Accentnews.ge
“პუტინის სამუშაო მაგიდაზე ახლა ორი ვარიანტი დევს განსახილველად: ომის გაგრძელება დღეს, ან ახალი ომი ერთ-ორ წელიწადში”

“პუტინის სამუშაო მაგიდაზე ახლა ორი ვარიანტი დევს განსახილველად: ომის გაგრძელება დღეს, ან ახალი ომი ერთ-ორ წელიწადში”

18/03/2022 15:30:01 ანალიზი

გუშინ, 17 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მისი ქმედებები “რუსეთის სუბიექტობის შენარჩუნებაზეა” მიმართული. ბევრმა ეს მისი მხრიდან რუსეთის სუბიექტობის კითხვის ნიშნის ქვეშ პირველ საჯარო დაყენებად აღიქვა.

ანალიტიკოსი ვიტალი პორტნიკოვი მათ რიცხვს არ მიეკუთვნება. მისი აზრით, პუტინი რუსეთის სუბიექტობას საკუთარ იდეოლოგიურ პარამეტრებში - ქვეყნის ისტორიის შესახებ მისეული წარმოდგენის პრიზმაში განიხილავს.

პუტინის "ისტორიული რუსეთი" - ეს არის სსრკ ბალტიისპირეთის გარეშე და პუტინს სურს, ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა "დაიბრუნოს"

“პუტინის ხედვით, რუსეთის სუბიექტობა – ეს “ისტორიული რუსეთის” სუბიექტობაა, “ისტორიული რუსეთი” კი, მისი კონცეფციის თანახმად, მოიცავს თავად რუსეთს 1922 წლის საზღვრებში და იმ ქვეყნებს, რომლებიც იმ მომენტისთვის ოკუპირებულები იყვნენ ბოლშევიკური რუსეთის მიერ, ხოლო მოგვიანებით – ინკორპორირებულები საბჭოთა კავშირში (ანუ უკრაინას, ბელარუსს, აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს; ცენტრალური აზიის ქვეყნები იმხანად რუსეთის ფედერაციის ნაწილს წარმოადგენდნენ და ცხადია, აქ ასევე მოიაზრებიან). მარტივად რომ ვთქვათ, საუბარია საბჭოთა კავშირზე ბალტიისპირეთის სამი რესპუბლიკის გარეშე (პუტინი ალბათ, ბალტიისპირელებსაც სიამოვნებით “დაიბრუნებდა”, მაგრამ რაკი სადღეისოდ ისინი ნატო-სა და ევროკავშირის ტერიტორიას წარმოადგენენ, აქ მას გაცილებით მეტ რისკზე მოუწევდა წასვლა) და პუტინის ხედვით, “ისტორიულმა რუსეთმა” ყველა ეს ტერიტორია უნდა “დაიბრუნოს” - დარწმუნებულია პორტნიკოვი.

ანალიტიკოსი პუტინის მხრიდან მინი-სსრკ-ის ჩამოყალიბების მიმართულებით უკვე გადადგმულ მთელ რიგ ნაბიჯებზე მიუთითებს:

“სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ სპეცოპერაცია ბელარუსში 2020 წლის ჯანყის შემდეგ – და ვხედავთ, რომ არსობრივად, ბელარუსის ოკუპაცია, მის მიერ სუბიექტობის დაკარგვა უკვე შემდგარი ფაქტია; ამასწინათ ყაზახეთში ჩატარებული სპეცოპერაცია ქვეყანაში “კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის” ჯარების შეყვანით – ესეც ინტეგრაციისთვის იძულების სპეცოპერაცია იყო (ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, რამდენად მართვადია კრემლის მიერ ასტანის რეჟიმი, რომელიც იგივე უკრაინის ომთან მიმართებაში ჯერ-ჯერობით ერთგვარი საგარეო პოლიტიკური დამოუკიდებლობის დემონსტრირებას ცდილობს, მაგრამ ფაქტია, რომ პუტინის იდეა “ევრაზიული ეკონომიკური კავშირის” ერთიანი მთავრობის, პარლამენტისა და სხვა სტრუქტურების ჩამოყალიბების შესახებ ჯამში უკვე ახლოსაა რეალიზებასთან); ახლა კი თვალს ვადევნებთ რიგით მესამე, გაცილებით უფრო მასშტაბურ სპეცოპერაციას – ინტეგრაციისთვის უკრაინის იძულებას. იგი მზადდებოდა 2014 წლიდან, როცა უფრო “რბილმა” გზამ – უკრაინის სათავეში პრორუსული ხელისუფლების მოყვანამ არ გაჭრა. სწორედ მაშინ გადაწყდა, უარი თქმულიყო პოლიტიკურ გზებზე, რომლებმაც არც 1994 წელს გაამართლა, რეალურად არც 2004-ში (მაშინ იანუკოვიჩის მხოლოდ ფსევდო-გამარჯვება მიიღეს) და არც 2010-ში, - სამივე ეს “გამარჯვება” საბოლოო ჯამში, ნიველირებულ იქნა უკრაინელი ხალხის მიერ და პუტინს “ისტორიული რუსეთის” აღსადგენად არანაირი სხვა გზა აღარ დარჩა, ინტეგრირებისთვის იძულების “სპეცოპერაციის”, ანუ უკრაინის სამხედრო ძალით ოკუპაციის გარდა”.

"პუტინი სულაც არ გაგიჟებულა, ის მიჰყვება ჯერ კიდევ 1990-იანებიდან არსებულ გეგმას"

პორტნიკოვი არ იზიარებს რიგი კოლეგების მოსაზრებას ბოლო დროს პუტინის “ჭკუიდან გადასვლის” თაობაზე. მისი აზრით, რუსეთის ლიდერი უწინდელივით მიჰყვება თავის ხედვას, რომლის თანახმად, “არსებობს ისტორიული რუსეთი, არსებობენ ისტორიული რუსეთის ტერიტორიები (ე.წ. უკრაინა, ე.წ. ამიერკავკასიის ქვეყნები, ასევე რუსეთსა და დასავლეთს შორის მდებარე ცენტრალური აზიის ე.წ. სახელმწიფოები, რომლებიც ჯერ კიდევ ძალიან ახლონი არიან რუსეთთან და სანამ დროა, მათაც უნდა მიეხედოს), რომლებიც არსობრივად, ოკუპირებულები არიან დასავლეთის მიერ და ისტორიულმა რუსეთმა ეს ტერიტორიები უნდა დაიბრუნოს”.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, თითოეული ამ “ტერიტორიისთვის” პუტინს საკუთარი “გასაღები” აქვს:

“ბელარუსის შემთხვევაში უკვე ვხედავთ, რა წარმოადგენდა გასაღებს. ყაზახეთის შემთხვევაშიც უკვე ვნახეთ – ეს იყო “კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის” ჯარების შეყვანა. აზერბაიჯანისა და სომხეთის შემთხვევაშიც უკვე ვხედავთ რუს “სამშვიდობოებს” ყარაბაღში და თუ პუტინს ბაქოზე ხისტი ზეწოლისთვის საბაბი დასჭირდება, მარტივი დასაორგანიზებელი იქნება პროვოკაცია ერთი-ორი “სამშვიდობოს” დაღუპვით – როგორც თავის დროზე სამხრეთ ოსეთში გააკეთეს. ალიევს შესაძლოა, თურქეთის იმედი ჰქონდეს, მაგრამ რეალურად, არავინ ვიცით, როგორ მოიქცევა ასეთ შემთხვევაში თურქეთი: შესაძლოა, ჩაებას ომში, მაგრამ ასევე შესაძლებელია, მოიქცეს ისე, როგორც ახლა დასავლეთი იქცევა უკრაინასთან მიმართებაში, ანუ მიაწოდოს შეიარაღება, მაგრამ თავად არ იბრძოლოს. საქართველოსთვისაც გასაღები დიდი ხანია, მოძებნილია: ნებისმიერ მომენტში შესაძლებელია მისი დადანაშაულება რაიმე პროვოკაციის მოწყობაში ე.წ. საზღვარზე აფხაზეთთან, რომელსაც რუსეთთან უსაფრთხოების დაცვის შესახებ ხელშეკრულება აკავშირებს – და აგერ, ბატონო, მზადაა საბაბი საქართველოს ოკუპაციისთვის. მოლდოვას შემთხვევაშიც საქმე მარტივადაა: უკრაინასთან ამჟამინდელ ომში ოდესის ოკუპაციის შემთხვევაში რუსეთი დნესტრისპირეთთან საზღვარზე გავა, შემდეგ დნესტრისპირეთის დე ფაქტო მმართველობა მოლდოვას "უსაფრთხოების ხელყოფაში" დაადანაშაულებს – და აგერ, ბატონო, მზადაა საბაბი მოლდოვას ოკუპაციისთვისაც".

აი, ასე მარტივადაა, პორტნიკოვის შეფასებით, საქმე რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის რუქების, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურისა და საგარეო დაზვერვის გეგმების მიხედვით. ხოლო ის “უმნიშვნელო” ფაქტი, რომ ყველა ამ ”ტერიტორიაზე” ცხოვრობენ ხალხები, მათში უბრალოდ იგნორირებულია.

"უკრაინელებმა პუტინს მისთვის ამ არასასიამოვნო “სიახლეზე” თვალი აუხილეს და დღეს უკრაინაში სწორედ ეს ხდება - რუსული გენშტაბის გეგმები სახალხო წინააღმეგობას შეეჩეხა” - თვლის ანალიტიკოსი.

"ახლა უკრაინაში მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის ბედი წყდება"

ამ გაგებით პორტნიკოვი სრულად იზიარებს არაერთი კოლეგის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ახლა უკრაინაში მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის ბედი წყდება:

“ნამდვილად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ამ ომში რუსეთი დამარცხდეს, რადგან მისი ხელმძღვანელობისთვის არ არსებობს არანაირი "პოსტსაბჭოთა სივრცე", მისთვის დსთ მხოლოდ გარდამავალი ფორმა იყო მყიფე სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციიდან ახალ სახელმწიფომდე დედაქალაქით მოსკოვში" - დარწმუნებულია ანალიტიკოსი.

მისივე თქით, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, რუსეთის ხელმძვანელობაში მუდმივად არსებობდა ასეთი იდეა: რუსეთში გატარებულიყო ეკონომიკური რეფორმები თვითმყოფი სახელმწიფოს ჩამოსაყალიბებლად, ამავდროულად არ დაეშვათ ანალოგიური და სხვა მნიშნელოვანი რეფორმების გატარება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, შეესვათ ისინი რუსეთის ენერგეტიკულ, ეკონომიკურ თუ სხვა “ნემსებზე” (ნაწილი – მაგალითად, უკრაინა და ბელარუსი – რუსულ ენერგომატარებლებზე მიებათ, ნაწილი – მაგალითად, ცენტრალური აზიის ქვეყნები – რუსეთში დასაქმებულ მიგრანტებზე, ნაწილი – მაგალითად საქართველო და მოლდოვა – ტერიტორიულ კონფლიქტებზე) და შემდეგ თითოეული ამ ბერკეტის ამოქმედებით მოეხდინათ ამ ქვეყნების სახელმწიფოებრიობის დემონტაჟი, თან ამჯერად უკვე ისე, რომ (როგორც პუტინმა უკვე საჯაროდ გაამხილა) სამომავლოდ მათ რუსეთის სახელმწიფოდან გასვლის აღარანაირი შანსი აღარ ჰქონოდათ.

"სწორედ ამას უწოდა პუტინმა ამასწინანდელ საჯარო გამოსვლაში “ლენინის შეცდომის გამოსწორება” და ეს გეგმა მის ქმნილებას არ წარმოადგენს - როგორც უკვე ვთქვი, ის სულ არსებობდა 1990-იანი წლებიდან. უბრალოდ ახლა მას პუტინის პირადი ამბიციაც შეემატა: მას სურს, კარიერა დაასრულოს ლიდერად არა რუსეთის ფედერაციისა, რომელსაც რაღაც ნაგლეჯად განიხილავს, არამედ “გამთლიანებული ისტორიული რუსეთისა”, რომელიც, მისი ხედვით, უჟგოროდიდან აშხაბადამდე იქნება გადაჭიმული” – დასძენს ანალიტიკოსი.

"რუსეთი უნდა დამარცხდეს: რაც მალე დაუზავდება პუტინი უკრაინას, მით მალე წამოიწყებს ახალ ომს"

პორტნიკოვის აზრით, იმ ფაქტს, რომ უკრაინაში მოვლენები პუტინის გეგმას ასცდა და არავითარი სწრაფი ოკუპაცია მას არ გამოუვიდა, მთლიანობაში რუსეთის მმართველის ზრახვებს არ ცვლის:

“ზემოთხსენებული “ისტორიული რუსეთის აღდენის” გეგმის კუთხით უკრაინულ წარუმატებელ საომარ კამპანიას პუტინისთვის არაფერი შეუცვლია. დღეს მისთვის არსებობს ორი გამოსავალი და ვფიქრობ, ახლა ის სწორედ იმითაა დაკავებული, რომ ამ ორს შორის ირჩევს: 1) ომის გაგრძელება უკრაინისთვის ქანცის გასაცლელად (უკრაინული ქალაქების ბლოკირება, მოსახლეობის არსობრივი გენოციდი, უკრაინული საზოგადოების დემორალიზება და ამ ფონზე რუსული ჯარის წინ წაწევის მცდელობა, ან სულ მცირე, დაკავებულ პოზიციებზე გამაგრება და უკრაინის მოსახლეობის სირიული ტიპის ომში ჩათრევა იმ იმედით, რომ 6-8 თვეში ქვეყნის ეკონომიკა ჩამოიშლება, უკრაინა მართვას დაკარგავს და ქაოსში ჩაეფლობა) – თუმცა ეს ვარიანტი თავად რუსეთისთვისაც ძალზე რთულია მრავალი ფაქტორის გამო; 2) უკრაინასთან რუსეთისთვის პირობითად მისაღებ პირობებზე შეთანხმება (უკრაინის ნეიტრალიტეტი, რუსულისთვის მეორე სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭება, ყირიმის რუსულად აღიარება ან ამ თემაზე მოლაპარაკებების დაწყება და ა.შ.): ეს პუტინს 24 თებერვლის შემდეგ დაკავებული პოზიციებიდან რუსეთის დასუსტებული ჯარის გაყვანის საბაბსაც მისცემდა და დასავლეთისგან სანქციების შესუსტების თხოვნის საბაბსაც. ასეთ შემთხვევაში მას შესაძლებლობა მიეცემა, დაიწყოს მზადება უკრაინასთან ახალი ომისთვის, რომელიც 1,5-2 წელიწადშია მოსალოდნელი, ამჟამად მიმდინარე ომისთვის მზადებისას დაშვებული შეცდომებისა და ხარვეზების გამოსწორებით. აი, ეს ახალი ომი უკვე ნამდვილად შეიძლება, აღმოჩნდეს 48-საათიანი მასირებული შეჭრა უკრაინის საბოლოო ოკუპაციითა და რუსეთთან საბოლოო მიერთებით. ანუ, პუტინის მაგიდაზე ახლა ორი ვარიანტი დევს განსახილველად: ომის გაგრძელება დღეს, ან ახალი ომი ერთ-ორ წელიწადში”.

ეს – პუტინის ხედვით. რაც შეეხება რეალობას, პორტნიკოვის აზრით, უკრაინული ჯარისა და მოსახლეობის შეუპოვარი წარმატებული ბრძოლის მიუხედავად, დღის წესრიგში მაინც რჩება დროის საკითხი: რამდენად დიდხანს შეძლებს უკრაინული მხარე საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის წარმოებას:

“აქ არა მარტო ჯარი და შეიარაღება მაქვს მხედველობაში, არამედ ისიც, რამდენად დიდხანს გაძლებს მოსახლეობა ფაქტობრივ ბლოკადაში. ამ საკითხებზე უკვე დღესაა საფიქრალი: რა უნდა მოიმოქმედოს უკრაინულმა მხარემ, როცა ქვეყანაში ჰუმანიტარული კატასროფების ჯაჭვი დაიწყება, ანუ როგორ გადაარჩინოს მოსახლეობა შიმშილით სიკვდილს. რუსები ხომ უკვე დებენ ფსონს მარიუპოლელთა და ჩერნიგოველთა შიმშილით ამოწყვეტაზე და იგივე შეიძლება, ვიხილოთ სხვა უკრაინულ ქალაქებშიც".

ანალიტიკოსის აზრით, უკრაინული ჯარის მიერ რუსული შეტევების წარმატებულმა მოგერიებამ შეიძლება, აიძულოს პუტინი, ზემოთხსენებული ორი ვარიანტიდან მეორე აირჩიოს – უკრაინასთან რამეზე მოილაპარაკოს და ომი “ხვალისთვის” გადადოს”. მეტიც, მისი ვარაუდით, რაც მეტად ეფექტური იქნება უკრაინული ჯარი და რაც სწრაფად აიძულებს პუტინს დაზავებას, მით სწრაფად იქნება მეორე ომი.

"ამდენად, ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც დამოუკიდებელ უკრაინაში მშვიდობიანად ცხოვრება სურს, უნდა ესმოდეს მარტივი ჭეშმარიტება: ეს ორი სახელმწიფო – უკრაინა და პუტინის რუსეთი - მსოფლიოს პოლიტიკურ რუქაზე ვერ თანაიარსებებენ. რუსეთი ამ ომში უნდა დამარცხდეს” – აღნიშნავს პორტნიკოვი.

სანქციების შესაძლო მოხსნა

ამ კონტექსტში იგი დასავლური სანქციების მოხსნის საკითხსაც ეხება და აღნიშნავს, რომ პუტინის ქმედებების ფონზე დასავლეთის მიერ რუსეთის შესასუსტებლად დაწესებული შეზღუდვების სწრაფ მოხსნას არ ელის, მაგრამ ეს – იმ შემთხვევაში, თუ სანქციების შესუსტება უკრაინა-რუსეთის სამომავლო შეთანხმებაში არ ჩაიდება ერთ-ერთ პუნქტად:

“დიახ, სანქციების გაგრძელებაში დასავლეთიც არის დაინტერესებული, რომელსაც აშკარად სურს, პუტინის რუსეთი სწორედ უკრაინაში დამარცხდეს. მაგრამ თუ რუსეთი უკრაინას რაღაცაზე შეუთანხმდება, ჩვენ შევალთ საერთაშორისო ურთიერთობების სულ სხვა არქიტექტურაში, როცა შესაძლებელია, დაიწყოს რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების დეესკალაციაც. თუმცა დღეის გადმოსახედიდან თუ ვიმსჯელებთ, არ ჩანს, რომ დასავლეთთან ასეთ დეესკალაციაში დაინტერესებული იყოს თავად პუტინი: მან ხომ ბოლო სამ კვირაში რუსეთი “ჩრდილოეთ კორეად” აქცია – ქვეყნად, სადაც სამშობიაროს დაბომბვას “ხალხის გადარჩენას” ეძახიან, ომს – “მშვიდობას”, მარილს – “შაქარს”. გაზვიადება არ იქნება, ვთქვათ, რომ რუსეთი, რომელსაც 2022 წლის 24 თებერვლამდე ვიცნობდით, უბრალოდ აღარ არსებობს”.

"რუსეთს არ ესმის, რომ შესაძლებელია დროებითი ძალისმიერი ოკუპაცია, მაგრამ არა გამარჯვება"

პორტნიკოვის შეფასებით, ყველაფერი, რაც ახლა ხდება, რუსეთის ხელმძღვანელობის "სრული იდიოტიზმის, პოლიტიკური ლოგიკის არარსებობისა და იმ მარტივი ჭეშმარიტების ვერაღქმის დემონსტრირებაა, რომ ამა თუ იმ ქვეყნის დამარცხება შეუძლებელია, თუ მისი მოსახლეობის საკმარისი რაოდენობა არაა მზად, აგრესორის გამარჯვებას მიესალმოს":

"დიახ, ძალისმიერი გზით ოკუპაცია შესაძლებელია, მაგრამ თუ მოსახლეობა ოკუპაციას არ ეგუება, ეს მხოლოდ დროებითი, ზედაპირული გამარჯვებაა, მისი იმიტაცია და მეტი არაფერი. რეიხმა თავის დროზე დაიპყრო ევროპა, მაგრამ ფეხი ვერ მოიკიდა, რადგან ევროპელებს თავის ქვეყნებში რეიხის მმართველობა არ სურდათ. თანაც, უკაცრავად, მაგრამ სამხედრო სტრატეგიისა და ძალის თვალსაზრისით, რეიხის შედარებაც არ შეიძლება რუსეთის ხელმძღვანელობასა და არმიასთან, რადგან გიმლერის მთელი სატანიზმის მიუხედავად, ის გაცილებით მეტად ეფექტური და ნაკლებად კორუმპირებული იყო, ვიდრე პატრუშევი, შოიგუ და ბორტნიკოვი. ასე, რომ ახლაც რომ დაუზავდეს რაღაც პირობებზე პუტინი უკრაინას, გაიყვანოს ჯარი, უკეთ მოემზადოს ომისთვის და ხელმეორედ შემოიჭრას ერთ-ორ წელიწადში, საბოლოო შედეგს ეს არ შეცვლის: ოკუპირებული უკრაინელები კიდევ უფრო მეტად შეიზიზღებენ მტერს და ვერავითარი იმედი მისი აქ თაიგულებით მიღებისა პუტინს მით უფრო ვერ ექნება. ანუ, ისინი ყველა შემთხვევაში მარცხისთვის არიან განწირულები".

"რუსეთის სახელმწიფო ერთ გაქუცულ ბენზოგასამართ სადგურად იქცა და მისი ცივილიზაციური საფლავის ქვას მხოლოდ ეს შეიძლება, წააწერო"

"რუსეთის გამარჯვებები დასრულდა – და არა მარტო უკრაინაში, არამედ ყველაფერ დანარჩენშიც: სპორტში, რადგან რუს სპორტსმენებს საერთაშორისო შეჯიბრებებისკენ გზა დაუხურეს; კულტურაში, რადგან აღარც ამ სფეროში მიიწვევენ რუს მოღვაწეებს სადმე; ეკონომიკაში – რადგან აღმოჩნდა, რომ რუსეთს ადგილზე დასავლური მაკომპლექტებლების გარეშე თითქმის არაფრის წარმოება შეუძლია და ერთადერთი, რაც ძალუძს, დაბალი ხარისხის ნავთობის გაყიდვაა (ესეც – დროებით) მაღალი ხარისხის ნავთობის გასაზავებლად… გაგიჟდები კაცი იმაზე ფიქრით, რა საჭირო იყო ათწლეულობით იმპერიის მშენებლობა, რომ საბოლოოდ იგი ერთ გაქუცულ ბენზოგასამართ სადგურად ქცეულიყო! არადა, სულ ესაა, რაც რუსული სახელმწიფოს ცივილიზაციური საფლავის ქვას შეიძლება, წააწერო!" - დასძენს ბორტნიკოვი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S