
გომელაური – ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ძალების შესაძლო გასვლაზე: "დაზუსტებული ფაქტები არავის აქვს და ვერავინ დაგვიდასტურებს"
17/03/2022 13:30:45 სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვს, გაჰყავს თუ არა რუსეთის ფედერაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ძალები.
„ამაზე საუბარი… მე არ ვთვლი, რომ ღია ეთერში (არ) უნდა ვისაუბროთ. თუ რა ტექნიკა შემოდის და გაჰყავთ, არის ოპერატიული ინფორმაცია, დაზუსტებული ფაქტები არავის აქვს და ვერავინ დაგვიდასტურებს, აქედან გამომდინარე ამაზე საუბარი არასერიოზული იქნება ჩემი მხრიდან“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ ცხინვალის მეოთხე რუსულ ბაზაზე განთავსებულ სამხედრო ტექნიკასა და კონტრაქტით მომუშავე სამხედრო პირებს უკრაინაში გზავნიან.
უკრაინაში სამხედროთა გამგზავრების შესახებ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია, თუმცა ოპოზიცია და ადგილობრივი მოსახლეობა ამას ადასტურებს.