქვენს ხმას ვერავინ გააკონტროლებს. ჩვენი მონაცემებით, ძალიან მყარი პოზიციები გვაქვს, მაგრამ აქტივობა მნიშვნელოვანია. იყო პროვოკაციები, მაგრამ არ ავყევით, მშვიდობიანად მივყვებით პროცესს და ვაიძულეთ "ქართული ოცნება", ყოველ შემთხვევაში, აქამდე, რომ საარჩევნო კანონმდებლობა დაერღვია. ძალიან ბევრი ადამიანი მოიყვანეს საკუთარი ტრანსპორტით. დიდი მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს, რომლებმაც ისარგებლეს "ქართული ოცნების" ტრანსპორტით, ჩვენ ფინანსურად ცოტა შეზღუდულები ვართ",– განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, 20:00 საათის შემდეგ მთავარი ეტაპი დგება, როდესაც თითოეული ხმა დასაცავია.
"ყველა ხმა უნდა დავიცვათ საარჩევნო უბნებზე. "ქართული ოცნება" ბევრ რამეს შეეცდება ხმის დათვლის პროცესში. ცხელი ხაზი მუშაობს და ნებისმიერ დროს გავჩნდებით იქ, სადაც პრობლემა იქნება",– დასძინა ვაშაძემ.