
წყალტუბოს საკრებულოს წევრის კომპანიებმა 63 მილიონი ლარის სახელმწიფო შესყიდვები მიიღეს
24/03/2022 14:09:36 რეგიონები
წყალტუბოს საკრებულოს წევრის ჯეირან ომანაძის კომპანიებმა, 100 ტენდერისა და 11 გამარტივებული შესყიდვის მეშვეობით, 2013 წლიდან დღემდე ჯამურად 63 039 857 ლარი მიიღეს. ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აქვეყნებს.
ჯეირან ომანაძე პოლიტიკური შემწირველიცაა, მან და მისმა კომპანიამ, “როსტვერკმა”, პარტია “ქართულ ოცნებას” 2017-2021 წლებში 135 000 ლარი შესწირეს.
„ ჯეირან ომანაძე არღვევს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნებსაც“, - ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლელა მოწონელიძე.
ჯეირან ომანაძე ორი კომპანიის, შპს “ჯ და ჯ”-ის და შპს “როსტვერკის” მფლობელია. პირველ კომპანიაში 50%-იან წილს ფლობს, მეორე სრულად მისი საკუთრებაა. კომპანიების მუშაობის არეალი ძირითადად დასავლეთ საქართველოა.
კომპანია "ჯ და ჯ" გზების დაგებასა და ხიდების მშენებლობაზე მუშაობს ძირითადად, "როსტვერკი" კი დაგებული გზებისა და ხიდების მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს "საავტომობილო გზების დეპარტამენტთან" ერთად, წყალტუბოსა და ხონის მუნიციპალიტეტებში.
"ეს რთული სამუშაოა. მერე რა, რომ საკრებულოს წევრი ვარ, ტენდერებს ხშირად ვაგებ კიდეც. ჩემივე სოფელში, გვიშტიბში, წავაგე 7-მილიონიანი ტენდერი", - უთხრა რადიო თავისუფლებას წყალტუბოს საკრებულოს წევრმა, ჯეირან ომანაძემ.
შპს “ჯ და ჯ”-მ 2013 წლიდან დღემდე 45,977,776 ლარის ტენდერები და 97,750 ლარის გამარტივებული შესყიდვები მიიღო. მან 87 მოგებული ტენდერიდან 40 ტენდერში უკონკურენტოდ, ხოლო 19 ტენდერში კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვა.
ამ კომპანიის მიერ მოგებული ტენდერებიდან 25 ტენდერი წყალტუბოს მუნიციპალიტეტზე მოდის, 18 შემთხვევაში შემსყიდველი “საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტია”, 21 შემთხვევაში - ხონის მუნიციპალიტეტი, ხოლო 23 შესყიდვა სხვა შემსყიდველებზე ნაწილდება.
შპს “როსტვერკმა” 2015-2022 წლებში ტენდერებიდან 16,171,651 ლარი მიიღო, გამარტივებული შესყიდვებით კი - 792,678 ლარის ღირებულების კონტრაქტები. მოგებული 13 ტენდერიდან 6-ში შპს-ს კონკურენტი არ ჰყოლია, ხოლო 2 შემთხვევაში სხვა კომპანიის დისკვალიფიკაციის შედეგად გაიმარჯვა.
„2011 წლიდან ვიღებ მონაწილეობას ტენდერებში და შესაბამის საქმესაც ვაკეთებ. მოგებული თანხის გარკვეულ ნაწილს ქველმოქმედებაში ვხარჯავ. საქმე ამას მოითხოვს. ვარ "ქართული ოცნების" შემწირველი, უამრავ გაჭირვებულ ოჯახს ვეხმარები წყალტუბოში. საკრებულოს რიგითი წევრი ვარ და არ ვარღვევ არანაირ კანონს“, - ამბობს ჯეირან ომანაძე.
ჯეირან ომანაძე წყალტუბოს 2021 წლის მოწვევის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას იკავებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მიმართავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს შპს „ჯ და ჯ”-სა და შპს “როსტვერკის” სახელმწიფო შესყიდვები და გამოარკვიოს შესაძლო კორუფციულ გარიგებების შესახებ. ორგანიზაცია მიმართავს ასევე საჯარო სამსახურის ბიუროს, შეისწავლოს ჯეირან ომანაძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.