
სანქცირებული რუსეთისა და მისი მოქალაქეების კონფისცირებული ქონება შესაძლოა, უკრაინის აღდგენას მოხმარდეს
01/04/2022 16:29:41 ევროპა, ეკონომიკა
რუსეთისა და მისი მოქალაქეების სანქცირებული ქონება შესაძლოა, ომის შემდგომ უკრაინის აღდგენასა და მისი დაზარალებული მოქალაქეების დახმარებას მოხმარდეს. ამ საკითხს ევროკომისია უკვე განიხილავს, - განაცხადა იუსტიციის საკითხთა ევროკომისარმა დიდიე რეინდერსმა.
«საუბარია უკრაინის მხარდაჭერის ფონდის შექმნაზე, რათა შევძლოთ კონფისცირებული ქონების გამოყენება უკრაინის აღსადგენად და მისი დაზარალებული მოქალაქეებისთვის კომპენსაციების გასაცემად. იცით, რომ დაყადაღებისგან განსხვავებით, კონფისკაცია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზეა შესაძლებელი. ახლა ჩვენი წარმომადგენლები სწავლობენ, აქვთ თუ არა კავშირი რუსეთის სანქცირებულ მოქალაქეებს სისხლის სამართლის დანაშაულებთან, რათა მათი დაყადაღებული ქონების კონფისკაციის საფუძველი შევიქმნათ. უკვე დადგენილია მსგავსი შესაძლებლობა რუსეთის 150 სანქცირებული პირის მიმართ. შეგახსენებთ ასევე, რომ თავად სანქციებისთვის გვერდის ავლაც ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში სისხლის სამართლის დანაშაულადაა განსაზღვრული»,— განმარტა მან.
როგორც ცნობილია, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა რუსეთს სანქციების უკვე 4 პაკეტი დაუწესა და ახლა მეხუთეს განიხილავს.