„ყველაფერი მაინც წინაა“: რატომ გაცოცხლდა ძველი იდეა

01-04-2022 14:42:06 კონფლიქტები ,ინტერვიუ

კრემლის „მადლიერების“ მორიგი გამოვლინება – სწორედ ამგვარად აღიქვეს ძველი იდეისთვის „სულის შთაბერვა“ ქართული საზოგადოების იმ ნაწილში, რომელთაც მოსკოვის პოლიტიკისადმი მიუღებლობა აქვთ. საუბარია ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის მორიგ ანონსზე რუსეთთან მიერთების თაობაზე „რეფერენდუმის“ ჩატარების შესახებ.

ინფორმაციისთვის: ბიბილოვის განცხადებას წინ უსწრებდა რუსეთის მიერ „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ თებერვალში აღიარებული ლუგანსკის ოლქის ლიდერის ლეონიდ პასეჩნიკის ინიციატივა - რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე რეფერენდუმის გამართვასთან დაკავშირებით. იმავე ტიპის სიგნალები მოდის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდანაც.

თავად თემა როგორც უკვე აღვნიშნეთ, არახალია: ოკუპირებული აფხაზეთისგან განსხვავებით, რუსეთის შემადგენლობაში შესვლას უკვე წლებია, ითხოვენ ე.წ. სამხრე ოსეთის ლიდერები. ჩრდილოელი და სამხრეთელი ოსების "შეერთების" იდეა 2012 წელს წამოაყენა მაშინდელმა „პრეზიდენტმა“ ლეონიდ თიბილოვმა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესაბამისი რეფერენდუმის გამართვა ჯერ კიდევ 2014 წელს სურდათ - როცა რუსეთმა უკრაინის ყირიმის ანექსია მოახდინა. შემდეგ, თითქოს, ამ საკითხზე „რეფერენდუმი“ უნდა გამართულიყო 2017 წელს, მაგრამ მასზე სხვა კითხვა გაიტანეს, კერძოდ, რეგიონისთვის სახელის გადარქმევის.

რუსეთი ცხინვალს მკაფიო უარს არასოდეს ეუბნებოდა, მაგრამ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა იქნება თავისი ისტორიული სამშობლოს - რუსეთის შემადგენლობაშიო“ - ე.წ. პრეზიდენტის ამ განცხადებას რუსეთიდან იმგვარი გზავნილები მოჰყვა, მათ შორის ეს გარემოებაც აფიქრებინებთ საქართველოში პროცესზე დამკვირვებლებს, რომ მხოლოდ „წინასაარჩევნო“ კონტექსტთან (10 აპრილს ცხინვალში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი) არ უნდა გვქონდეს საქმე. რუსეთის სახელმწიფო დუმაში „რეფერენდუმის“ ჩატარების დაახლოებითი თარიღი დაასახელეს, განაცხადეს ისიც, რომ ცხინვალის მკვიდრთა „ოცნების ასასრულებლად“ არანაირი სამართლებრივი პრობლემები არ არსებობს, ხოლო კრემლის პრესსპიკერი ორაზროვანი კომენტარით შემოიფარგლა: „ჩვენთან ამ კუთხით არც იურიდიული, არც რაიმე სხვა სახის ნაბიჯები გადადგმულა. საუბარია სამხრეთ ოსეთის ხალხის ნების გამოხატვაზე და ჩვენ მას პატივისცემით ვეკიდებით“.

„პესკოვი, როგორც წესი, სისულელეებს ლაპარაკობს, მაგრამ ამ შემთხვევაში აშკარად კარგად დალაგებული წინადადებაა – თითქოს „ჩვენ არ გვინდა, მაგრამ შესაძლოა, მოხდესო“. ანუ „თუ ქართველები კარგად მოიქცევიანო“– ესაა ქვეტექსტი“,– ამბობს „აქცენტთან“ თემის კომენტირებისას ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი და საკუთარ მოსაზრებას, რომ შანტაჟთან გვაქვს საქმე, რამდენიმე არგუმენტით ამყარებს:

  • ბიბილოვი, რომელიც „ხელისუფლებაში“ ამ თემით მოვიდა, „საარჩევნო კამპანიის“ ფარგლებში დუმდა, მიუხედავად იმისა, რომ სატელევიზიო დებატების სამი რაუნდი გაიარა;
  • „არჩევნები“ 10 აპრილს უნდა ჩატარდეს და რატომ არ დაამთხვიეს „რეფერენდუმი“ ამ თარიღს? რატომ უნდა შეკრიბონ ხალხი ხელმეორედ, რატომ უშვებენ ხელიდან ამ შესაძლებლობას?

„აშკარად, ეს დაგეგმილი და შეთანხმებული იყო. ვხედავ, რომ რუსეთს სამხრეთ ოსეთის მიერთება არ ეჩქარება, მაშ რაშია საქმე?“,– კითხულობს კონფლიქტოლოგი და თავადვე პასუხობს: „ოპოზიცია, ექსპერტები საუბრობენ, „რუსეთს ისეთი არაფერი მოუთხოვია, რაც არ შევასრულეთ, რომ ომი დაგვიწყოს და რატომ გვაშინებთ? რა ომის აცილებაზეა საუბარი, როდესაც ომის საფუძველი არ არსებობს? ამიტომ რაღაც სხვა არგუმენტი სჭირდება რუსეთს, გარდა ომისა, რადგან ეს თემა არ მუშაობს. ხოლო ის, რომ საქართველოს რეგიონის ანექსია მოახდინოს ყირიმივით, უფრო რეალურია. ამ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ უფრო თამამად ილაპარაკებს, „ახლა ლაპარაკი რომ დავიწყოთ, სამხრეთ ოსეთს მიითვისებსო“. მე არ ვამბობ, რომ ამას რუსეთი არ იკადრებს. ის ყველაფრის მკადრებელია, მათ შორის სამხრეთ ოსეთის ანექსიისაც, მაგრამ შედეგი რა იქნება? საბოლოო „კოზირს“ დაკარგავს საქართველოსთან; ჩვენ აღმოვჩნდებით მსოფლიოს დღის წესრიგში; საქართველოს თემა ჩაერთვება სანქციებში და რუსეთს მოსთხოვენ არა მხოლოდ უკრაინის მიმართ შეასრულოს ვალდებულებები, რომელსაც იმ დროისთვის ალბათ, ხელს მოაწერს, არამედ საქართველოს მიმართაც, რომელზეც ხელი მოწერილი აქვს 2008 წლის 12 აგვისტოდან, მაგრამ შეუსრულებელი აქვს ჯარის გაყვანის ვალდებულება. გარდა ამისა, ჟარგონულად ვიტყვი, „გააბანძებს“ „ქართულ ოცნებას“, რომელიც ყველანაირად ცდილობს, მოერგოს რუსულ პოლიტიკას და საქართველოში ქმნის დაძაბულობას – ყველა ჰკითხავს მმართველ გუნდს, „ესაა თქვენი შედეგიო?“. ამდენად, მგონია, რომ ისინი „ქართულ ოცნებას“ აძლიერებენ: „რეფერენდუმი“ არ ჩატარდება, დროში გაიწელება, „ქართული ოცნება“ კი გმირულად განაცხადებს, „ხომ ხედავთ, ჩვენ ჩავაგდეთო“ და ჩაიწერს ქულებს. მგონია, რომ საქმე უფრო აქეთკენ მიდის“,– ამბობს კონფლიქტოლოგი და დასძენს, რომ „რუსეთს შანტაჟი უფრო უნდა აწყობდეს და არა რეალიზაცია. რადგან ქართველების თავზე გამოკიდებული „დამოკლეს მახვილი“, ყოველთვის იქნება შიშის საფუძველი, ხმა არ ამოვიღოთ“:

„ვფიქრობ, რომ ამ ტიპის სტრატეგია აქვთ არჩეული და შეამოწმებენ, როგორ გაიყიდება ეს თემა საქართველოში“.

თუმცა ანალიტიკოსი არც იმას გამორიცხავს, რომ რუსეთი უკრაინაში მის წინაშე წამოჭრილი პრობლემების ფონზე ჩქარობდეს:

„შანსები იმისა, რომ პუტინის პარანოიდალურ თავში შეიძლება, იყოს ანექსია, „თუ უკრაინაში იმას ვერ ვიღებ, რაც მინდა, კავკასია მაინც არ დავკარგოო“, რა თქმა უნდა, რეალურია, მაგრამ ამით ისტორია არ დასრულდება, ყველაფერი მაინც წინაა, მით უმეტეს, როდესაც ჭრილობა გახსნილია და რუსეთის წინააღმდეგ მთელი მსოფლიოა. ამიტომ, სჯობს ეს არასდროს მოხდეს, მაგრამ თუ მოხდა, სწორედ ახლა: ახლა არის ის დრო, როდესაც ამ პროცესებში მსოფლიო ჩაერთვება. ვიდრე, „დამოკლეს მახვილი“ მუდმივად ეკიდოს ჩვენს თავზე, უკრაინამ წარმატებას მიაღწიოს, მსოფლიო განვითარდეს, ჩვენ კი ჩამოვრჩეთ იმის გამო, რომ თავზე „დამოკლეს მახვილი“ გვკიდია. არ მგონია, მსოფლიომ დიდხანს აიტანოს პუტინი, ამიტომ ამ ანექსიის თემების არ უნდა შეგვეშინდეს და უნდა ვიხმაუროთ, რათა საქართველო მსოფლიოს დღის წესრიგში მოვაქციოთ, რომ ჩვენზე ისევე ილაპარაკონ, როგორც უკრაინაზე. ჩვენ ამსითვის არგუმენტი გვაქვს – რუსეთს ჯარის გაყვანის ვალდებულება არ შეუსრულებია, ეს დოკუმენტი კი არავის გაუუქმებია“.

კონფლიქტოლოგი ფიქრობს, რომ რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, საქართველომ მეორე პოლიტიკური ფრონტი არ გახსნას:

„ორი სახელმწიფოა, რომელთა წინააღმდეგაც პუტინისტურმა იმპერიალიზმმა აგრესია განახორციელა – 2008 წელს საქართველო, 2014 წელს უკრაინა და 2022 წელს ისევ უკრაინა. იაპონიამაც კი თქვა, რომ კურილიის კუნძულები ოკუპირებულია და მას ახალი სტატუსი შესძინა, მაგრამ ეს სტალინის დროინდელია. მოლდოვას ტერიტორიებიც ოკუპირებულია – ეს ელცინის დროინდელია. ჩვენ ორჯერ ვიწვნიეთ ზიანი რუსეთისგან – 90–იანებსა და 2008 წელს. რუსეთს არ აწყობს, საქართველომ მუდმივად ამაზე ილაპარაკოს. ხშირად საუბრობენ მეორე ფრონტზე და ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ომი, მხოლოდ დიპლომატია, პოლიტიკა ევროკავშირის და ნატოს ჩართულობით, ხოლო აფხაზებისა და ოსებისთვის შეტყობინება, რომ ჩვენ ომს არ დავუშვებთ. რუსეთისთვის მთავარია, საქართველო მეორე პოლიტიკური ფრონტი არ იყოს და იმეორებდეს, რომ რაც დღეს უკრაინაში ხდება, სწორედ რომ რუსეთის იმპერიალიზმის პრობლემაა. ეს ყველამ კარგად იცის, მაგრამ როდესაც საქართველო დუმს, ვაძლიერებთ რუსულ ნარატივს „ჩვენ რა შუაში ვართ, ეს უკრაინული პრობლემაა, იქ ნაცისტები და ნარკომანები არიან, ქართველებთან კი ვიპოვით საერთო ენასო“, სანაცვლოდ ვასუსტებთ დასავლურ ნარატივს და ესაა ყველაზე დიდი, ეგზისტენციალური გამოწვევა და არა თამაში: თუ ჩვენ დღეს შანსი გავუშვით ხელიდან, საბოლოოდ ალბათ არ დავკარგავთ, მაგრამ მსგავსი მხოლოდ 20–30 წლის შემდეგ გაგვიჩნდება, როდესაც მოვა კიდევ ვიღაც ხრუშოვი, ელცინი, გორბაჩოვი, რომელთაც მოუნდებათ ვითარების შემსუბუქება“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები