
უკრაინის ომი და ირანის ბირთვული პროგრამა: აშშ-ის, ისრაელის, რუსეთისა და ირანის შეცვლილი ინტერესები
17/03/2022 20:18:02 ანალიზი
ერბილის ინციდენტი
დავიწყოთ ერაყის ამასწინანდელი ინციდენტით, რომელსაც უკრაინაშიც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. კერძოდ, სწრაფად გავრცელდა ალარმისტული ვარაუდი, "რაკი ირანმა ერაყის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმა განახორციელა, ეს აუცილებლად უკავშირდება რუსეთს, მაშასადამე – უკრაინაში მიმდინარე ომს და როგორც ჩანს, მესამე მსოფლიო ომი იწყებაო".
რეალურად, ამ მოვლენას უკრაინასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. ირანის სარაკეტო დარტყმები ჩრდილოეთ ერაყში მდებარე საქურთეთის ტერიტორიაზე, ცნობილზე აშშ-სთან თავისი მჭიდრო კავშირებით (აქ აშშ-ის სამხედრო და დიპლომატიური ობიექტებიც მდებარეობს), ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ განხორციელებულა. შემთხვევათა უმეტესობაში ეს იყო ირანის ერთგვარი გზავნილი, კერძოდ, უკმაყოფილების გამოხატვა ერაყში აშშ-ის წარმოდგენილობის მიმართ, ან ირან-ისრაელის დაპირისპირებას უკავშირებოდა (ირანსა და ისრაელს ხომ უკვე მრავალი წელია, ერთგვარი პროქსი ჰიბდირული ომი აქვთ რეგიონში, იმ ქვეყნების ტერიტორიებზე, სადაც მათი ინტერესები იკვეთება (სირია, ერაყი, ლიბანი), ბოლო წლებში კი ეს დაპირისპირება განსაკუთრებით გამწვავდა).
საყურადღებოა, რომ ირანის მიერ ქურთულ ერბილზე, კერძოდ აშშ-ის ახალაშენებული საკონსულოს (შენობაში ჯერ არავინ სახლობს ან/და მუშაობს) მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას არც ნგრევა მოჰყოლია, არც მსხვერპლი. არადა ვიცით, რომ ირანს უდავოდ გააჩნია შესაძლებლობა, ზუსტი წერტილოვანი დარტყმები განახორციელოს. მაშასადამე, უნდა ვიფიქროთ, რომ ამჯერადაც საქმე გვქონდა მის ერთგვარ გზავნილთან. და ეს გზავნილი, მაღალი ალბათობით, უკავშირდებოდა სამი უკმაყოფილებიდან რომელიმეს ან რამდენიმეს: 1) უკმაყოფილებას რეგიონში ისრაელის წარმოდგენილობის გაზრდით (ბოლო წლის განმავლობაში მან საქურთეთში, ირანის საზღვრის სიახლოვეს სადაზვერვო ქსელი გაშალა, რასაც ირანი სერიოზულ საფრთხედ აღიქვამს); 2) უკმაყოფილებას ერაყში კოალიციური მოლაპარაკებების მიმდინარეობით (გასული წლის ოქტომბერში ერაყში იყო არჩევნები, ამჟამად ახალი მთავრობის ფორმირების თემაზე პროირანული და ანტიირანული ძალების მონაწილეობით კოალიციური მოლაპარაკებები გრძელდება და ირანი უკმაყოფილოა მათი ბოლოდროინდელი განვითარებით, შიშობს რა, რომ პროამერიკული ერაყული პოლიტიკური ძალები და ნაციონალისტები პოლიტიკური ველიდან პროირანული ძალების გაძევებას ეცდებიან); 3) უკმაყოფილებას ბირთვული შეთანხმების ირგვლივ მიმდინარე მოლაპარაკებებით (ამ დღეებში ირანის საგარეო უწყებამ გაავრცელა კრიტიკული განცხადება იმის შესახებ, რომ აშშ-მა "კვლავ წამოაყენა ახალი მოთხოვნები, რომლებიც მის უწინდელ პოზიციას ეწინააღმდეგება"). ირანის საგარეო უწყების აი ამ განცხადების შემდეგ მალევე განხორციელდა ზემოთხსენებული საჰაერო იერიში, რომელიც, ერთ-ერთ ვერსიად მოლაპარაკებებზე ზეწოლის მცდელობად შეიძლება, იქნას განხილული.
როგორც ვხედავთ, უკრაინაში მიმდინარე ომი აქ აბსოლუტურად არაფერ შუაშია, ხოლო ალარმისტთა არგუმენტი იმის შესახებ, რომ “ირანი და რუსეთი მეგობრული სახელმწიფოებია, რუსეთს კი ახლა უკრაინაში ომი აქვს და ეს საჰაერო იერიში დამთხვევა არ იქნებოდა”, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული.
არიან თუ არა ირანი და რუსეთი მეგობრები ან თუნდაც პარტნიორები?
უპირველესად, ირანი და რუსეთი არც მეგობრები არიან, არც მოკავშირეები. მათ, საუკეთესო შემთხვევაში, სიტუაციური პარტნიორები შეიძლება, ვუწოდოთ.
ის კი არა, ახლო აღმოსავლეთში ისინი მოწინააღმდეგეებიც კი არიან – კონკურენტები რეგიონული გავლენისა და რესურსებისთვის ბრძოლაში. იმავე სირიაში, მაგალითად, ირანმა და რუსეთმა მართალია, მიაღწიეს გარკვეულ ურთიერთგაგებასა და ფორმატს, რომელშიც თანაარსებობა შეუძლიათ, მაგრამ მათ სრულიად განსხვავებული ინტერესები, მათ შორის სირიის მომავლის სრულიად განსხვავებული ხედვები გააჩნიათ. მაგალითად, რუსეთს გაცილებით მჭიდრო კავშირები აქვს ისრაელთან, ვიდრე ირანთან.
ასე, რომ ზოგიერთების მოსაზრება, თითქოს ირანი რუსეთის მიერ "მართვადი" იყოს, ძალზე ზედაპირული და მე ვიტყოდი, უსაფუძვლოც კია.
****
რომ შევაჯამოთ, ირან-ერაყის ეს ისტორია არავითარ კავშირში არაა არც უკრაინასთან, არც უკრაინულ ომთან და მესამე მსოფლიო ომის პერსპექტივასთან. ეს შეხსენება უფროა თითოეული ჩვენგანისთვის იმისა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომს მიღმა მსოფლიოში გრძელდება სხვა პროცესებიც, რომლებიც ომის შედეგის მოლოდინში არ გაყინულა.
სხვა საკითხია, რომ უკრაინის ომი ირიბად ირანის ბირთვული პროგრამის ირგლივ მოლაპარაკებებზეც აისახა, თანაც არაერთი მიმართულებით და მე ვიტყოდი, საგრძნობლადაც.
ომი უკრაინაში, ანტირუსული სანქციები და ირანის ბირთვული შეთანხმება
ირანის საგარეო უწყების განცხადება აშშ-ის მიერ ბირთვული შეთანხმების ირგვლივ მოლაპარაკებებზე ახალი მოთხოვნების წაყენების თაობაზე ერთგვარ წინააღმდეგობაში მოდის გავრცელებულ ინფორმაციასთან, რომლის თანახმად, დასავლეთის მიერ უკრაინის გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესებისა და მათ ფარგლებში რუსულ ნავთობზე დამოკიდებულებისგან ეტაპობრივი გათავისუფლებისკენ სწრაფვაში აშშ, ირანულ ნავთობზე დასავლეთის წვდომის გაზრდილი საჭიროებიდან გამომდინარე, თეირანისთვის სანქციების შესუსტებაზე ფიქრობს.
ამერიკული მხარე ამ თემაზე ღიად საუბარს თავს არიდებს. "ამერიკულ მოთხოვნებზე" საუბრისას დეტალები არც თეირანს დაუკონკრეტებია. ამდენად, შეგვიძლია, მხოლოდ ვივარაუდოთ. და ჩემი ვარაუდით, ამერიკული მოთხოვნები შეიძლება, უკავშირდებოდეს ირანის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების მოხსნას – საკვანძო საკითხს, რომელიც ამჟამად ყველას აინტერესებს.
როგორც ცნობილია, ირანი მის მიმართ მოქმედი ყველა სანქციის ერთბაშად მოხსნას მოითხოვს და აცხადებს, რომ მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაუბრუნდნენ მხარეები ბირთვულ შეთანხმებას. ამერიკელები კი ამაზე ვერ წავლენ - თუნდაც იმიტომ, რომ მათი ხედვით, ეს ერთგვარ დათმობად, სისუსტედ წარმოჩინდებოდა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, აშშ-ის მხრიდან შეთავაზებული იყო სანქციების საფეხურებრივი გაუქმება: იხსნება, ვთქვათ, სანქციების პირველი ნაწილი – და ირანი უბრუნდება ბირთვულ შეთანხმებას, მერე იხსნება მეორე ნაწილი - და იქმნება ვერიფიკაციის გარკვეული მექანიზმი იმაში დასარწმუნებლად, რომ ირანი შეთანხმების თავის ნაწილს ნამდვილად ასრულებს... ანუ, ამერიკელებს სურთ, აღდგეს ის მექანიზმი, რომელიც 2015 წლის შემდეგ არსებობდა, ითვალისწინებდა სანქციების ეტაპობრივ მოხსნას და დაახლოებით 10 წელზე იყო გაწერილი.
მაგრამ ამ ყველაფრის აღდგენა მარტივი არ იქნება. შეგახსენებთ, რომ თავად მოლაპარაკებებიც, რომელმაც ირანი და აშშ 2015 წელს ბირთვული შეთანხმების ხელმოწერამდე მიიყვანა, 10 წელს გრძელდებოდა და ახლა ამის ერთ წელიწადში აღდგენა მარტივი ნამდვილად არ იქნება, მით უფრო - შეცვლილ ვითარებაში.
აქ გასათვალისწინებელია კიდევ ერთი მომენტი – ის, რომ არავის არაფრის გარანტირება შეუძლია: ამერიკელები ვერ აძლევენ ირანელებს იმის გარანტიას, რომ მომავალ არჩევნებში რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაში აშშ შეთანხმებიდან კვლავ არ გავა. ასეთ პირობებში ირანელები ამბობენ: რაკი გარანტიები არ არსებობს, მოდით, გავაფორმოთ დროებითი შეთანხმება, მაგრამ მაშინ ახალ მოთხოვნებს ნუ წამოაყენებთო. თეირანის პოზიციას შეიძება, გავუგოთ. ის უკმაყოფილოა და საუბრის დასაწისში ხსენებული სარაკეტო დარტყმაც, ჩემი აზრით, ირანის მხრიდან ამ პროცესზე ზეწოლის მცდელობასთან შეიძლებოდა, ყოფილიყო დაკავშირებული.
თავის მხრივ, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მართლაც სურს, სანქციებს დაქვემდებარებული ირანული ნავთობი ბაზარზე შეუშვას “შავი ოქროს” ფასების დასაწევად და ამ გზით რუსეთისთვის ფინანსური რისკების გასაზრდელად. რუსული ენერგორესურსების იმპორტზე ემბარგოს დაწესება ხომ მოსკოვზე ზეწოლის საკვანძო საშუალებაა. მაგრამ მოგეხსენებათ, ამჟამად სრული ემბარგო შეუძლებელია: ევროპული ქვეყნები მყისიერად ვერ იტყვიან უარს რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტზე, რადგან ამ წუთში მათი სრულად ჩამნაცვლებელი არაფერი მოეპოვებათ. შესაბამისად, რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების განულება თანდათანობითი პროცესი იქნება და ამ პირობებში რუსეთზე წნეხის გაზრდის ერთ-ერთ მძლავრ ინსტრუმენტად აშშ-ს უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ნავთობის მზარდი ფასების შემცირება მიაჩნია.
ამავდროულად, ბაიდენის ადმინისტრაცია აცნობიერებს, რომ იდეა "ბირთვული შეთანხმება ნებისმიერ ფასად" მას დიდ პრობლემას შეუქმნიდა მომავალ არჩევნებზე: გამოიწვევდა კრიტიკას როგორც პოლიტიკური ოპონენტების, ისე თანაპარტიელების მხრიდან, დაუქვეითებდა რეიტინგს, რადგან ეს ამერიკული საზოგადოებისთვის ერთგვარად “ტოქსიკური” თემაა. ასე, რომ აშშ-ის ხელისუფლებას ახლა ირანთან მიმართებაში ლავირების თავისუფლება არ აქვს.
ისრაელის პოზიცია
გარდა ამისა, "ბირთვული შეთანხმება ნებისმიერ ფასად" გააღიზიანებდა ისრაელსაც, რომელიც აქტიურ ლობირებას ეწევა ბირთვული შეთანხმების გაფორმების წინააღმდეგ.
დარწმუნებული ვარ, უკრაინასა და რუსეთს შორის ისრაელის შუამავლობის საკითხის გარდა, ესეც წარმოადგენდა განხილვის ერთ-ერთ ცენტრალურ თემას ისრაელის პრემიერ ნაფტალი ბენეტის მოსკოვში ამასწინანდელი ვიზიტის დროს: უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ხომ ბირთვულ შეთანხმებაზე აშშ-ირანის მოლაპარაკებათა პროცესის ფორსირება მოახდინა.
რუსეთის პრევენციული დარტყმა
დასასრულს აუცილებელია, აღინიშნოს აშშ-ირანის მოლაპარაკებებზე რუსეთის გავლენის ფაქტორიც. მოსკოვი ამ მოლაპარაკებებში მხარედ ტყუილად როდი ფიგურირებს – მას ირანის ბირთვულ პროგრამასთან მიმართებაში ძალზე მკაფიოდ განსაზღვრული, გამოკვეთილი ფუნქცია აქვს: 1) ირანის ერთ-ერთი ბირთვული ობიექტის – ფორდოს გადაპროფილირებას (ე.წ. მშვიდობიანი ატომის პროგრამაზე გადაყვანას) სწორედ რუსეთის შესაბამისი კომპანიები და სპეციალისტები ახორციელებენ, რომელთაც შესაბამისი ცოდნა, გამოცდილება, უნარები გააჩნიათ; 2) რუსეთს გარიგების ფარგლებში ირანისგან გამდიდრებული ურანი მიჰქონდა და მას ბუნებრივში ცვლიდა (ამ გზით ირანის მარაგში მცირდებოდა ის ურანი, რომლის გამოყენებაც ქვეყანას თეორიულად, ბირთვული იარაღის შესაქმნელად შეეძლო).
ამასწინათ გამოცემა “პოლიტიკოში” გამოქვეყნებულ სტატიაში აშშ-ირანის მიერ ბირთვული შეთანხმების რუსეთის გარეშე გაფორმების შესაძლებლობა განიხილებოდა. თეორიულად, მსგავსი რამ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკულად, ასეთ შემთხვევაში აუცილებელი იქნება ზემოთ ხსენებული ფუნქციების შესრულებაში რუსეთის ჩამნაცვლებლის მოძიება, ეს კი მარტივი ნამდვილად არ უნდა იყოს: საჭიროა სხვა რომელიმე ბირთვული სახელმწიფო, შესაბამისად მომზადებული ტექნიკური პერსონალით. ეს ფუნქცია შეიძლებოდა, ეკისრათ, მაგალითად, ყაზახეთს ან ჩინეთს, თუმცა მოგეხსენებათ, რომ აშშ-ს ორივესთან (განსაკუთრებით ჩინეთთან) არცთუ მარტივი ურთიერთობები გააჩნია და არა მგონია, ამ პროცესში ჩართვით ამერიკამ ჩინეთის გეოსტრატეგიული როლის კიდევ უფრო გაზრდა მოინდომოს.
ამასობაში რუსეთი, რომელმაც, როგორც ვიცით, უკრაინის მიმართ საკუთარი ქმედებებით ფაქტობრივად კუთხეში მიიმწყვდია თავი, ახლა ნებისმიერ შანსს ეჭიდება და მათ შორის ბირთვული შეთანხმების ირგვლივ მოლაპარაკებათა პროცესზე ზეგავლენასაც ცდილობს. ამის ილუსტრირებისთვის შეგვიძლია, მოვიყვანოთ სულ ახალი - რამდენიმე დღის წინანდელი მაგალითიც: მოსკოვის წარმომადგენლებმა მოულოდნელად ახალი მოთხოვნები წამოაყენეს, კერძოდ, მოსთხოვეს სხვა მონაწილე ქვეყნებს წერილობითი გარანტიები იმისა, რომ თუკი ირანი სანქციებისგან გათავისუფლდება და სხვა ქვეყნებს მასთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით თავისუფლება მიენიჭებათ, ამის შესაძლებლობა რუსეთსაც მიეცეს.
კი, მაგრამ ეს ხომ უკრაინასთან ომის გამო ახლა უკვე რუსეთისთვის დაწესებული დასავლური სანქციების გვერდის ავლა იქნებოდა, რაზეც დასავლეთი ვერ წავა.
მაგრამ რუსეთის ეს მოთხოვნები არასასიამოვნო მოულოდნელობად უპირველესად ირანს ექცა. ქვეყნის უსაფრთხოების უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ამასთან დაკავშირებით საჯარო კრიტიკული განცხადებაც კი გააკეთა რუსეთზე მინიშნებით, “ზოგიერთი ქვეყნები საკუთარი შეცვლილი ინტერესების გამო მოლაპარაკებათა პროცესს კრახის რისკის წინაშე აყენებენო”.
და ეს გასაგებია: რუსეთის მოთხოვნა ხომ ფაქტობრივად, ორ არჩევანს ტოვებს: 1) ეს მოთხოვნა შესრულდეს, მაგრამ ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი პრეცედენტული დარტყმა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის ამჟამინდელ სასანქციო პოლიტიკაზე, ან 2) არ შესრულდეს, მაგრამ მაშინ მოსაძიებელი ხდება გზა, როგორ მოიშორონ რუსეთი ბირთვული პროგრამის ირგვლივ მოლაპარაკებებიდან და მაშასადამე, იპოვონ მისი ფუნქციური ჩამნაცვლებელი ბირთვული სახელმწიფოც. ეს კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მრავალი ფაქტორის გამო არაა მარტივი და ყველა შემთხვევაში, ისედაც “დაპაუზებულ” მოლაპარაკებებს კიდევ უფრო შეაფერხებდა.
ამგვარად, რუსეთმა მოლაპარაკებათა პროცესზე ერთგვარი პრევენტიული დარტყმა განახორციელა, აცნობიერებს რა, რომ ირანული ნავთობის მსოფლიო ბაზარზე დაბრუნება ახლა სულ არაფერში აწყობს.
და ეს კიდევ ერთი მაგალითია იმის ილუსტრირებისთვის, რომ ირანი და რუსეთი მხოლოდ სიტუაციურ პარტნიორებად თუ შეიძლება, მოვიაზროთ, ისიც - მხოლოდ ცალკეულ კონკრეტულ საკითხებში.
ილია კუსა – უკრაინის მომავლის ინსტიტუტის ანალიტიკური ცენტრის საერთაშორისო პოლიტიკის საკითხთა ექსპერტი