
"12-ჯერ გაიზარდა რუსეთის იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც საქართველოში 24 თებერვლის შემდეგ შემოვიდნენ და დარჩნენ"
17/03/2022 14:06:15 სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან – 24 თებერვლიდან 16 მარტის ჩათვლით პერიოდში საქართველოში შემოსული ბელარუსის მოქალაქეთა რაოდენობა 10-ჯერ გაიზარდა, ხოლო 12-ჯერ გაიზარდა რუსეთის იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც საქართველოში შემოვიდნენ და დარჩნენ.
გომელაურმა აღნიშნა, რომ წელს საქართველოში შემოსულია რუსეთის 30 439 მოქალაქე. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში შემოსული იყო თითქმის ორჯერ მეტი. თუმცა, თუ მაშინ საქართველოში რუსეთის 64 008 მოქალაქე შემოვიდა, გავიდა 63 097, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში დარჩა ათასამდე ადამიანი.
მისი თქმით, 2022 წელს საქართველოში შემოსული 30 439 მოქალაქიდან საქართველოში დარჩა 12 ათასამდე მოქალაქე.
„არ ვიცი, გავლენ ალბათ, ზოგი გუდაურშია, ბაკურიანში არიან, ზოგი თბილისშია“, – განაცხადა მინისტრმა.
რაც შეეხება უკრაინის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლაა, მინისტრმა აღნიშნა, რომ 2019 წელს [იანვრიდან მარტამდე პერიოდში] უკრაინიდან 9 200 ადამიანი შემოვიდა, მიმდინარე წელს – 8 628 უკრაინელი.
“რაც შეეხება კონტროლს, ვმუშაობთ, ახლა უფრო მეტი კითხვები გვაქვს, რა თქმა უნდა, თავისი გაიდლაინები აქვს მესაზღვრეს, რატომ უშვებს და რატომ არა”, –განაცხადა გომელაურმა.
მისი თქმით, აღნიშნულ სტატისტიკას 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს ადარებს, რადგან 2020-2021 წლებში პანდემიის გამო უცხოეთიდან საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა პანდემიის გამო იყო შემცირებული.