
$100 მლნ - დღიურად: უკრაინა აშშ-ს ომის ყოველი დღისთვის 500-500 “ჯაველინსა” და “სტინგერს” სთხოვს
27/03/2022 13:51:09 თავდაცვა
უკრაინამ აშშ-ს მიმდინარე ომის დასრულებამდე ყოველ დღეზე გათვლით “ჯაველინისა” და “სტინგერის” ტიპის 500-500 ერთეული რაკეტების მიწოდება სთხოვა. ამ ინფორმაციას პენტაგონში მომუშავე ჩინოსანზე დაყრდნობით ამერიკული მედია ავრცელებს.
ჟურნალისტებმა უკრაინის განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევისთვის ამერიკული მხარის სავარაუდო ხარჯებიც გაითვალეს: თითო “ჯაველინის” ღირებლება 78 000 დოლარია, თითო “სტინგერის” – 120 000; შესაბამისად, დღიურად ერთი და მეორე სახეობის 500-500 ერთეულის მიწოდება აშშ-ს თითქმის 100 მლნ დოლარი დაუჯდება, 10 დღეში – თითქმის მილიარდი და ასე – სანამ ამის საჭიროება არ მოიხსნება.
უკრაინული მხარე ამის აუცილებლობას იმით განმარტავს, რომ მოსკოვი “გადამწყვეტი ბრძოლისთვის” ემზადება და მართალია, რუსული ტექნიკის დიდი ნაწილი, როგორც აღმოჩნდა, არასახარბიელო მდგომარეობაშია, მაგრამ რაოდენობრივად მას ჯერ კიდევ საკმარისად ბევრი ტანკი და ჯავშანმანქანა რჩება.
თავის მხრივ, ამერიკული მედია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიმდინარე ომში უკრაინულმა შეიარაღებულმა ძალებმა “ჯაველინების” გამოყენების რეკორდული ეფექტურობა გამოავლინეს: 112 გასროლიდან - 100 მოხვედრა. ამ სტატისტიკიდან გამომდინარე, თუკი უკრაინულ მხარეს ომის ყოველი დღისთვის 500 ერთეული “ჯაველინი” ექნება, მას დღეში დაახლოებით 440 ერთეული რუსული მძიმე ტექნიკის განადგურება შეეძლება.