რატომ იღუპებიან რუსი გენერლები პუტინის ომში

28-03-2022 22:04:50 , ,

უკრაინაში ვლადიმირ პუტინის მიერ გაჩაღებული ომის ანალიზისას ერთ–ერთი განხილვადი თემა გარდა მოძველებული აღჭურვილობისა, ტექნიკისა და ცოცხალი ძალის დანაკარგისა, უხარისხო კომუნიკაციისა, და ლოჯისტიკური პრობლემებისა, მოკლული რუსი გენერლების რაოდენობაა. მართალია, რუსეთმა ოფიციალურად მხოლოდ ერთი მაღალჩინოსნის დაკარგვა აღიარა, თუმცა უკრაინული მხარე შვიდ გვარს ასახელებს: ანდრეი სუხოვეცკი, ვიტალი გერასიმოვი, იაკოვ რეზანცევი, ანდრეი კოლესნიკოვი, ანდრეი მორდვიჩევი, მაგომედ თუშაევი და სავარაუდოდ, ოლეგ მიტიაევი.

საგამოძიებო ჟურნალისტური ჯგუფის „Bellingcat-ის“ აღმასრულებელი დირექტორი ხრისტო გროზევი, რომლის ჯგუფიც ამჟამად რუსი სამხედროების მიერ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებების დოკუმენტალიზებაზეა ფოკუსირებული, არ იზიარებს მაგალითად, ამერიკელი ანალიტიკოსებისა შეფასებებს იმის თაობაზე, რომ რუსეთში ომის წარმოების მხოლოდ ერთი გეგმა ჰქონდათ და არც ერთი სათადარიგო და ვინაიდან ის ჩავარდა, ახლა გენერლებს მოცემულობასთან ადაფტირება, ფრონტის ხაზთან ახლოს მისვლა უწევთ და სნაიპერების სამიზნეებიც ხდებიან:

„ზოგადად, გენერალი არა წინა ხაზზე, არამედ ზურგში უნდა იყოს, საიდანაც გასცეს ბრძანება, იბარებს ანგარიშს და ა.შ. იმგვარ სამხედრო კამპანიაში კი, რომელსაც ჩვენ ამჟამად ვადევნებთ თვალს, როდესაც ძალიან ბევრ რუსულ დანაყოფს ერთმანეთთან კომუნიკაციაც არ აქვთ, იქმნება მოცემულობა, რომ ის, რაც გამოიყურება „ზურგად“, შესაძლოა, ფრონტის ხაზი იყოს, სადაც ზურგიდან მიდიან უკრაინელი სამხედროები. გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ გენერლების უმეტესობა სპანიპერების მიერ იყო მოკლულნი, სნაიპერი კი ნებისმიერ ლოკაციაზე შეიძლება, იყოს, მათ შორის – ზურგში.

დაკარგული გენერლების რაოდენობას აქვს არა მხოლოდ პრაქტიკული მნიშვნელობა – ანუ დაკარგვა ადამიანების, რომელთაც ადგილზე შეუძლიათ სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება, მათ შორის არმიაში, ეს ნდობის დაკარგვასაც გულისხმობს ოფიცრებისა და მებრძოლების მხრიდან. იმის გამო, რომ გენერალი მოკლეს, ბევრი საშუალო რანგის მებრძოლი საშინლად დაიბნა და ფრონტის ხაზიდანაც კი გარბოდნენ. ეს მნიშვნელოვანი გარემოება და ძალიან მნიშვნელოვანი დანაკარგია. იგივე ამერიკამ ვიეტნამის ომიდან მოყოლებული დღემდე ომებში ჯამში ორი გენერალი ჰყავს დაკარგული. ამ შემთხვევაში კი ერთი თვის განმავლობაში 4 ან 6 გენერალია დაღუპული“.

თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტ კახა ესებუას ანალიზის მიხედვით, ზოგადად, უკრაინაში რუსულ არმიას ერთი დიდი პრობლემა უდგას – პირად შემადგენლობას არ სურს ომი. ამიტომ, მეთაურებს უწევთ პირადი მაგალითის ჩვენება უფრო დაბალი რანგის მეთაურებისთვის:

„როგორც ჩანს, ამას კრემლიდან დაჟინებით ითხოვენ. უნდა აღინიშნოს, რომ მათ „პირად მაგალითს“ ბევრმა რუსმა სამხედრომ მიბაძა და სამუდამოდ დარჩა უკრაინის მიწაზე.

რაც შეეხება უფრო გამოცდილ ქვედანაყოფებს, მათი მართვა და კონტროლი შედარებით უფრო აწყობილია და მათ მეთაურებს არ უწევთ წინა ხაზზე სირბილი. ზოგადად, ვიღაცას ეს წინა ხაზზე ყოფნა შეიძლება ვაჟკაცობად მოეჩვენოს. რეალურად ეს არის დიდი სისუსტე და არაკომპეტენტურობა. ამ გენერლებს წინა ხაზზე სარბენად დრო ახალგაზრდობაში ჰქონდათ, ახლა კი მათი ადგილი ზურგში, შტაბშია“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები