
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: "ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმს არანაირი იურიდული შედეგი არ ექნება"
31/03/2022 09:33:48 კონფლიქტები, პოლიტიკა
საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ფონზე ნებისმიერ ე.წ. რეფერენდუმზე საუბარი ყოვლად მიუღებელია, - ასე გამოეხმაურა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იეპე კოფოდი რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების საკითხს.
აღნიშნული კომენტარი მან საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.
"ოკუპაციის პირობებში, ვერანაირ ე.წ. რეფერენდუმს იურიდიული შედეგი ვერ ექნება", – განაცხადა მან.
როგორც დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არ არის მხოლოდ პოლიტიკური შეფასების საგანი, არამედ ასევე სამართლებრივად დადგენილი ფაქტია:
„სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი შეფასება მისცა“.