საქართველო და „შავი ხვრელის“ პერსპექტივა

29-03-2022 17:09:56 პოლიტიკა ,ინტერვიუ

მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ერთ-–ერთმა პირველმა დააანონსა, „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდებაო“, ხოლო მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლები ბოლო დროის დრამატული მოვლენების შიდაპოლიტიკურ კონტექსტში განხილვას შეუდგნენ, გაჩნდა მზარდი შეშფოთება, საქართველო „შავ ხვრელად“ – რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის სივრცედ არ იქცეს და ამის გამო არ დარჩეს უსაფრთხოების იმ არქიტექტურის მიღმა, რომელიც ამჟამად ყალიბდება. ამასწინათ მოსკოვიდან გაჟღერებულმა „სამადლობელმა“ შიშები კიდევ უფრო გააღრმავა, ხოლო დასავლელი დიპლომატების საჯარო გამაფრთხილებელმა გზავნილებმა და მით უფრო ელჩებთან დახურულ კარს მიღმა გამართულმა შეხვედრებმა ქვეყანაში შექმნილ ვითარებას უკვე შემაშფოთებელი ელფერი შესძინა.

რატომ ჩათვალეს ელჩებმა საჭიროდ საქართველოს საჯაროდ გაფრთხილება

რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორ კახა გოგოლაშვილის შეფასებით, „შავ ხვრელად“ ქცევის პერსპექტივა აქვს ნებისმიერ ქვეყანას, რომლის არასაკმარისად ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები სრულად ვერ აკონტროლებენ ბაზარზე მიმდინარე პროცესებს: ყველა ოპერაციის სათანადოდ აღრიცხვას, საბაჟოზე სანქცირებული პროდუქტის არასანქცირებულისგან გამიჯნვას და ა.შ. ამასთან, საქართველოს საზღვარი ღიაა რუსეთის მოქალაქეებისთვისაც:

„არის შესაძლებლობა, მინიმუმ, ხელი შევუწყოთ სანქციების რეჟიმის დარღვევას, იგივე რუსული კაპიტალის თავისუფლად მოძრაობას ჩვენი ტერიტორიის გავლით, რიგი კონტრაქტების განხორციელებას. მაგალითად, რუსეთს აკრძალული აქვს ორმაგი (სამხედრო და სამოქალაქო) დანიშნულების ტვირთების მიღება ევროპიდან, ჩვენ კი - არა. შესაძლებელია, ჩვენთან განხორციელდეს იმპორტი, გადაკეთდეს კოდი (თითქოს სხვა პროდუქციაა), შემდეგ კი რუსეთში განვახორციელოთ ექსპორტი. სანქციების გამო რუსებს აკლიათ ელექტრონული საქონელი – სხვადასხვა სახის ჩიპები, ელექტროსქემები, რომლებიც სჭირდებათ, მათ შორის, რაკეტებისა და ტანკებისთვის. ცხადია, ამ პროდუქციის შეტანას იმ ქვეყნების გავლით მოინდომებენ, რომლებიც სანქციებს არ შეერთებიან და ამავდროულად მოწყვლადები არიან რუსეთის მიმართ. მსგავს სიტუაციაში ქვეყნის მთავრობის მიდგომებს დიდი მნიშვნელობა აქვს“.

გოგოლაშვილის ხედვით, სწორედ ამ რისკებისა და მმართველი გუნდის პოზიციონირების გათვალისწინებით, რომელიც რუსეთის მიმართ სათანადო სიმტკიცეს არ ავლენს, პარტნიორებმა საჭიროდ ჩათვალეს იმის ხაზგასმა, რომ ორმაგად, ინტენსიურად გააკონტროლებენ პროცესებს:

„ეჭვები შესაძლოა, ყოველთვის არსებობდეს ისეთ პირობებში, როდესაც ხედავენ, რომ რუსები რაღაცისთვის ემზადებიან, ძალიან გვაქებენ, "თავზე ხელს გვისვამენ“, ამბობენ, საქართველო „ჩვენი მეგობარიაო“. შესაძლოა, კონკრეტული ინფორმაციაც აქვთ - ამის გამორიცხვა არ შეიძლება: შესაძლოა, საქართველოს მხრიდან დაპირება არ ყოფილა, მაგრამ რუსეთის მხრიდან რომ იქნებოდა კომუნიკაცია და არა მხოლოდ საქართველოს მთავრობასთან, ეს ნათელია“.

რატომ გვაქებენ რუსეთში?

მოსკოვიდან თბილისს „გამოჯანმრთელება“ ჯერ კიდევ 25 თებერვალს მოგვილოცეს, როდესაც ღარიბაშვილმა გვამცნო, რომ საქართველო უკრაინის მიართ აგრესიის გამო დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს „ეროვნული ინტერესების“ მოტივით არ უერთდებოდა. მას შემდეგ პუტინის ფაშისტური რეჟიმის სახელმწიფო სათათბიროსა თუ პროპაგანდისტულ მედიაში ხშირად ჟღერს "მუქარანარევი ქების" გზავნილები, არ ავიწყდებათ საქართველოს მოხსენიება „ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის“ ძებნის პროცესშიც - არ ივიწყებენ ლუგარის სახელობის ლაბორატორიას, რომელიც უკვე წლებია, რუსული სადეზინფორმაციო პროპაგანდის სამიზნეს წარმოადგენს.

გოგოლაშვილის აზრით, რუსეთის ეს პოლიტიკა რამდენიმე მიზანს ემსახურება:

  • იმუშავოს რუსეთის შიდა აუდიტორიაზე, რომელიც ამჟამად კრემლის ტოტალური სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული კონტროლის ქვეშ იმყოფება;
  • საქართველოს პარტნიორებს შორის ეჭვები დათესოს და სხვა.

„ამ მომენტში რუსებს აწუხებთ საერთაშორისო იზოლაცია, რომელიც მათთვის პრობლემებს ქმნის არა მხოლოდ საგარეო, არამედ შიდა სახელმწიფოებრივ ჭრილშიც (საერთაშორისო იზოლაციის აღიარება თავად რუსეთის მოქალაქეების მიერ). ამიტომ რაც მეტი ქვეყანა გამოჩნდება ისეთი, რომელიც არ შეუერთდება დასავლურ სანქციებს, მით უკეთესია კრემლის შიდა პიარისთვის. საქართველო პატარა ქვეყანაა და არ აქვს მნიშვნელოვანი გავლენა, მაგრამ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროსა და სახელმწიფო მედიაში ამ საკითხზე ისე აქცენტირებენ, თითქოს საქართველო პროცესში გადამწყვეტი ფაქტორი იყოს, - „აი, საქართველო თუ ჩვენს მხარესაა, ესე იგი, ჩვენ მართლები ვართო“ – ასე წარმოაჩენენ, მიუხედავად იმისა, რომ რეალური მოცემულობა განსხვავებულია. რაც შეეხება მეორე მიზანს, ომის დროს ისეთი საგარეო პოლიტიკური ამოცანები, როგორიცაა ალიანსების დაშლა, მოკავშირეებს შორის უნდობლობის თესვა – ეს ჰიბრიდული ომის ნაწილია. რუსეთს სურს, რაც შეიძლება, მეტად დააზიანოს საქართველოს ურთიერთობები უკრაინასთან და დასავლელ პარტნიორებთან. ელჩების განცხადებებიც იმის შედეგია, რომ რუსეთმა, სამწუხაროდ, ამ უნდობლობის გაღვივება მოახერხა და ჩვენებმაც. რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, „კარგად იმუშავეს“ საკუთარი არასწორი გზავნილებით“.

გარდა ამისა, გოგოლაშვილის აზრით, რუსეთს არსებულ ვითარებაში საქართველო "შავ ხვრელად" სჭირდება - ამიტომაც ცდილობს, "თავი მოუქონოს“ ხელისუფლებასაც, მოსახლეობასაც – „კარგი თვალით გიყურებთ, მაგრამ ნუ გაგვაღიზიანებთ, დაგვეხმარეთო“:

"მაგალითად, თუ რუსი ოპოზიციონერები და ჟურნალისტები საქართველოს აფარებენ თავს და აქედან ავრცელებენ პუბლიკაციებს, შეზღუდეთ, ნუ შემოუშვებთო; თუ საჭირო იქნება იმ პროდუქციის მიწოდება, რომელსაც რუსეთი სანქციების გამო ვერ იღებს, ეს საქართველოს გავლით უნდა მოხდესო. და უკვე ვიცით, რომ ამ დღეებში ბევრმა რუსულმა კომპანიამ გადმოიტანა საქართველოში რეგისტრაცია, შეისყიდიან საქონელს დასავლეთში და „შავი გზებით“ ეცდებიან იქით გადატანას".

ამ ყველაფერს, მისი შეფასებით, ემატება საქართველოში პრორუსული ძალების მომძლავრებაც:

"მშვიდობიანობის დროს ეს მათი ერთ–ერთი ამოცანა იყო. ახლა კი უკვე ყველანი ვადევნებთ თვალს ამ ჯგუფების მომძლავრებას“,– ასკვნის „აქცენტთან“ საუბრისას გოგოლაშვილი.

შერჩება საქართველოს სანქციების იგნორირება?

განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება ხშირად იყო დასავლელი პარტნიორების მწვავე კრიტიკის ადრესატი დემოკრატიის კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯების გამო, თუმცა მის წინააღმდეგ მკაცრი ზომები არ მიღებულა, რასაც პროცესზე დამკვირვებლები ევროკავშირის მოუცლელობით ხსნიდნენ საკუთარი შიდა პრობლემებით დატვირთულობის გამო. მაგრამ სადღეისოდ მოცემულობა განსხვავებულია – დასავლეთი თავადაც ძვირ ფასს იხდის რუსეთის შეკავების მცდელობისას და რა მოხდება, თუ საქართველო ამ ხაზსაც გადაკვეთს?

„იმედი დავიტოვოთ, რომ მსგავსი რამ არ მოხდება, მაგრამ ის, რომ ეჭვები არსებობს, უკვე ძალიან ცუდია: დასავლეთს მეტი ძალისხმევის გაწევა მოუწევს – მეტი მონიტორინგი, დაზვერვა, რესურსის ხარჯვა, რომ საქართველო არ იქცეს „შავ ხვრელად“, რომ სწრაფად დაადგინონ, თუ რაიმე საეჭვო ოპერაციები ხორციელდება. ეს - იმიტომ, რომ არ ენდობიან ჩვენს ხელისუფლებას, კერძოდ იმას, აქვს თუ არა თბილისს შესაბამისი ნება, ან შეძლებს თუ არა. ვფიქრობ, კონტროლი მოხერხდება. თუ რიგი ოპერაციები მაინც განხორციელდება, იქნება შესაბამისი რეაგირება პერსონების მიმართ. მაგრამ თუ ეს იმგვარ მასშტაბს შეიძენს, რომ ხელს შეუშლის რუსეთის დასუსტების პოლიტიკას, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება" - თვლის გოგოლაშვილი.

იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "რაც უფრო რთულდება ჩვენი ურთიერთობები დასავლეთთან, მით მეტად იზრდება რუსეთის მიერ საქართველოს შთამთქმის რისკები და შესაძლოა, სომხეთად გადავიქცეთ".

ამ კონტექსტში იგი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის - ირაკლი კობახიძისორი დღის წინანდელ განცხადებაზე ამახვილებს ყურადღებას:

"ძალიან არ მომეწონა კობახიძის გამოსვლა, “დსთ–ში რომ არ შევედით, სამოქალაქო ომი დაიწყო და მერე მაინც შევედითო“. რას ნიშნავს ეს? ანუ, სჯობს, რუსეთს იმთავითვე დავნებდეთ?!“.

გოგოლაშვილი ყველას შეახსენებს, რომ ქვეყანა, რომელიც სასანქციო რეჟიმს არ იცავს, ადრე თუ გვიან, თავად ექცევა სანქციების ქვეშ და ამის შემდეგ რჩება ერთადერთი გზა – რუსეთის სატელიტად ქცევა.

"თუ გვაინტერესებს მოვლენათა მსგავსი სცენარით განვითარების შემთხვევაში საქართველოს პერსპექტივა, საკუთარ ისტორიას გადავავლოთ თვალი: რაც გვქონდა 100 წლის წინ, იგივე პერსპექტივა გვექნება მხოლოდ“ - დასძენს ჩვენი რესპონდენტი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები