Accentnews.ge
უკრაინის ომი – როგორც რუსეთის “ოქროს აქცია” და “ჯოკერის” როლი ჩინეთისთვის

უკრაინის ომი – როგორც რუსეთის “ოქროს აქცია” და “ჯოკერის” როლი ჩინეთისთვის

19/03/2022 20:33:32 ანალიზი

13 მარტს მსოფლიო მედიაში გაჩნდა არაოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთმა ჩინეთს უკრაინაში მიმდინარე ომსა და დასავლურ სანქციებთან დაკავშირებით ფინანსური და სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა. პეკინმა ეს ინფორმაცია მალევე უარყო. გაჩნდა ეჭვი, რომ ის საინფორმაციო სივრცეში რუსეთის მიერ იყო “შეგდებული”. თუმცა შემდგომ დღეებში აშშ-ის სახელმწიფო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდან ისმოდა საკმაოდ მკაცრი გაფრთხილებები იმის შესახებ, თუ რას უნდა ელოდოს პეკინი უკრაინაში რუსეთის განგრძობადი აგრესიის ფონზე მოსკოვისთვის დახმარების გაწევის შემთხვევაში.

18 მარტს იგივე გაუმეორა, თეთრი სახლის ცნობით, ჩინეთის ლიდერს 1,5-საათიანი ვიდეო-საუბრისას პრეზიდენტმა ბაიდენმაც. თეთრ სახლს ამ საუბრის შესახებ შემაჯამებელი განცხადების გავრცელება პეკინმა დაასწრო. მისი ინფორმაციით, სი ძინპინმა განუცხადა ბაიდენს, რომ „უკრაინის კრიზისი არის ის, რისი დანახვაც პეკინს არ სურს“, რომ “კონფლიქტი და კონფრონტაცია არავის ინტერესებში შედის“, რომ „ჩინეთმა და აშშ-მა ორმხრივი ურთიერთობები სწორი მიმართულებით უნდა წარმართონ” და ამასთანავე, “აიღონ შესაბამისი საერთაშორისო პასუხისმგებლობა მსოფლიო მშვიდობისთვის“.

რომ შევაჯამოთ, 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროიდან დღემდე პეკინს მოსკოვის აგრესია მართალია, არ დაუგმია, თუმცა არც მისი მხარდაჭერა გამოუხატავს. ჩინეთი ფრთხილობს, ერთგვარად მოლოდინის რეჟიმშია. არადა, ყველა ხვდება, რომ ბევრი რამ ახლა მნიშვნელოვანწილად, მათ შორის, მის პოზიციაზეცაა დამოკიდებული. გთავაზობთ ექსპერტების მოსაზრებებს იმაზე, თუ რას შეიძლება, ელოდონ უკრაინა, მისი დასავლელი პარტნიორები, რუსეთი და მთლიანად მსოფლიო შექმნილ ვითარებაში პეკინისგან.

უკრაინის მომავლის ინსტიტუტის ანალიტიკური ცენტრის საერთაშორისო პოლიტიკის საკითხთა ექსპერტი ილია კუსა თვლის, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრით ჩინეთმა ერთგვარი “ოქროს აქცია” მიიღო და როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი ქვეყანა, რომელიც მოსკოვის წინააღმდეგ ანტიდასავლურ სანქციებს არ მიერთებია, ახლა იგი ვითარებაზე გავლენისთვის სხვა მოთამაშეებთან ვაჭრობის შესაძლებლობას გამოიყენებს.

  • “უკრაინაში მიზნის მისაღწევად არჩეულ გზასთან დაკავშირებით ჩინელებს პუტინისგან განსხვავებული ხედვა აქვთ”

ანალიტიკოსს უჭირს იმის თქმა, პროგნოზირებდნენ თუ არა ჩინელები უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს, თუმცა მისი ვარაუდით, გარკვეულწილად მაინც ეს, ბევრის მსგავსად, მათთვისაც მოულოდნელობა იყო და თან არასასიამოვნო.

“წავიკითხე ჩინელების მიერ 24 თებერვლის შემდეგ გამოქვეყნებული პირველი განცხადება და ვიგრძენი პეკინის ერთგვარი იმედგაცრუება უკრაინაში რუსეთის შეჭრით. მისი მხრიდან დღემდე არ გამოთქმულა არც ერთი სიტყვა არც ამ თავდასხმის, არც პუტინის მიერ გაცხადებული მიზნების მხარდასაჭერად. ომის წინა პერიოდშიც ჩინეთი იკავებდა მაქსიმალურად ნეიტრალურ პოზიციას. ერთადერთი, რაშიც ის რუსეთს საჯაროდ დაეთანხმა, ეს იყო ანტიამერიკული თეზისი “დასავლურ მსოფლიო მონოპოლიასთან ბრძოლის აუცილებლობის” შესახებ, რომელიც ოლიმპიადის დროს პუტინსა და სი ძინპინს შორის გაფორმებულ დეკლარაციაშიც აისახა (მას, სხვათა შორის, რიგი სხვა ქვეყნებიც იზიარებენ, მაგალითად ინდოეთი, არაბთა გაერთიანებული ემირატები, საუდის არაბეთი, უბრალოდ ჩინეთისა და თურქეთისგან განსხვავებით, ისინი ამ პოზიციას საჯაროდ არ აფიქსირებენ)” – იხსენებს ანალიტიკოსი.

  • “აშშ რუსეთისა და ჩინეთისთვის საერთო მოწინააღმდეგეა, მაგრამ ამით მოსკოვისა და პეკინის საერთო ინტერესები მთავრდება”

ილია კუსას შეფასებით, “დიახ, ამერიკა რუსეთისა და ჩინეთის მიერ საერთო მოწინააღმდეგედ აღიქმება, მაგრამ ამით მოსკოვი-პეკინის საერთო ინტერესები მთავრდება და როგორც ჩანს, უკრაინაში თავისი მიზნების მისაღწევად პუტინის მიერ არჩეულ გზასთან დაკავშირებითაც ჩინელებს მოსკოვისგან აშკარად განსხვავებული ხედვა აქვთ”.

მისივე აზრით, ჩინეთი ღიად ვერც შემდგომში დაუჭერს მხარს უკრაინაში რუსეთის შეჭრას, უპირველესად - იმის გამო, რომ დასავლურ ქვეყნებს “ერთი სული აქვთ, რუსეთის მიმართ სანქციები პეკინზეც გაავრელონ”:

“ბოლო დღეებში ვნახეთ, რომ შტატებმა პეკინი ამის შესახებ რამდენჯერმე მკაცრად გააფრთხილეს. ეს იმის დემონსტრირება იყო, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის მიუხედავად, აშშ-ისთვის ჩინეთთან წინააღმდეგობის ფაქტორი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. ჩინეთში ეს ესმით და რუსეთის მხარდაჭერას არ ჩქარობენ: მათ ძალიან კარგად იციან თვლა, მშვენივრად აცნობიერებენ რისკებს და არ სურთ, მიიღონ დასავლეთისგან იგივე, რაც უკვე იწვნია სანქციების სახით რუსეთმა”.

  • “არა მგონია, ჩინეთი რუსეთს მნიშვნელოვნად დაეხმაროს – პეკინი საკუთარი თავით არ გარისკავს”

ანალიტიკოსის ვარაუდით, თავად აზრიცა და შემდგომ არაოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციებიც იმის შესახებ, რომ ჩინეთი ამ სიტუაციაში რუსეთს დაეხმარება, მოსკოვში შეითხზა და რუსეთისთვის სასურველის რეალობად წარმოჩენის მცდელობაა.

“ადრეც სკეპტიკური განწყობა მქონდა რუსეთ-ჩინეთის “დიდი მეგობრობის” მიმართ. 2000-2010-იან წლებში “ჩინური საფრთხე” რუსული პოლიტელიტისთვის სახელმწიფოს საგარეო პრობლემების ტოპშიც კი ფიგურირებდა, უბრალოდ შემდეგ – 2014-დან დაწყებული, მოსკოვი სრულად კონცენტრირდა დასავლეთთან დაპირისპირებაზე. ჩემი აზრით, ჩინეთში იმთავითვე არავის უფიქრია, რუსეთს ამჟამინდელ აგრესიულ ქმედებებსა და ზრახვებში გვერდში ამოსდგომოდა, მით უფრო უშუალოდ დაჰხმარებოდა უკრაინასთან ომში. მაქსიმუმი, რისი შეთავაზებაც მოსკოვისთვის ჩინეთს შეუძლია, ეს დასავლურ სანქციებთან არმიერთებაა. ასე, რომ არა მგონია, ჩინეთმა რუსეთს რაიმე მნიშვნელოვანი სამხედრო-პოლიტიკური დახმარება გაუწიოს – ის საკუთარი თავით არ გარისკავს” – ამბობს ილია კუსა.

  • “წლების განმავლობაში რუსეთი ცდილობდა, დასავლეთსა და ჩინეთს შორის “ჯოკერი” ყოფილიყო, ახლა კი “ჯოკერი” ჩინეთი ხდება”

მისივე შეფასებით, წლების განმავლობაში რუსეთი ცდილობდა, დასავლეთსა და ჩინეთს შორის ერთგვარი “ჯოკერის” როლი ეთამაშა და ეს პრინციპში, გამოსდიოდა კიდეც უკრაინაში ამჟამინდელ შეჭრამდე, რომელმაც კრემლის ყველა ეს მცდელობა გაანულა.

“რუსეთმა მეტისმეტად დაივიწროვა მანევრირების სივრცე და ახლა “ჯოკერის” როლი უკვე ჩინეთზე გადავიდა” – თვლის ანალიტიკოსი. მისივე განმარტებით, ეს ომი ჩინეთს შესაძლებლობას აძლევს, აშშ-სთან აწარმოებდეს მოლაპარაკებებს და გავლენას ახდენდეს ომის როგორც მსვლელობაზე, ისე ხანგრძლივობაზე, აქედან გამომდინარე კი - იმაზე, თუ რა საბოლოო პოტენციალით გამოვა რუსეთი ამ ბრძოლიდან.

  • “ამ ომმა ჩინეთს რუსეთის “ოქროს აქცია” მოუტანა”

გარდა ამისა, ილია კუსას განმარტებით, მსოფლიოსგან ამჟამინდელი იზოლაციის პირობებში რუსეთისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, თავისი ექსპორტის ნაწილი მაინც გადააორიენტიროს აზიურ ბაზრებზე, ჩინეთის გარეშე კი ამის განხორციელება რთული იქნება.

“ჩინელებს ესმით, რომ ომი რუსეთს ასუსტებს, რუსეთის დასუსტება კი რუსულ ბაზარზე ჩინეთის ექსპანსიის შესაძლებლობებს ზრდის, მათ შორის – დასავლური სანქციების გამო გაკოტრებული რუსული საწარმოების შეძენის კუთხით: უკვე საჯაროდ გამოითქვა ჩინეთის მზადყოფნა, “გაზპრომის” აქციების 40% შეიძინოს! ამასთან, ჩინეთს ეხლა რუსეთში უამრავ სფეროში ფასების რეგულირების უნიკალური შესაძლებლობა ეძლევა. მას შეუძლია ასევე, ცალკეულ დასავლურ სანქციებს შერჩევითად მიუერთდეს - ამის საჯაროდ გამოცხადების გარეშეც და ასე ახორციელოს რუსეთზე ზეწოლა საკუთარი სიტუაციური საჭიროებებიდან გამომდინარე. ასე, მაგალითად, სანქციებს ოფიციალურად არმიერთებულმა ჩინეთმა ამ დღეებში მყისიერად უარყო რუსეთის “შეგდებული” ინფორმაცია პეკინისთვის სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართვისა და თანხმობის მიღების თაობაზე” – ამბობს ილია კუსა.

  • “ჩინეთს შესაძლებლობა მიეცა, რუსეთს “უმცროსი პარტნიორის” როლის შესრულება აიძულოს”

მისივე აზრით, ეს უკანასკნელი უნდა განვიხილოთ რუსეთთან ჩინეთის ვაჭრობის ელემენტად მსოფლიოში მოსკოვის მომავალი როლის საკითხზე, ჩინეთი კი თავის სამომავლო გლობალურ სქემებში რუსეთს უმცროსი პარტნიორის როლში ხედავს.

“რუსეთ-ჩინეთის “მეგობრობის” პრობლემა ხომ სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ მოსკოვისთვის უმცროსი პარტნიორის როლი შეურაცხმყოფელი იყო, ახლა კი რუსეთის მიერ კიევში გაჩაღებული ომი ჩინეთს შესაძლებლობას აძლევს, რუსეთს სწორედ ამ როლის მორგება აიძულოს – თუ, რა თქმა უნდა, მოსკოვი მოულოდნელად დასავლეთთან რაიმეზე შეთანხმებას არ შეძლებს, თუმცა ამ ეტაპზე მე ასეთ შესაძლებლობას ვერ ვხედავ” – ამბობს ანალიტიკოსი.

  • “თუ ეს ომი პუტინმა მართლაც თავისი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე წამოიწყო, სი ძინპინი მას ვერ შეაჩერებს”

ამგვარად, ილია კუსას შეფასებით, ჩინეთი ერთ-ერთი ხდება იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც რუსეთზე ეკონომიკური და ფინანსური გავლენის ბერკეტებს იძენენ. მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკური გავლენის ბერკეტებს, მაგლითად, ზოგიერთების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ “თუ ვინმე პუტინს ომის შეწყვეტას აიძულებს, ეს სი ძინპინი შეიძლება, იყოს”, ანალიტიკოსის აზრით, ეს დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, რამ დააწყებინა პუტინს რეალურად ეს ომი:

“თუ უკრაინაში შეჭრას არა რაიმე პრაგმატულ-რაციონალური ფაქტორი ედო საფუძვლად, არამედ მართლაც პუტინის მსოფლმხედველობა და ის იდეოლოგიური თეზისები, რომელსაც უკვე მერამდენედ გვასმენინებს, მაშინ ჩინეთი აქ უძლურია: თუ ეს ასეა, მაშინ ნაკლებად შესაძლებლად მეჩვენება, სი ძინპინმა პუტინს დაურეკოს, უთხრას, “შეწყვიტე ომიო”, ამან კი უპასუხოს, “კარგი, რაკი მთხოვო”. სი ძინპინი ხომ პუტინის მსოფლმხედველობაზე გავლენას ვერ მოახდენს, ამ ომის საკრალურ მნიშვნელობაზე მის წარმოდგენას ვერ შეცვლის”.

  • “ჩინეთს რუსეთის ხანგრძლივი ომი არ აწყობს: მას აწყობს დასუსტებული, მაგრამ არა განადგურებული რუსეთი”

თავად ჩინეთს, ანალიტიკოსის აზრით, რუსეთის ხანგრძლივი ომი არაფერში აწყობს: “ომი რუსეთს ასუსტებს, ზრდის ქვეყანაში ღრმა და ყოვლისმომცველი კრიზისის გაღვივების შესაძლებლობას, რომლითაც შეიძლება, დასავლეთის ქვეყნებმა ისარგებლონ და შეეცადონ, მაგალითად, ხელისუფლების შეცვლას მათ მიმართ უფრო ლოიალურით. ჩინეთს ეს ხადია, არაფერში სჭირდება. ხოლო თუ ეს ყველაფერი რუსეთის შიდა დესტაბილიზაციასაც გამოიწვევს, ეს პეკინს პოტენციურად, უსაფრთხოების სფეროშიც შეუქმნის პრობლემებს მის საზღვრებთან. აგვარად, მართალია, მთლიანობაში, ამ ომს ჩინეთისთვის კრიტიკული ზიანი არ მოაქვს, მაგრამ მას არ აწყობს გაურკვევლობა, არასტაბილურობა, ბაზრების დაკარგვა და აშშ-ის შანსი, რუსეთი იმდენად გაანეიტრალოს, რომ შეუძლებელი გახდეს დასავლეთის წინააღმდეგ მისი ბუფერად გამოყენებაც კი”.

ამიტომაა, ანალიტიკოსის აზრით, რომ ჩინელები სულ უფრო ხშირად აკეთებენ განცხადებებს მოლაპარაკებების, პრობლემის მშვიდობიანი გზებით გადაჭრის, კომპრომისების აუცილებლობის შესახებ.

“ჩინეთი დაინტერესებულია, ეს ომი რუსეთის დასუსტებით დასრულდეს, მაგრამ არა მისი განადგურებით – და პეკინს მოსკოვზე გავლენის გაზრდის შესაძლებლობა მიეცეს, დასავლეთი კი ამავდროულად თავის პოზიციებზე დარჩეს და კრიტიკული დარტყმა არ მიაყენოს ჩინეთის საგარეო პოლიტიკის რუსულ ფლანგს” – დასძენს ილია კუსა.

ამაში ანალიტიკოსს მისი კოლეგა ვიტალი პორტნიკოვიც ეთანხმება.

იგი უშუალოდ ომის შედეგების პროგნოზირებას თავს არიდებს, მაგრამ საუბრობს ომთან დაკავშირებულ ზოგად ტენდენციებზე და დარწმუნებულია, რომ “რუსეთის სახელმწიფომ თავისი დეფრაგმენტაციის პერიოდში შეაბიჯა, რადგან მთელს მსოფლიოსთან ეკონომიკურ ომს თანამედროვე რუსეთი ცალსახად წააგებს”.

რაც შეეხება საკუთრივ ჩინეთის ფაქტორს, ანალიტიკოსის თქით, იგი “სულაც არაა დარწმუნებული, რომ პეკინი დაინტერესებულია უკრაინასთან ომში რუსეთის გამარჯვებით - ის შესაძლოა, არ იყოს დაინტერესებული არც მის მარცხში, თუმცა აშკარად დაინტერესებულია რუსეთის უკიდურესი დასუსტებით, რათა ტერიტორია, რომელზეც რუსეთი იარსებებს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გავლენის სფეროში იყოს”.

  • “დღეს უკრაინის ომში რეალურად, ის წყდება, სად დამთავრდება დასავლეთის საზღვარი და დაიწყება ჩინეთის გავლენის ზონა”

“მეტსაც გეტყვით: დღეს უკრაინის ომში წყდება ის, თუ სად დამთავრდება დასავლეთის საზღვარი და დაიწყება ჩინეთის გავლენის ზონა. რუსეთი ამ თვალსაზრისით ამ ომის მონაწილე არცაა: მოსკოვს მხოლოდ ჰგონია, რომ წამყვანი მონაწილეა და "თავის მომავალს" წყვეტს. ეს მხოლოდ პუტინის მიერ საკუთარი თავისა და მოსახლეობისთვის შეთხზული ზღაპარია" - დარწმუნებულია პორტნიკოვი.

რეალურად, მისი აზრით, რუსეთის მომავალი უკვე განსაზღვრულია:

"არავითარი რუსეთი აღარ არსებობს, პუტინმა მის პოლიტიკურ განაჩენს მოაწერა ხელი და ახლა კითხვა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომელი ტერიტორიები იქნება შენარჩუნებული, ან ომით წართმეული. მაგრამ რა ტერიტორიებიც არ უნდა მოიცვას საბოლოოდ რუსეთმა თუ იმ ახალმა სახელმწიფომ – რაღაც სსრკ-2-მა, რომლის შექმნისკენაც პუტინი ისწრაფვის, ის ყველა შემთხვევაში გეოპოლიტიკური ჩინეთი იქნება. ევროპული რუსეთის ისტორია, რომელიც არსობრივად, უკრაინული მიწების მიერთებით დაიწყო და პეტრე რომანოვის ზედაპრული რეფორმებით გაგრძელდა, ვლადიმირ პუტინმა დაასრულა”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S