Accentnews.ge
"ქოლცენტრების" საქმე: ხაბეიშვილი კონკრეტულ გვარებსა და მისამართლებს ასახელებს

"ქოლცენტრების" საქმე: ხაბეიშვილი კონკრეტულ გვარებსა და მისამართლებს ასახელებს

17/03/2022 17:26:23 სამართალი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში "სამთავრობო საათზე" მყოფ შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწოდა, დაიწყოს გამოძიება ე.წ. ქოლცენტრების საქმეებზე და განაცხადა, რომ ტრანსნაციონალური დანაშაულის მონაწილეები არიან როგორც მოქმედი მინისტრები, ასევე ყოფილი მაღალჩინოსნები. ამ კონტექსტში მან დაასახელა მათ შორის ყოფილი მთავარი პროკურორი და შს ყოფილი მინისტრი.

"შემიძლია, ყველა მისამართზე გამოგყვეთ, სადაც თქვენ ინფორმაცია გაქვთ, რომ ქოლენტრებია და იმ ოფისის დახურვაში მოგეხმაროთ... თქვენ იცით, რომ ამ დანაშაულს ხელს აფარებს თქვენი მთავრობის მაღალჩინოსანი და, სავარაუდოდ, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი? არ იცით ამის შესახებ? თქვენს წინა მინისტრს, [ალექსანდრე] ჭიკაიძეს რომ ქოლცენტრები აქვს, იცით? გითხრათ მისამართი? ჭავჭავაძეზე აქვს - დამიძახეთ და მისამართს გეტყვით, ოღონდ მანამდე აალაგებს და სხვაგან გადაიტანს. [ოთარ] ფარცხალაძესაც აქვს [ყოფილ მთავარ პროკურორს]. ერთ-ერთი პარლამენტარია, აქ არ არის ახლა, მასაც აქვს ქოლცენტრები. აგერ მაქვს მისამართები... თქვენი ოფისი ჯერ ვერ ვიპოვე. კიდევ ერთ ინფორმაციას მოგაწვდით – თავდაცვის მინისტრი რომ არის, აქვს ქოლცენტრები. მეტსაც გეტყვით, მე მაქვს ინფორმაცია, რომ ბატონი ჯუანშერი [ბურჭულაძე] ამ ტრანსნაციონალურ დანაშაულს ჩადის თავდაცვის სამინისტროს შენობიდან. თუ ეს ასე არაა, შეგიძლიათ გამოძიებები დაიწყოთ და მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ. მე ყველა სიტყვაზე ვარ პასუხისმგებელი", - თქვა ხაბეიშვილმა.

სიტყვით გამოსვლის დროს ხაბეიშვილმა დაასახელა თბილისის რამდენიმე ქუჩა და კონკრეტული მისამართები, სადაც, მისი ინფორმაციით, ე.წ. ქოლცენტრებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურაა მოწყობილი.

ამ ბრალდების გამო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ლევან ხაბეიშვილს სასამართლოშიც უჩივლა. ლილუაშვილის ინტერესების დამცველის მტკიცებით, ე.წ. ქოლცენტრების საქმიანობასთან, თაღლითურ, კრიმინალურ თუ ფულის მოპარვის საქმეებთან ან რაიმე სახის დანაშაულებრივ ჯგუფებთან გრიგოლ ლილუაშვილის კავშირის შესახებ ინფორმაცია, არის სრული სიცრუე და ცილისწამება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 14 თებერვალს თქვა, რომ ე.წ. ქოლცენტრები საქართველოში წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ. უფრო ადრე მან დაასახელა – ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი.

ეს საკითხი საქართველოში აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გაწული წლის ოქტომბერში დანაშაულის გახსნის შესახებ გახდა ცნობილი: მაშინ პროკურატურაში განაცხადეს, რომ გერმანული მხარის დახმარებით გახსნეს ტრანსნაციონალური დანაშაული, რომლითაც გერმანიის მოქალაქეებს მოტყუებით მილიონობით ევრო გამოსძალეს. ამ საქმეზე შვიდი პირი დააკავეს. გამოძიების ვერსიით, "ქოლცენტრის თანამშრომლები წინასწარ შემუშავებული გეგმით, ცრუ სატელეფონო ნომრების გამოყენებით უკავშირდებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელებით, მათი კომპანიის ადგილსამყოფლის შესახებ აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით"; "ოპერატორები მომხმარებლებს არწმუნებდნენ, რომ მათი დახმარებით, ფასების ზრდა-შემცირებაზე ელექტრონული ვაჭრობის შემთხვევაში, შეძლებდნენ სოლიდური მოგების მიღებას. მომხმარებლისგან თანხმობის მიღების შემდგომ, მათგან ელექტრონული ვაჭრობისთვის გამოყოფილი თანხების განთავსება ხდებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S