
სოხუმი რუსეთის შემადგელობაში გაერთიანებას არ აპირებს
30/03/2022 21:00:29 კონფლიქტები
სოხუმი რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანების საკითხს არ განიხილავს. ამის შესახებ დღეს დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა.
«რეფერენდუმი არაერთხელ ჩაატარეს [ცხინვალმა - რედ.], ეს ალბათ, მათი ისტორიული ბედია, ეროვნული ოცნება - ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანება, ამიტომაც ამაში გასაკვირი არაფერია. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ, მოძმე სამხრეთ ოსეთის ამ მისწრაფებას მხარი დავუჭიროთ», - განუცხადა რუსულ სააგენტო ТАСС-ს შამბამ.
რაც შეეხება რუსეთის შემადგენლობაში აფხაზეთის შესვლის შესაძლებლობას, მისი თქმით, ამის განწყობა არც პოლიტიკურ წრეებშია, არც საზოგადოებაში:
«პირველ რიგში, ამის შესაძლებლობას ჩვენი კონსტიტუცია, ჩვენი კანონმდებლობა არ იძლევა, არც საზოგადოებაშია მსგავსი განწყობა. ჩვენ დიდი ფასი გადავიხადეთ დამოუკიდებლობაში, ეს აფხაზი ხალხის რამდენიმე თაობის ბრძოლის შედეგია, ამდენად, ეს საკითხი არ განიხილება არც პოლიტიკურ წრეებში, არც საზოგადოებაში. არ ვიცნობ აფხაზეთში არც ერთ პოლიტიკურ ძალასა თუ საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელიც დამოუკიდებლობაზე უარს იტყოდა - მსგავსი უბრალოდ არ არსებობს».
ამავდროულად, შამბას თქმით, სოხუმის ურთიერთობა მოსკოვთან - "მოკავშირესა და სტრატეგიულ პარტნიორთან – ყველაზე მჭიდრო თანამშომლობით უნდა განვითარდეს».
«ასე იყო აქამდეც და ახლაც, როდესაც მსოფლიო გლობალურ პოლიტიკაში გარდაქმნებისა და ახალი მოწყობის ზღურბლზე ვდგავართ, კიდევ უფრო გამოიკვეთა, რომ ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან კიდევ უფრო მჭიდრო უნდა იყოს. სამომავლოდ უნდა ჩამოვაყალიბოთ ახალი ერთობლივი პროექტები - ეკონომიკაში, უსაფრთხოების სფეროში, სხვა მიმართულებით», - დასძინა მან.
- მანამდე კრემლის ერთ-ერთმა მთავარმა პროპაგანდისტმა - "Russia Today"-ს მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა, რომელიც ამ დღეებში მეუღლესთან ერთად სოხუმს სტუმრობდა, განაცხადა, რომ "სამარცხვინოდ" მიიჩნევს "რუსეთ-აფხაზეთის საბაჟო-გამშვები პუნქტის არსებობას", რომელიც, მისი თქმით, "რუსეთის მილიონობით მოქალაქის ღირსებას შეურაცხყოფს". "გუშინ აფხაზეთში ვიყავი - იქ მედიაცენტრი გავხსენით. ვივახშმეთ პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან და ბევრი ვისაუბრეთ. შეუდარებელი, მშვენიერი მიწა, მეგობრული, სტუმართმოყვარე, მზიანი ხალხი. ჩვენი ხალხი. ახლა ისინი ჩვენთან ერთად და ჩვენთვის იბრძვიან. ჰოდა ამიხსენით, რა საჭიროა ეს სამარცხვინო საზღვარი და საბაჟო პუნქტი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ნერვებს უშლის, შეურაცხყოფს ერთის მხრივ, იმ მილიონობით რუსის ღირსებას, ვინც ყოველწლიურად ამ საზღვარს კვეთს, ხოლო მეორეს მხირვ - იმ ჩვენი მოკავშირეებისას, რომლებიც ჩვენს გამო დღეს სისხლს ღვრიან?!“, - აღნიშნა მან.
- ორიოდ საათით ადრე კი ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა იმის შესახებ, რომ “სამხრეთ ოსეთის რესპუბიკა უახლოეს მომავალში რუსეთის შემადგენლობაში იქნება”. “ისტორიულ სამშობლოსთან, რუსეთთან გაერთიანება – ეს რესპუბიკის სტრატეგიული მიზანია და შესაბამისი იურიდიული ნაბიჯები უახლოეს მომავალში გადაიდგმება” - აღნიშნა მან.