
უკრაინის ცა “No fly”-ს გარეშე იკეტება
18/03/2022 07:11:05 ანალიზი
16 მარტს მსოფლიომ სადღეისოდ ალბათ, ყველაზე აქტუალური სამი ლიდერის – უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების გამოსვლები იხილა. მსგავსი კვლევა არავის ჩაუტარებია, მაგრამ რომ ჩაეტარებინა, თითქმის დარწმუნებული ვარ, მსმენელთა აბსოლუტური უმრავლესობის სიმპათიების რეიტინგში ვოლოდიმირ ზელენსკი უპირობო ლიდერი იქნებოდა. ჯო ბაიდენის შემთხვევაში ხმები, მაღალი ალბათობით, გაიყოფოდა. ვლადიმირ პუტინის მაჩვენებელზე კი საუბარიც არ ღირს – მას ხომ ცივილიზებულ სამყაროში რეიტინგი არც ამ გამოსვლამდე ეზომებოდა. ერთადერთი, რისი აღნიშნვაც ამმხრივ შეიძლება, ღირდეს, ისაა, რომ მოარული ხმები ბოლოხანს უმთავრესად ბუნკერში მჯდომი ამ ადამიანის რეალობისგან სრული აცდენის შესახებ ამჯერად უკვე საჯაროდ, ცალსახად და საბოლოოდ დადასტურდა.
ამის საპირისპიროდ, ვოლოდიმირ ზელენსკის ბოლოდროინდელი გამოსვლები ერთი მეორეზე შთამბეჭდავია. უკვე მერამდენედ, მსმენელთა მთელი აუდიტორია მას ფეხზე წამოდგომითა და ხანგრძლივი მხურვალე ტაშით აჯილდოებს. ასე მოხდა 16 მარტსაც. ამბობენ, აშშ-ის კონგრესის ორივე პალატის წარმომადგენლებისადმი მისი ვიდეომიმართვის შემდეგ არაერთი ამერიკელი პარლამენტარი ცრემლს იწმენდდა. ამერიკულ მედიასაშუალებებში კი ზელენსკის ეს გამოსვლა 1941 წლის დეკემბერში ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი უინსტონ ჩერჩილის აშშ-ის კონგრესისადმი ლეგენდარულ მიმართვას შეადარეს.
აშშ-ისადმი ზელენსკის თხოვნა კვლავ უკრაინული ცის “ჩაკეტვაში” მდგომარეობდა. "დავიჯერო, მეტისმეტია, როცა გთხოვთ, დაგვეხმაროთ, რომ რუსეთმა შეწყვიტოს ჩვენი თავისუფალი ქალაქების ტერორი? თუ ეს მეტისმეტია, მაშინ გთავაზობთ ალტერნატივას: მძლავრ ავიაციას შეუძლია, დაიცვას ჩვენი ხალხი, მიწა და თავისუფლება - არა მარტო უკრაინა, არამედ ევროპაც! თქვენ ის გაქვთ, მაგრამ ეს ყველაფერი ამ დრომდე მიწაზეა და არა უკრაინის ცაში! ყველასათვის ცნობილია [მარტინ ლუტერ კინგის – რედ.] ფრაზა – "მე მაქვს ოცნება". მე კი მაქვს საჭიროება – ჩვენი ცის დაცვის აუცილებლობა და ამაში თქვენი დახმარება, თქვენი გადაწყვეტილება მჭირდება", – მიმართა კონგრესმენებს ზელენსკიმ.
ამასთან, მას არც აშშ-ის პრეზიდენტზე მორალური თუ პოლიტიკური ზემოქმედების შანსი გაუშვია ხელიდან. “თქვენ თქვენი ერის ლიდერი ბრძანდებით, მაგრამ დღეს აღარაა საკმარისი, იყო ქვეყნის ლიდერი - უნდა იყო მსოფლიოს ლიდერიც, მსოფლიო ლიდერობა კი დღეს მშვიდობის ლიდერობას ნიშნავს. [...] ვერ ვხედავ სიცოცხლის აზრს, თუკი შეუძლებელია სიკვდილის შეჩერება” – მიმართა ჯოზეფ ბაიდენს უკრაინის პრეზიდენტმა.
და მაინც, კონგრესმენთა მხურვალე ტაშის მიჩუმებიდან სულ რაღაც საათნახევარში აშშ-ის ლიდერმა კიევს როგორც უპილოტო ზონაზე (ცის “ჩაკეტვაზე”), ისე თვითმფრინავებზე უარი უთხრა – ისევე, როგორც რამდენიმე საათით ადრე, თავდაცვის მინისტერიალის საერთო გადაწყვეტილებით – ნატო-მ.
ამ საკითხში დასავლელი პარტნიორების განგრძობადი თავშეკავება საქმის არსში არასაკმარისად ჩახედულთ უკვე ძალიან აღიზიანებთ. სოცქსელებში წააწყდებით უამრავ მსგავს კომენტარს: “აშშ-მაც, ევროპამაც, ნატო-მაც უკრაინა რუსეთის წინაშე ფარად აიფარეს და ჩვეული შეშფოთება-გადაშფოთებით განაგრძობენ თვალის დევნებას იმისათვის, როგორ აუძლურებს ნელ-ნელა რუსეთს უკრაინაში ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ხოცვა”.
ბოლო დრომდე გაუგებარი იყო დასავლეთის მსგავსი ქცევა უკრაინის ხელისუფლებისთვისაც. კონგრესის წინაშე პრეზიდენტ ზელენსკის გამოსვლის წინა დღეს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ “დიპლომატიური გამოცანა” უწოდა ამასწინანდელ ისტორიას, რომელიც პოლონეთის მიერ უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემის მზადყოფნის გამოთქმით დაიწყო, მაგრამ საბოლოოდ მათი არგადაცემით დასრულდა (დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში მოარული ხმების თანახმად, რომ არა ჟოზეპ ბორელის წინდაუხედავი საჯარო ანონსი, რომელზეც მოსკოვმა სასწრაფოდ მუქარის შემცველი რეაგირება მოახდინა, პოლონეთის “МИГ”-ები შესაძლოა, უკვე უკრაინის განკარგულებაში ყოფილიყო).
მართლაც, შეუძლებელია, არათუ უკრაინის ხელისუფლების წარომადგენელს, უკრაინაში რუსეთის ბარბაროსული ქმედებების შემხედვარე ნებისმიერ ნორმალურ ადამიანსაც არ ამწარებდეს აზრი, რომ მსოფლიოში ვიღაცას ამ კოშმარის შეწყვეტა შეუძლია, მაგრამ ამას ამ დრომდე არ აკეთებს.
თუმცა მოდით, გავერკვეთ საკითხის არსში – იმაში, თუ რას წარმოადგენს ეს “ცის ჩაკეტვა”, იგივე “უპილოტო”, ან გნებავთ, “არასაფრენი” ზონა (“No-fly”). პრაქტიკაში ეს ნიშნავს მტრის გამანადგურებლებისგან დაცული ზონის შექმნას. წარმოიდგინეთ: აღმოსავლეთ ევროპაში არსებული ნატო-ს საავიაციო ბაზებიდან აფრენილი ამერიკული (ან სხვა დასავლელი პარტნიორების) თვითმფრინავები ჰაერში ადიან, ამ “No-fly”-ზონაში პატრულირებენ და მასში რუსული გამანადგურებლების გამოჩენის შემთხვევაში ვალდებულები არიან, ისინი ჩამოაგდონ. ესაა მთელი არსი. მაგრამ ეს ყველაფერი სრულიად უსარგებლოა რაკეტებისგან უკრაინის დაცვის თვალსაზრისით: დასავლური თვითმფრინავები ჩამოაგდებენ რუსულს, მაგრამ უძლურები იქნებიან რუსული რაკეტების განეიტრალების კუთხით. არადა, როგორც უკრაინის ბოლო ორი კვირის მოვლენებმა გვიჩვენა, რუსული საბრძოლო ავიაცია ისედაც საგრძნობლადაა შეთხელებული როგორც საფრენი აპარატების რაოდენობის, ისე კვალიფიციური პილოტების რიცხოვნობის კუთხით. ამიტომაა, რომ ბოლო დღეებში რუსეთმა საგრძნობლად მოუხშირა უკრაინულ ქალაქებზე ბარბაროსულ საჰაერო შეტევებს, როლებიც ქვეყნის ტერიტორიის ფარგლებს გარედან – სარაკეტო სისტემების ღილაკებზე დაჭერით ხორციელდება. “ჩაკეტილი ცის” იდეა კი უკრაინას ამ უმთავრეს - სარაკეტო საფრთხეს ვერ უნეიტრალებს, სამაგიეროდ ქმნის ვითარების მესამე მსოფლიო და ამასთანავე, პირველ ბირთვულ ომში გადაზრდის რეალურ რისკს: ამერიკულმა თვითმფრინავმა ჩამოაგდო რუსული, რუსეთმა საპასუხო ნაბიჯი გადადგა, ამას აშშ-ის პასუხის პასუხი მოჰყვა – და იწყება სწრაფი ესკალაცია, რომლის საბოლოო შედეგების წინასწარ განსაზღვრა რთულია, განსაკუთრებით – პუტინის ბოლოდროინელი მოქმედებების უგუნურებისა და უმართავობის გათვალისწინებით.
ამდენად, ცის “ჩაკეტვის” იდეა რეალურად, გაცილებით ნაკლები სარგებლის მომტანი იქნებოდა უკრაინისთვის, ვიდრე რისკებისა – როგორც კიევისთვის, ისე მთელი დანარჩენი მსოფლიოსთვის და დასავლეთიც მისგან სწორედ ამ მიზეზით იკავებს თავს.
მაგრამ რა შეიძლება, გაკეთდეს ასეთ ვითარებაში? რაღაცამ ხომ უნდა შეაჩეროს რუსული რაკეტები? ასე ხომ დიდხანს ვერ გაგრძელდება? ყოველდღიურად იხოცებიან უდანაშაულო მოქალაქეები, ნადგურდება უკრაინული ქალაქები… გამოსავალი, ექსპერტების აზრით, “მიწა-ცის” ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებია – ისეთები, როგორიცაა “ბუკი”, ან იგივე “კოლჩუგა” (რომელიც, სხვათა შორის, კუჩმას პრეზიდენტობის პერიოდში უკრაინის შეიარაღებული ძალების არსენალში იყო და მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად ითვლებოდა, თუმცა მისი შემდგომი ბედი დღეს აღარავინ იცის), ან S-300… და ბაიდენის მიერ გამოცხადებულ ახალ პაკეტში უკრაინის ეს საჭიროება გათვალისწინებულია.
სულ, ამ $800 მლნ-იანი ახალი პაკეტისა და წინა წელს უკრაინის სამხედრო დახმარებაზე გამოყოფილი $1,2 მლრდ-ის ჩათვლით, ამ მიმართულებით აშშ-ს 2 მლრდ დოლარი აქვს დახარჯული. ამას ემატება ამასწინათ დამტკიცებული 13,6 მლრდ-იც, რომელიც როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებაზე მიიმართება.
რაც შეეხება ამ ხნის განმავლობაში უკრაინის მიერ მიღებულ შეიარაღებას, ბოლო ორი თვის განმავლობაში ქვეყანას გადაეცა “ჯაველინის” 17 000 რაკეტა, ახალი პაკეტით კი გათვალისწინებულია კიდევ 9 000-ის მიწოდება და ჯამში უკვე 26 000 გამოვა მიწოდებული. ამას ემატება ბრიტანეთის, დანიის, შვედეთის მიერ გადაცემული ათასობით უახლესი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტაც, სულ – 30 000-ზე მეტი და ჯამში ეს ყველაფერი, ექსპერტების გათვლით, სრულიად საკმარისია რუსეთის შეიარაღებული ძალების მთელი სატანკო არმადის გასანადგურებლად.
რაც შეეხება “მიწა-ცის” ტიპის რაკეტებს, ამჯერად პრეზიდენტმა ბაიდენმა 800 ერთეული “სტინგერის” გადაცემა დააანონსა. წინა ორი თვის განმავლობაში უკრაინას უკვე მიეწოდა 200 ერთეული და ჯამში უკვე 1000 ერთეული იქნება გადაცემული, რაც, ექსპერტების მონაცემებით, ორჯერ აღემატება რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების საჰაერო ხომალდების საერთო რაოდენობას. ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რომ ოფიციალური განცხადებით, პუტინმა უკრაინული ფრონტისთვის რუსეთის ძალთა დაახლოებით ნახევარი “გაიმეტა” და შესაბამისად, ომს ჯამში საშუალოდ 200-250 საჰაერო ხომალდს “ახარჯავს”, გამოდის, რომ თითო რუსულ თვითმფრინავზე უკრაინამ 4 “სტინგერი” მიიღო.
გარდა ამისა, ბაიდენს გამოცხადებული აქვს უახლესი ამერიკული დრონების გადაცემა, რომლებიც გამოირჩევიან ჰაერში ხანგრძლივი ყოფნისა და თვალსაწიერს (ჰორიზონტს) მიღმა მყოფი სამიზნეების განადგურების შესაძლებლობით, ხოლო სამიზნის შერჩევის შემდეგ მისკენ მიემართებიან და თავად ეჯახებიან მართვადი რაკეტის პრინციპით.
გარდა ამისა, საუბარია “მიწა-ცის” ტიპის უახლესი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების, კერძოდ ბრიტანული “სთარსთრიქის” მიწოდებაზე: “სამხედრო ტექნიკის საოცრებად” ცნობილი ეს სისტემები უახლოეს ხანებში რუსულ ავიაციას უკრაინაში აშკარად დიდ პრობლემებს შეუქმნის.
ამასთან, როგორც ამერიკელი ექსპერტები აღნიშნავენ, უკრაინისთვის გათვალისწინებული სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი “მიწა-ცის” ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის “სხვა სისტემებსაც ითვალისწინებს, რომელიც, ჟოზეპ ბორელისა და პოლონეთის МИГ-ების ამასწინანდელი ისტორიის გათვალისწინებით, ბაიდენმა საჯაროდ აღარ დაასახელა”. მათივე ვარაუდით, საუბარია სწორედ S-300-ებზე.
ამგვარად, შეიარაღების ახალი პარტიის მიწოდების შემდეგ უკრაინა სრულად “ჩაკეტილ” ცას – არა, მაგრამ აგრესორის საჰაერო ძალისხმევის უდიდესწილად განეიტრალების რეალურ შესაძლებლობას ნამდვილად მიიღებს.
და ეს დასასრული არ არის. "ჩვენც და ჩვენი მოკავშირეებიც უკრაინისთვის დახმარების მიწოდებას სამომავლოდაც გავაგრძელებთ, თანაც მზარდი მოცულობებით. ეს შეიძლება, ხანგრძლივი და მძიმე ბრძოლა აღმოჩნდეს, მაგრამ ამერიკელი ხალხი მტკიცედ დაუჭერს მხარს უკრაინელებს პუტინის უზნეო და არაეთიკური თავდასხმისგან თავდაცვაში", – განაცხადა გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა.