
ოკუპირებულ ცხინვალში დაკრძალეს პუტინის ომში დაღუპული ბაკაევი
17/03/2022 17:04:35 კონფლიქტები
ცხინვალში 17 მარტს დაასაფლავეს წარმოშობით ცხინვალელი ანდრეი ბაკაევი, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში დაიღუპა.
სერჟანტი ანდრეი ბაკაევი მსახურობდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების 58-ე არმიის ერთ-ერთ ქვედანაყოფში. ის 35 წლის იყო, დარჩა ორი შვილი. დაჯილდოებულია რუსეთის მამაცობის ორდენით (გარდაცვალების შემდგომ).
დაკრძალვას დაესწრო დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, რუსეთის ე.წ ელჩი დე ფაქტო რესპუბლიკაში მარატ კულახმეტოვი და ცხინვალში განთავსებული მე-4 სამხედრო საოკუპაციო ბაზის სამხედრო მაღალჩინოსნები. გარდაცვლილის სასახლეს დე ფაქტო რესპუბლიკის და რუსეთის ფედერაციის დროშები ჰქონდა გადაფარებული.
ბიბილოვის ბრძანებით, ანდრეი ბაკაევს სიკვდილის შემდეგ მიენიჭა მედალი „სამშობლოს დამცველი".
ბაკაევის ჩამოსვენებამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლები, რომლებიც მე-4 რუსულ სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მსახურობენ, უკრაინაში გაემგზავრნენ.