Accentnews.ge
სამხედროების ნაწილი უკრაინიდან ცხინვალის რეგიონში დაბრუნდა

სამხედროების ნაწილი უკრაინიდან ცხინვალის რეგიონში დაბრუნდა

30/03/2022 21:53:35 კონფლიქტები

ოსური Telegram-არხების ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონში უკრაინიდან მე-4 რუსული სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეების ნაწილი დაბრუნდა. საუბარია, სავარაუდოდ, ოკუპირებული რეგიონის მკვიდრებზე. სამხედროების დაბრუნების მიზეზი და გარემოებები ჯერ-ჯერობით უცნობია.

ამ ფაქტმა ადგილობრივებში დაბნეულობა და შეშფოთება გამოიწვია. სოცქსელების ოსურ სეგმენტში კარდინალურად განსხვავებული შეფასებები გამოითქმის.

მომხდარს გამოეხმაურა დე ფაქტო ექს-პრეზიდენტი ედუარდ კოკოითიც.

"ყველა შეშფოთებულია საბრძოლო მოქმედებების ზონიდან ჩვენი მებრძოლების დაბრუნებით. მინდა, ვთქვა, რომ არავის აქვს უფლება, ეს ბიჭები დაამციროს, მათი საქციელი დაგმოს და ლაჩრები უწოდოს. ჯერ გავერკვეთ მიზეზებში, დავადგინოთ, რა მოხდა და რატომ, როგორ იყო ორგანიზებული მათი მონაწილეობა. ამით ძალიან სერიოზულად დავკავდებით. ყველას მოგიწოდებთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და თავი შეიკავოთ საპროტესტო აქციებისაგან. ამან შეიძლება, ავნოს ჩვენს მებრძოლებს და გაართულოს ისედაც დაძაბული ვითარება. დარწმუნებული ვარ, დაბრუნებული ბიჭები, თუკი ომში მათი მონაწილეობა სათანადოდ იქნება უზრუნველყოფილი, კვლავაც შეძლებენ სპეცოპერაციის ზონაში დაბრუნებას და დონბასის გათავისუფლების ბოლომდე მიყვანაში დახმარებას. მაგრამ ხაზს ვუსვამ, მათი მონაწილეობის ორგანიზება მაქსიმალური პასუხისმგებლობით უნდა განხორციელდეს. ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ თითოეულ სიცოცხლეს», – დაწერა მან.

  • ცოტა ხნით ადრე კოკოითი აცხადებდა, რომ უკრაინაში საომრად მიმავალი სამხედროები "ელემენტარული პირობებით მაინც უნდა იყვნენ უზრუნველყოფილები».

Telegram-არხ "БОНВАЕРНОН"-ში ჯერ დაიწერა, რომ სამხედროები ე.წ. საბაჟო პუნქტზე ჩამოსვეს და "უბრძანეს, ცხინვალამდე გზა თავისით გაეგრძელებინათ". მოგვიანებით კი გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ როკის გვირაბის სამხრეთ ბოლოში სამხედრო ტექნიკა ელოდათ. სოცქსელში გამოქვეყნდა სამხედროების ფოტოები, რომლებიც სავარაუდოდ, ჩრდილოეთ ოსეთის გამშვებ პუნქტ "ქვედა ზარამაგთანაა" გადაღებული.

  • 16 მარტს ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში საბრძოლველად ცხინვალის რეგიონის მკვიდრნი - მე-4 რუსული ბაზის სამხედრო მოსამსახურეები გაემგზავრნენ. 26 მარტს საბრძოლო მოქმედებების ზონაში გადაისროლეს დამატებითი კონტინგენტი 150 კაცის შემადგენლობით.
  • მანამდე სამხედროებს დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი გაესაუბრა. "მათ მშვენივრად ესმით, რომ მიდიან რუსეთის, ასევე ოსეთს დასაცავად» - განაცხადა დე ფაქტო ლიდერმა.
  • მალევე მისი ინიციატივით ცხინვალში უკრაინის წინააღმდეგ ომის მონაწილე სახმედროების, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებიდან რუსეთში ლტოლვილებისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება დაიწყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S