
ცხინვალის მტკიცებით, დაკავებული მაჩაბელი "რუსი სამხედროების წინააღმდეგ პროვოკაციას გეგმავდა"
01/04/2022 07:39:38 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მტკიცებით, “ცხინვალის რაიონში დაკავებული საქართველოს მოქალაქე – 1987 წელს დაბადებული ლევან მაჩაბელი რუსული სამხედრო კონტინგენტის წინააღმდეგ პროვოკაციის განხორციელებას გეგმავდა”.
როგორც დე ფაქტო უშიშროება ირწმუნება, “მაჩაბელი, რომელიც 2005-2009 წ.წ. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და აქტიურად მონაწილეობდა 2008 წლის საბრძოლო მოქმედებებში, უკრაინაში რუსეთის სპეცოპერაციის დაწყებისთანავე შეეცადა, ჩაწერილიყო
«ქართულ ეროვნულ ლეგიონში» დამოხალისეთ წასულიყო დონბასზე რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად, თუმცა მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო ამაზე უარი განუცხადეს, გადაწყვიტა, უკანონოდ შესულიყო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე და განეხორციელებინა პროვოკაცია რუსეთის სამხედრო კონტინგენტის წინააღმდეგ”. როგორც ოსურ დე ფაქტო უშიშროებაში ირწმუნებიან, მტკიცებულებად არსებობს ვიდეოჩანაწერი, რომელშიც მაჩაბელი საქართველოსადა უკრაინის ხელისუფლებებს, ასევე ქართველ სამხედროებს მიმართავს და “პირდაპირ აცხადებს, რომ საქართველოდან “რუსებზე დარტყმას განახორციელებს”. ამასთან, ოსური “უშიშროება” საქართველოს შსს-ს თანამშრომლებსაც ადანაშაულებს, რომლებმაც “26 მარტს ქართული მხრიდან სახელმწიფო საზღვრის დაცვისას ლევან მაჩაბელი საზღვარზე დაუბრკოლებლად გადაუშვეს”. «ამჟამად აღნიშნული პირის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ქართველი რადიკალების, პროდასავლური და ექსტრემისტული ძალების ნებისმიერი მცდელობები, რაიმე სახის ძალადობრივი ზემოქმედება განახორციელონ რუსი და ოსი სამხედროების მიმართ, საერთაშორისო დივერსიულ-ტერორისტულ საქმიანობად შეფასდება – მსგავსი აქტების განმახორციელებლების მიმართ ყველა შესაბამისი შედეგით” – აცხადებს დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საქართველოს მოქალაქის დაკავების ფაქტს ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ "გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უკანონოდ დაკავებული პირი მოქმედი სამხედროა სიმართლეს არ შეესაბამება":
"რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაააქტიურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი“. მომხდარის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უკანონოდ დაკავებული პირი მოქმედი სამხედროა სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ამოქმედებულია მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. უკანონო დაკავებების მავნე პრაქტიკა ზღუდავს თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტურ უფლებას, მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის რეგიონში არსებულ მდგომარეობას“, – აცხადებენ სუს-ში.