აშშ – საქართველოსთან თავისუფალ ვაჭრობაზე: "ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია ამ დროისთვის შიდა ეკონომიკის გაძლიერებაზეა ორიენტირებული"

25-03-2022 14:08:44 ეკონომიკა ,კომენტარი

"ამ დროისთვის ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია ჩვენს შიდა ეკონომიკის გაძლიერებაზეა ორიენტირებული" - ამის შესახებ "აქცენტს" სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების პერსპექტივებზე საუბრისას განუცხადა.

"აშშ ცდილობს, გამოავლინოს შესაძლებლობები, როგორც ამერიკული კომპანიებისთვის საქართველოში ინვესტიციების განსახორციელებლად, ისე ორივე ქვეყნისთვის, ივაჭრონ ერთმანეთთან საქონლითა და მომსახურებით. შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ორმხრივ საინვესტიციო ხელშეკრულებასა და ორმხრივ სავაჭრო და საინვესტიციო ჩარჩო შეთანხმებას. "პრეფერენციების გენერალიზებული სისტემის პროგრამის" ფარგლებში საქართველოს შეუძლია, შეერთებულ შტატებში მრავალი დასახელების პროდუქტის ექსპორტი უბაჟოდ განახორციელოს. ამ დროისთვის ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია, სანამ რაიმე ახალ სავაჭრო გარიგებას დადებს, ამერიკელ მუშახელში ინვესტიციების ჩადებისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების გზით, ჩვენი შიდა ეკონომიკის გაძლიერებაზე რჩება ორიენტირებული"- განუცხადა "აქცენტს" აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა და დასძინა: "სახელმწიფო დეპარტამენტი, კონკრეტული მექანიზმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით, მჭიდროდ თანამშრომლობს ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენლის ოფისთან (USTR), რათა საუკეთესოდ განვავითაროთ ჩვენი სავაჭრო ურთიერთობა საქართველოსთან. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს USTR [ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენლის ოფისი] ხელმძღვანელობს".

ცნობისთვის: 2012 წლიდან შეერთებული შტატები და საქართველო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლებლობას პერიოდულად განიხილავენ. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება (FTA) ქვეყნებს შორის სავაჭრო ბარიერების მოხსნას, ინვესტიციებისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ღონისძიებებს ითვალისწინებს.

დღეს საქართველოს აშშ-თან ვაჭრობის შეღავათიანი რეჟიმი აქვს - GSP (Generalized System of Preferences - პრეფერენციების განზოგადებული სისტემა). აღნიშნული რეჟიმი 3 ათასზე მეტი დასახელების ქართულ საექსპორტო პროდუქციაზე ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ GSP (Generalized System of Preferences - პრეფერენციების განზოგადებული სისტემა) რეჟიმი მუდმივმოქმედი არ არის და პერიოდულად გადახედვას ექვემდებარება. მასთან შედარებით, თავისუფალ ვაჭრობას ის უპირატესობა აქვს, რომ თითქმის ყველა დასახელების საქონელს შეეხება. გარდა ამისა, ეს რეჟიმი მუდმივმოქმედია, რაც ინვესტორებისთვის სტაბილურობის გარანტიას ქმნის.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები