Accentnews.ge
გადაარჩენს თუ არა დასავლეთი რუსეთს საგარეო დეფოლტს

გადაარჩენს თუ არა დასავლეთი რუსეთს საგარეო დეფოლტს

17/03/2022 10:02:54 ეკონომიკა

რუსეთის ფინანსთა სამინისტრო ირწმუნება, რომ ვალუტაში გადაიხადა დოლარში ნომინირებული სახელმწიფო ევროობლიგაციების ორი გამოშვების სარგებელი (კუპონი), რომელიც 117.2 მილიონ დოლარს შეადგენდა.

შესაბამისი განცხადება უწყებამ დღეს გაავრცელა. მასში აღნიშნულია, რომ ხსენებული თანხა ევროობლიგაციების ფინანსურ აგენტ Citibank-ის ლონდონის ფილიალში მიიმართა და ახლა სარგებლის დარიცხვა სწორედ ამ საკორესპონდენციო ბანკის პასუხისმგებლობას წარმოადგენს.

გადახდა უნდა ჩათვლილიყო რუსული აქტივების განბლოკვის შემთხვევაში აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს იმ ლიცენზიის ფარგლებში, რომელიც უფლებას აძლევს ინვესტორებს, რუსეთის სუვერენულ ევროობლიგაციებთან დაკავშირებული კუთვნილი გადახდები მინიმუმ, 25 მაისამდე მიიღონ. და როგორც დღეს CNN იუწყება, აშშ-მა საკორესპონდენციო ბანკს ნება დართო, ობლიგაციების მფლობელებს სარგებელი ჩარიცხვოდათ.

სახელმწიფო ვალის ვალუტაში მომსახურების კუთხით რუსეთს პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც დასავლეთის ქვეყნებმა მას უკრაინაში შეჭრის გამო ოქროსა და ვალუტის სახელმწიფო რეზერვები გაუყინეს. რუსეთის ფინანსთა სამინისტროს შეფასებით, შეზღუდვები შეეხო რუსეთის მთელი რეზერვების დაახლოებით ნახევარს - $300 მლრდ-ს. ამის შემდეგ ფინანსთა სამინისტრომ ინვესტორები გააფრთხილა, რომ რუსეთი "არამეგობრულ ქვეყნებს" ვალს რუბლში, თავისი ცენტრალური ბანკის კურსით გადაუხდიდა. თუმცა სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა განაცხადა, რომ რუბლში გადახდა რუსეთს დეფოლტად ჩაეთვლებოდა.

ეს საგარეო ვალის კუთხით რუსეთის პირველი მსხვილი დეფოლტი იქნებოდა 1917 წლის შემდეგ, როცა ბოლშევიკებმა უარი განაცხადეს მეფის რუსეთის ვალების გადახდაზე.

16 მარტს რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა შეცვლილი პოზიცია გააჟღერა და პირობა დადო, რომ "რუსეთი ყოველმხრივ ეცდება, საგარეო ვალები ვალუტაში იხადოს". ამასთან, მინისტრის მტკიცებით, რუსეთს "საამისოდ საკმარისი ვალუტა გააჩნია".

მიიმართა თუ არა ზემოთ ხსენებული 117.2 მლნ დოლარი სარგებლის (კუპონის) გადასახდელად რუსეთის გაყინული რეზერვიდან - ანუ იმ $300 მლრდ-დან, რომელიც, დასავლეთის გადაწყვეტილებით, უკრაინის ომისშემდგომ აღდგენას უნდა მოხმარდეს, ჯერ-ჯერობით გაურკვეველია. თუმცა თუ გაირკვევა, რომ ეს ასეა, გამოვა, რომ დასავლეთი რუსეთისგან კუთვნილი თანხების ამოსაღებად მის მიერვე დაწესებული სასანქციო პრინციპის წინააღმდეგ მიდის.

*****

რუსეთის სახელმწიფო საგარეო ვალი 2022 წლის თებერვლის მდომარეობით, 59.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა. აქედან უშუალოდ უცხოურ ვალუტაში ნომინირებული სესხის ოდენობა 18.7 მილიარდს უტოლდება.

აპრილის დასაწყისში რუსეთს სახელმწიფო ობლიგაციების სარგებლის მორიგი გადახდა უწევს, ამჯერად - 2 მლრდ დოლარის ოდენობით.

გარდა ამისა, არსებობს დასავლური ფინანსური ორგანიზაციების მიმართ რუსეთის კერძო უწყებებისა და სახელმწიფო კომპანიების საკმაოდ მოცულობითი საკრედიტო ვალდებულებებიც, რომელიც ჯამში 121 მილიარდ დოლარს შეადგენს.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა რუსეთის საკრედიტო რეიტინგი ბოლოს 8 მარტს განაახლა და ის დეფოლტის მკვეთად გაზრდილი რისკების გამო "C" -მდე შეამცირა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S