
ქობულეთში "კონსერვატიული მოძრაობის" 7 მხარდამჭერი დააკავეს
22/03/2022 15:24:04 სამართალი
ქობულეთში, "ალტ-ინფოსა" და "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისთან გამართულ აქციაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ აქციის ერთი მონაწილე და "კონსერვატიული მოძრაობის" შვიდი მხარდამჭერი დააკავა.
მოქალაქეები აქციაზე უკრაინის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ და ქობულეთის ცენტრში "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისის გახსნა გააპროტესტეს.
ადგილზე იმყოფებოდა ქობულეთის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" ლაშა კომახიძე, რომელიც ამბობს, რომ ოფისიდან გამოსული პირები აქციის მონაწილეებს აგრესიულად დაუპირისპირდნენ.
"კონსერვატიული მოძრაობის" ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ილია ბენიძე ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია, ვინ დაუპირისპირდა აქციის მონაწილეებს, ვინ დააკავეს და რა მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.