
ცხინვალის ანექსია: ვინ გვატყუებს - ბიბილოვი და "დუმა", თუ კრემლი?
31/03/2022 13:05:10 კონფლიქტები
კრემლის მტკიცებით, მოსკოვი "არ დგამს არანაირ ნაბიჯებს, მათ შორის - არც იურიდიულს" ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე რეფერენდუმისთვის მზადებას ეხებოდა.
«ვერავითარ პოზიციას ვერ გამოვხატავ. ჩვენთან ამ კუთხით არც იურიდიული, არც რაიმე სხვა სახის ნაბიჯები გადადგმულა. ამავდროულად, აქ საუბარია სამხრეთ ოსეთის ხალხის ნების გამოხატვაზე და ჩვენ მას პატივისცემით ვეკიდებით», – განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
მანამდე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში სულ სხვა პოზიცია დააფიქსირეს და მეტიც - რეფერენდუმის სავარაუდო ვადებიც დაასახელეს. "ვფიქრობ, 10 აპრილს, როდესაც სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, რეფერენდუმის ვადებიც გაირკვევა. არჩევნების, პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ ახალი პრეზიდენტი ჩაატარებს ამ პროცედურას. ვფიქრობ, ამას დიდი დრო არ დასჭირდება - სავარაუდოდ, მაის-ივნისი", - განაცხადა დსთ-ის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვიქტორ ვოდოლაცკიმ.
თავად ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი დღეს რუსულ მედიასაშუალებებთან ინტერვიუებში ირწმუნებოდა, რომ მოსკოვთან კონსულტაციები აქტიურად წარმოებს და უკვე პროცედურული საკითხებიც გავლილია.
"სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ფედერაციის სუბიექტის სტატუსით გეგმავს, უკვე ამის შემდეგ უნდა მოხდეს ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანების ინიცირება და ერთიან სუბიექტს შესაძლოა, ოსეტია-ალანია დაერქვას. ალანია უკვე გვყავს: ჩრდილოეთ ოსეთი - ალანიაცა და სამხრეთ ოსეთი - სახელმწიფო ალანიაც. ეს უკვე ერთიანი ალანიაა. როცა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ვიქნებით, არსებობს პროცედურები, რომლებიც სუბიექტების გაერთიანებას უკავშირდება. სადღეისოდ სამხრეთ ოსეთს შეუძლია, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში სუბიექტის სტატუსით შევიდეს", - განაცხადა ჯერ ტელეკომპანია «Россия-24»-ის, ხოლო შემდეგ იუთუბ-არხ «Соловьев Live»-ის ეთერში ბიბილოვმა.
მისივე აზრით, "რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლა მრავალჯერადად გაზრდის სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებას, რასაც ოსური საზოგადოებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს". «ფედერაციის ახალ კონსტიტუციაში ნათქვამია, რომ რუსეთი არც ერთ შემთხვევაში არავის დაუთმობს თავის ტერიტორიებს. ეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოსახლეობის უსაფრთხოებას მრავალჯერადად აამაღლებს», – აღნიშნა ბიბილოვმა.
მისივე მტკიცებით, "რუსეთთან უკვე წარმოებს კონსულტაციები ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე, ამ კონსულტაციების წარმოების ფაქტი ყველაზე მნიშვნელოვანია, ხოლო იურიდიული მოქმედებები აუცილებლად უნდა დაეფუძნოს უპირველესად, საერთაშორისო სამართალს". "საფუძველი საამისოდ არსებობს. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და შეუძლია, მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს ოსი ხალხისათვის», – დასძინა დე ფაქტო ლიდერმა.
ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გამოხმაურების სახით ჯერ მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადება მოვისმინეთ: "ოკუპაციის პირობებში რეფერენდუმს იურიდიული ძალა არ ექნებაო" .
ოპოზიციის მხრიდან კი ციხიდან გააკეთა განცხადება ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა: „ხდება ზუსტად ის, რაზეც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველას ვაფრთხილებდი. მთელი ეს „ბორდერიზაცია“, რასაც საქართველოს ხელისუფლება არ იმჩნევდა, ცხინვალის ანექსიის საკითხის მზადებას ემსახურებოდა. ამათ ეგონათ, რომ თუ ჩაწვებოდნენ, რუსეთი ამას არ გააკეთებდა. ბიბილოვმა ერთი გამოსვლით მრავალწლიანი პროპაგანდა წყალში ჩაუყარათ. შესაბამისად, დავრჩით პრაქტიკულად მოკავშირეების გარეშე, გამარგინალებული ამ დიდი საფრთხის წინაშე. იქნებ, ახლა მაინც მოეგონ გონს და გადადგან ნაბიჯები ერთიანობისა და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად მუშაობისკენო“.
მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა ცხინვალის რეგიონს მიიჩნევს საქართველოს განუყოფელ ნაწილად, რომელიც ამჟამად რუსეთის ეფექტურ კონტროლქვეშ იმყოფება. ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობის უმრავლესობას რუსეთის მოქალაქეობა გააჩნია.