
გომელაური: "ლაშქარავას თემაზე სამოქალაქო ინტერესი იმდენად დიდი იყო, იძულებული ვიყავით, ეს კადრები გაგვეშვა"
17/03/2022 14:35:29 სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, "შსს იძულებული იყო ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გადაადგილების კადრები განესაჯაროებინა"
მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, „სხვა გზა არ ჰქონდა“.
„ლაშქარავას თემაზე სამოქალაქო ინტერესი იმდენად დიდი იყო გახსოვთ თქვენ, ვიდეორგოლების გაშვების თემაზე სახელმწიფო ინსპექტორმა დაგვაჯარიმა, სამოქალაქო ინტერესი იმდენი იყო, იძულებული ვიყავით, ეს კადრები გაგვეშვა. თუმცა, ექსპერტიზის პასუხები არ იყო და აქედან გამომდინარე, ჩათვალა, რომ იყო დარღვევა და ამაზე დაგვაჯარიმა. გასაგები იყო და სწორი იყო, თუმცა, ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა“, - განაცხადა გომელაურმა.
ცნობისთვის: 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მიმართ აგრესიულად განწყობილმა ჰომოფობიურმა ჯგუფებმა 55 ადამიანზე იძალადეს. მათ შორის 53 მედიის წარმომადგენელია. თავდასხმის ერთ-ერთი მსხვერპლი, ტელეკომპანია "პირველის" ჟურნალისტი, სასტიკად ნაცემი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მიხედვით, ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინით" ინტოქსიკაციით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა.
იმის მიუხედავად, რომ ექსპერტიზის დასკვნაში საუბარია თვალბუდის ფსკერის დაზიანებაზე, მრავალფრაგმენტულ მოტეხილობაზე, სისხლნაჟღენთებსა და ნაჭდევებზე, ასევე თავის ტვინის შერყევაზე, ექსპერტი მათ სიკვდილის გამომწვევ მიზეზად არ მიიჩნევს.
"დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს დაზიანებები ერთობლიობაში აღებული ატარებენ ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანების ნიშნებს და არ იმყოფებიან მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან", - წერია დასკვნაში.
ამ დასკვნას ხელს აწერს ლაშქარავას წარმომადგენლების მხრიდან დამოუკიდებელ ექსპერტად ჩართული ალექსანდრე გეჯაძეც.
დასკვნის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ლაშქარავას ოჯახის ინტერესების დამცველი ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა გაიხსენა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი გარემოება, რაც ოჯახის უფლებადამცველებს კითხვებს უჩენთ გამოძიებასთან: ლექსო ლაშქარავას ცხედარი, მისი დედის წინააღმდეგობის მიუხედავად, ისე გადაასვენეს ექსპერტიზის ბიუროში, რომ მისი უფლებადამცველები ამ პროცესს არ ესწრებოდნენ, შესაბამისად, გვამი რამდენიმე საათის განმავლობაში მხოლოდ გამომძიებლების მეთვალყურეობის ქვეშ იყო.
"გვამის გამოკვლევის დროს ნანახი სიკვდილის შემდგომი გვამური მოვლენების მხედველობაში მიღებით მოქალაქე ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილიდან გვამის გამოკვლევამდე გასული უნდა იყოს დაახლოებით 14 საათი, ჰეროინის ინექციიდან სიკვდილამდე გასული უნდა იყოს საშუალოდ 10 წუთი - 3 საათის შუალედი", - წერია ექსპერტიზის დასკვნაში, რომელსაც ხელს 8 ადგილობრივი ექსპერტი აწერს.
12 ივლისს, მაშინ, როცა ლაშქარავა ჯერ კიდევ არ იყო დაკრძალული, თბილისში, რუსთაველის გამზირზე კი მრავალრიცხოვანი აქციები იმართებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაასაჯაროვა ლექსო ლაშქარავს გადაადგილების კადრები, რითაც რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა, ნარკოტიკული საშუალებებით ზედოზირება გამხდარიყო.
2022 წლის 11 თენერვალს 8–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც გამოძიების თანახმად, ლექსო ლაშქარავას ნარკოტიკი მიჰყიდა.