საფრანგეთის ელჩი: "იმედი გვაქვს, საქართველოში არ შეიქმნება "შავი ხვრელები" რუსეთის სანქციებისთვის"

24-03-2022 16:21:38 პოლიტიკა

საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინაში დაწყებული ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების დროს საქართველოში არ იქნება, ტაჯიკეთის მსგავსად, "შავი ხვრელი" ბიზნესისთვის. ამის შესახებ მან პარლამენტში დეპუტატებთან მიმართვის დროს ისაუბრა.

"კარგად გვესმის, რომ საქართველო გრძნობს თავის მოწყვლადობას და მხედველობაში იღებს ფრთხილ ქმედებებს. ამ ეტაპამდე ვხედავთ, რომ საქართველო თავისი სიტყვებითა და ქმედებებით ადასტურებს სურვილს, რომ ამ კოლექტიურ ძალისხმევაში თავისი მნიშვნელოვანი როლი შეიტანოს. ასევე დიდი იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ ასეთ კომპლექსურ გარემოში საქართველო ყურადღებით დააკვირდება, რომ არ გადაიქცეს ბიზნესის საწარმოებლად "შავი ხვრელის" ადგილად, როგორიც არის ტაჯიკეთი. ამაზე გვქონდა საუბარი პრეზიდენტ ზურაბიშვილთან", - განაცხადა დიეგო კოლასმა.

მისი თქმით, საქართველომ კარგად იცის, რომ რუსეთი არ სცემს პატივს არცერთი ქვეყნის სუვერენიტეტს და არსებულ საზღვრებს:

"სანქციებმა არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში. წინა წლებში სანქციები მოიცავდა ვიზებზე შეზღუდვას, მობილობის შეზღუდვას, დღეს სანქციები განსხვავებული კონოტაციით გამოიყენება, ეს არის ეკონომიკური ინსტრუმენტები, რომელმაც ზეგავლენა უნდა მოახდინოს რუსეთის ქმედებასა და ეკონომიკაზე".

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 3,5 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები