Accentnews.ge
«პუტინი ბოლო – გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება»

«პუტინი ბოლო – გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება»

27/03/2022 12:51:06 ინტერვიუ

რაში მდგომარეობს სოფელ ჩერნობაევკის ფენომენი, სადაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული უკვე მეათედ გააცამტვერეს? უღირს თუ არა უკრაინას ქერჩის სრუტეზე გამავალი ხიდის განადგურება, რათა ოკუპირებულ ყირიმში რუსული ჯარის მომარაგების შესაძლებლობა მოსპოს? რა შანსები აქვთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კონტრშეტევისთვის? - ამ და სხვა საკითხებზე რუსი სამხედრო ექსპერტის - იური ფეოდოროვის მოსაზრებებს გთავაზობთ.

– რა შანსები აქვს უკრაინას, დაიბრუნოს ხერსონი და მისი შემოგარენი, სადაც ადგილობრივები სისტემატიურად მართავენ აქციებს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ?

– ვფიქრობ, უახლოეს დღეებში უკრაინის კონტრშეტევაზე (როგორც სამხრეთში, ისე კიევის მიდამოებსა და სხვა ადგილებში) საუბარი ნაადრევია. კონტრშეტევა ხომ ძალზე რთული, სისტემური ოპერაციაა, რომელიც დიდ რესურსებსა და მოწინააღმდეგეზე უპირატესობის მოპოვებას მოითხოვს - სულ მცირე, შეიარაღების ზოგიერთი სახეობის კუთხით მაინც: საუბარია უპირველესად, არტილერიაზე, რომლითაც, როგორც სამხედროები ამბობენ ხოლმე, მტრის “წინა ხაზი უნდა დამუშავდეს”, უკრაინულ ჯარს კი მსგავსი შეიარაღების საჭირო რაოდენობა ამ ეტაპზე არ აქვს.

ამდენად, ჩემი აზრით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი ამოცანა ახლა უნდა მდგომარეობდეს რუსული ჯარის მაქსიმალურ შეკავებაში იქ, სადაც ეს უკანასკნელი შეტევაზეა.

მართალია, ზოგიერთგან, მაგალითად, კიევთან შეინიშნება რუსების თავდაცვაზე გადასვლა (იმართება მავთულხლართები, ხორციელდება ტერიტორიის დანაღმვა, არსებობს რიგი სხვა ნიშნებიც), მაგრამ ვშიშობ, პუტინი და მისი უმაღლესი სამხედრო გარემოცვა ახლა ბოლო – გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადებიან.

ჩემი აზრით, ამმხრივ საუბარი იქნება, უპირველესად, მცდელობაზე, შეტევათა სერიის განხორციელებამდე ალყაში მოაქციონ და/ან დაბლოკონ ე.წ. “ООС-ზონაში”, უკრაინის დანარჩენ ტერიტორიასა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკას შორის გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდგომი უკრაინული ძალების მნიშვნელოვანი რაოდენობა. და აი, აქ სავარაუდოდ, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში უნდა ველოდოთ დიდ ბრძოლბს.

თუმცა რუსული ჯარის რაიმე ხელშესახებ წარმატებებს მაინც არ ველი მას შემდეგ, რაც ყველამ ვიხილეთ ძალზე სერიოზული, სისტემური ხარვეზები, რომელთა მოკლე დროში აღმოფხვრა უბრალოდ შეუძლებელია. გარდა ამისა, რუსული არმია სათანადოდ მომზადებული რეზერვების კატასტროფულ უკმარისობას განიცდის.

– ხერსონის მხარეში არსებობს სოფელი ჩერნობაევკა, რომლის სიახლოვეს აეროდრომია განლაგებული. იქ რუსები უკვე 10-ჯერ გაანადგურეს, მაგრამ მაინც არ ეშვებიან. რაში მდგომარეობს ჩერნობაევკის ფენომენი?

– ეს აეროდრომი განთავსებულია ტერიტორიაზე, რომელიც ბოთლის ყელს შეიძლება, შევადაროთ. იქ გადის ხიდი – ერთადერთი, რომლითაც რუსული ჯარისთვის დამატებითი ძალებისა და სამხედრო ტექნიკის მიწოდებაა შესაძლებელი. სწორედ ამ აეროდრომზეა ერთადერთი შესაძლო ბაზა, რომელზეც ტექნიკა იყრის თავს და შემდეგ სხვადასხვა მიმართულებით ნაწილდება. უკრაინულმა ძალებმა ეს აეროდრომი უკვე 8-ჯერ თუ 9-ჯერ დაფარეს საარტილერიო ცეცხლით და რუსებმა იქ უდიდესი დანაკარგი განიცადეს. სწორედ იქ იქნა ლიკვიდირებული ერთ-ერთი რუსი გენერალიც. უბრალოდ რუსებს სხვა გზა არ გააჩნიათ ჯარებისა და ტექნიკის გადასასროლად.

– რუსეთი ყირიმსა და უკრაინის სამხრეთში თავისი ძალების გასაძლიერებლად ქერჩის ხიდს იყენებს. როგორ ფიქრობთ, მიზანშეწონილია, უკრაინამ ეს ხიდი გაანადგუროს?

– არა მგონია, ეს მიზანშეწონილი ნაბიჯი იყოს. ამ ხიდის განადგურება მხოლოდ ავიაციის მძლავრი შეტევებითაა შესაძლებელი. ხიდს იცავენ: მის ირგვლივ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მნიშვნელოვანი ძალებია განთავსებული - და ეს ომის დაწყებამდე ბევრად ადრე გაკეთდა, რაც, სხვათა შორის, კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ რუსეთი ომისთვის წინასწარ ემზადებოდა, თანაც აცნობიერებდა, რომ ეს მომავალ ომში ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი წერტილი იქნებოდა. საქმე ისაა, რომ ამ ხიდის განადგურება არცთუ ადვილია: მისი კონსტრუირებისას შესაძლო საბრძოლო მოქმედებების ასპექტიც იქნა გათვალისწინებული.

ასე, რომ ჰიპოთეტიურად, უკრაინის მიერ ამ ხიდის ავიაციით განადგურების მცდელობამ შესაძლოა, სერიოზული დანაკარგი გამოიწვიოს საბრძოლო თვითმფრინავებში, რომლებიც სამწუხაროდ, ისედაც ცოტა აქვს. ამდენად, ვფიქრობ, ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ამ ნაბიჯზე გამიზნულად არ მიდის, რათა შეინარჩუნოს სამხედრო-საჰაერო ძალები, რომლებიც სხვა მიმართულებით გამოადგება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S