
სომხეთი: "აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ჯარებმა საკონტაქტო ხაზი გადაკვეთეს და ერთი სოფელი დაიკავეს"
24/03/2022 18:20:14 კავკასია
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "დღეს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ჯარებმა გადალახეს საკონტაქტო ხაზი და სოფელი ფარუხი დაიკავეს, რომელსაც მანამდე სომხები აკონტროლებდნენ".
„აზერბაიჯანის ეს აგრესიული მოქმედებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოფიციალური ბაქო განაგრძობს 2020 წლის სამმხრივი შეთანხმების დარღვევას, რომლის თანახმად, უნდა შემწყდარიყო დაპირისპირება და მხარეები უნდა დარჩენილიყვნენ მათ მიერ უკვე დაკავებულ პოზიციებზე, ხოლო საკონტაქტო ხაზზე რუსი სამშვიდობოები უნდა განლაგებულიყვნენ. მოველით, რომ რუსი სამშვიდობო ძალები, რომელთა პასუხისმგებლობის არეშიც მოხდა პროვოკაცია, გადადგამენ ნაბიჯებს, რათა აზერბაიჯანული ძალები დაუყოვნებლივ დაბრუნდნენ საწყის პოზიციებზე“, – ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
აზერბაიჯანი სომხური მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ "არანაირი შეტაკება ან ინციდენტი არ მომხდარა".