
ბიბილოვი ამბობს, რომ ოკუპირებულ დონბასში ჩავა
01/04/2022 18:27:17 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, რუსეთის მიერ ოკუპირებული დონბასის რესპუბლიკებში გამგზავრებას აპირებს. ამის შესახებ მან ჰუმანიტარული დახმარების შემკრებ პუნქტში ვიზიტისას განაცხადა, რომელიც მისმა ცოლმა გახსნა.
დე ფაქტო პრეზიდენტის პრესმდივანმა ოსურ მედიასთან საუბარში არ დააკონკრეტა, როდის აპირებს ბიბილოვი ოკუპირებული დონბასის ე.წ რესპუბლიკების მონახულებას.
„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არსებობს მხოლოდ ერთი სპეციალური სამხედრო ოპერაცია ყველასთვის, ვინც თავს რუსად მიიჩნევს. რუსეთი ჩვენი ისტორიული სამშობლოა, ეს ასევე ჩვენი ოპერაციაა, ჩვენ ერთიანები ვართ", - განაცხადა მან ტელეკომპანია "როსია 24"-ის ეთერში.
მისი თქმით, ბევრი მებრძოლი ჯერ კიდევ 2014 წელს წავიდა დონბასში ადგილობრივი მოსახლეობის დასაცავად:
„ჩვენ გვესმის, რომ თუ იქ არ გავიმარჯვებთ, თუ არ მივაღწევთ გამარჯვებას ამ ნაციზმის ბუნაგში, ხვალ ეს ნაცისტები, საქართველოს რესპუბლიკის ნაცისტებთან ერთად, უკვე სამხრეთ ოსეთში იქნებიან. ეს არის ჩვენი საერთო ამოცანა, დავამარცხოთ ეს ნაციზმი, ნეონაციზმი, ფაშიზმი“, - განაცხადა ბიბილოვმა.
იხილეთ ასევე: “საზარბაზნე ხორცად გამოგიყენონ და მერე გვამიც მიაგდონ – ეს არავის გვჭირდება!”: რატომ დაბრუნდა უკრაინიდან 300-მდე ოსი მებრძოლი