Accentnews.ge
„ისტორიული შანსია“: უკრაინაში მებრძოლი ბელარუსი მოხალისეები საკუთარ მოტივაციას განმარტავენ

„ისტორიული შანსია“: უკრაინაში მებრძოლი ბელარუსი მოხალისეები საკუთარ მოტივაციას განმარტავენ

25/03/2022 07:37:39 ინტერვიუ

ამერიკაში მცხოვრები ბელარუსი პაველ კულაჟენკო „კასტუს კალინუსკის“ სახელობის ბატალიონის მებრძოლი გახდა, რომელიც უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს. ის ბოლო 10 წლის განმავლობაში ნიუ-იორკში ცხოვრობდა, მაგრამ ერთი კვირის წინ ჩავიდა უკრაინაში, რათა ებრძოლა რუსული არმიის წინააღმდეგ.

ის ბელარუსის პოლიტიკურ გარემოში ცნობილი პიროვნებაა. მხარს უჭერს წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც 2020 წლის არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდა და ხელს უწყობს აჯანყების იდეას ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ. პაველი ბელარუსში 2011 წლამდე ცხოვრობდა, მსახურობდა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში და ომონში. ამჟამად კი მოხალისეა უკრაინაში და დარწმუნებულია, რომ ბელარუსული „კალინოვსკის ბატალიონი“ გახდება არმიის საფუძველი, რომელიც მომავალში ბელარუსს დიქტატურისგან გაათავისუფლებს.

პაველი ყვება, რომ მან აშშ ვიზის მიღებისთანავე დატოვა. ვარშავაში რამდენიმე დღის გატარების შემდეგ, სადაც ბელარუს მოხალისეთა ცენტრია განთავსებული, კიევში ჩავიდა.

„ეს არჩევანის გაკეთებია დროა, როცა უნდა გადაწვიტო, ვინ ხარ შენ. მე მესმის, რომ თავისუფალი უკრაინის გარეშე ვერც ბელარუსი იქნება თავისუფალი. ჩემთვის, როგორც ბელარუსისთვის, ეს ისტორიული შანსია. თუ ჩვენ მას ხელიდან გავუშვებთ, ბუნდოვანია, მსგავსი შანსი კიდევ როდის გამოჩნდება. უკრაინა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ქმნის პლატფორმას ბელარუსის განმათავისუფლებელი არმიის მომავალი ფორმირებისთვის, რომელიც ყალიბდება „კასტუს კალინუსკის“ ბატალიონის ბაზაზე“, - ამბობს პაველ კულაჟენკო.

ის უკრაინის რუსი დამპყრობლებისგან განთავისუფლებას ბელარუსი მოხალისეების პირველი რიგის ამოცანას უწოდებს, მაგრამ "ლუკაშენკოს რეჟიმის ნგრევას" – ბელარუსების "საბოლოო გაჩერებას".

„ლუკაშენკოს უკანასკნელი საყრდენი ძალოვანი სტრუქტურებია. თუ მათ აქ გამოუშვებს, ხოლო აქედან მათ კუბოებით გაუშვებენ უკან, კუკაშენკოს უკანასკნელი საყრდენიც გამოეცლება. როგორც ადამიანი, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძვის, მზად ვარ, აქ ლუკაშენკოს შევხვდე. მათ უკვე ნახეს, აქ რას უშვრებიან რუს ოკუპანტებს, იგივე ელით მათაც. და ჩვენი საბოლოო მიზნიდან გამომდინარე, შემიძლია, ვთქვა, რომ ჩვენ ნაკლები სამუშაო გვექნება გასაკეთებელი, როდესაც ბელარუსის განთავისუფლების დრო დადგება“, - ამბობს პაველი.

კითხვაზე, რას გააკეთებს ის, თუ ბრძოლის ველზე შეხვდება ჯარისკაცს ფორმაზე დატანილი წითელი და მწვანე დროშით (ბელარუსის ოფიციალური დროშა ლუკაშენკოს რეჟიმის პირობებში; რეჟიმის ოპონენტები კი იყენებენ ტრადიციულ ეროვნულ დროშას თეთრ-წითელ-თეთრ ფერებში), ის თავდაჯერებულად პასუხობს: „თუ ჩემს წინ იარაღით ხელში იდგება, არ ვიყოყმანებ“.

პაველის თქმით, „კალინოვსკის ბატალიონს“ აქვს ყველა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ჯარებია თავმოყრილი საზღვართან ბელარუსის მხარეს, რა ტიპის შეიარაღებითა და ჯავშანტექნიკით:

„თუ ისინი აქ ცუდი განზრახვით მოსვლას აპირებენ, ელოდებათ ძლიერი ცეცხლი და „ბაირახტარები“ (თურქული წარმოების დრონი) და განადგურდებიან“.

მისი თქმით, სადღეისოდ „კასტუს კალინუსკის“ სახელობის ბატალიონი ასზე მეტ მებრძოლს აერთიანებს, თუმცა მომავალ კვირაში კიდევ ერთი ჯგუფის დამატებას ელის:

"უკვე არსებობს პოლიტიკური გადაწყვეტილება ჩვენი დანაყოფის გაფართოების შესახებ. ვცდილობთ, შევქმნათ ჩვენი საწვრთნელი ბაზა. აქ ძალიან კარგად გვექცევიან – უკრაინელებს ახსოვს ბელარუსებთან წინა გამოცდილება. როცა ლვოვი დავტოვეთ, კონდუქტორს გაუკვირდა, რომ ბელარუსები ვიყავით. მაგრამ ჩვენ ავუხსენით მას განსხვავება ბელარუსებსა და ლუკაშისტებს შორის“.

"ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს, რომელიც ბატალიონის სამეთაურო შტაბს ქმნის. გუნდმა კარგად იცის თავისი მიზნები, მათ შორის – საბოლოო და აკეთებს ყველაფერს ჩვენი ქვედანაყოფის გასაფართოებლად. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ რესურსები ერთ ადგილზე კონცენტრირდეს. ერთადერთი ბაზა, რომელზედაც შეიძლება, გაჩნდეს ბელარუსის განმათავისუფლებელი არმია, ის ნაწილია, რომელშიც ახლა ვარ“.

დღეს უკრაინელების მხარეს ბელარუსები სხვადასხვა ფორმირებებში მონაწილეობენ, მაგრამ „კალინუსკის ბატალიონი“ ყველაზე მრავალრიცხოვანია.

„ვიწვევთ ყველას, პირველ რიგში, საბრძოლო გამოცდილების მქონე ადამიანებს. სწორედ ისინი შეადგენენ ჩვენი ბატალიონის ხერხემალს. ეს არის ბელარუსების თვითგამორკვევის დრო სამშობლოს განთავისუფლებაში. არც მანძილმა, არც ასაკმა, არც საბრძოლო გამოცდილების ნაკლებობამ უნდა შეაჩეროს ისინი. ბატალიონს აქვს დიდი საბრძოლო გამოცდილება. არიან ძალიან გამოცდილი ინსტრუქტორები. ყველაფრის სწავლა შეიძლება. არა მგონია, ვინმემ ასწავლოს იმაზე უკეთ, ვიდრე ეს ინსტრუქტორებს შეუძლიათ, რომლებიც 2014 წლიდან იბრძვიან",– ამბობს პაველი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S