Accentnews.ge
ომის ცეცხლი რუსეთის ტერიტორიაზე ინაცვლებს?

ომის ცეცხლი რუსეთის ტერიტორიაზე ინაცვლებს?

01/04/2022 20:13:13 ანალიზი

24 თებერვლიდან გასული თვეზე მეტი ხნის განმავლობაში აგრესორი ქვეყნის – რუსეთის მოსახლეობა უკრაინაში მიმდინარე კოშმარს მხოლოდ ტელეეკრანებზე ადევნებდა თვალს და იქაც, ცხადია, კრემლის სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული რეჟისურით. მაგრამ 1 აპრილს ბელგოროდელებმა ომის ცეცხლი უკვე რეალურ ცხოვრებაში იხილეს.

რაკი ტყუილის საერთაშორისო დღე იყო, რუსეთის დანარჩენი რეგიონების მაცხოვრებლებს, რომლებმაც დილით ეს ამბავი საინფორმაციო გამოშვებებში მოისმინეს, თავიდან ხუმრობა ეგონათ. თუმცა შემდეგ, როცა ეთერში ოფიციალურ პირთა კომენტარებიც გადაიცა, ბევრი, ვისაც უყოყმანოდ სჯეროდა ვლადიმირ პუტინის სიტყვის, შოკურ მდგომარეობაში ჩავარდა: პრეზიდენტი ხომ ოდესღაც “ერთხელ და სამუდამოდ” დაჰპირდა მხარდამჭერებს, რომ ”რუსეთის მოსახლეობა ომს მხოლოდ ტელეეკრანებზე იხილავდა”.

თავად ამბავი შემდეგში მდგომარეობს: 1 აპრილს, დილით რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინული მხარის მიერ ბელგოროდის ოლქში მდებარე ნავთობბაზაზე საჰაერო იერიშის განხორციელების შესახებ განაცხადა. სარაკეტო თავდასხმის შედეგად თავად ბაზა განადგურდა, დაზიანდა მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული საცხოვრებელი კორპუსები, საიდანაც მოსახლეობის ევაკუირება გახდა საჭირო. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია, დაშავებულთა შესახებ კი რუსული უწყებები განსხვავებულ ინფორმაციას გასცემენ.

სოცქსელებში გავრცელდა ვიდეოც, რომელზეც საჰაერო იერიშია ასახული, ჩანს დაბალ სიმაღლეზე მფრენი ვერტმფრენებიც, თუმცა ვისია ისინი, რუსეთის თუ უკრაინის - კადრებით გარკვევა შეუძლებელია.

მიუხედავად ამისა, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა იჩქარა, მომხდარში უკრაინა დაედანაშაულებინა. “მიზეზი ორი უკრაინული საბრძოლო ვერტმფრენის ავიაიერიშია: ისინი ობიექტს დაბალ სიმაღლეზე მიუახლოვდნენ და სარაკეტო დარტყმები განახორციელეს. დაშავდა ნავთობბაზის ორი თანამშრომელი, რომელთაც სამედიცინო დახმარება გაუწიეს. ამ დროისთვის მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მიმდებარე კორპუსების მოსახლეობა უსაფრთხო ტერიტორიაზეა ევაკუირებული. ადგილზე მთელი რეგიონიდან გადმოსროლილი ბრიგადები მუშაობენ” – განაცხადა გლადკოვმა.

მისგან განსხვავებით, რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ადგილობრივი ოფისის წარმომადგენელს დაშავებულები საერთოდ არ უხსენებია. ტელესიუჟეტში შავი კვამლის უზარმაზარი ღრუბლის ფონზე მდგომმა, მან განაცხადა, რომ ცეცხლის ქრობა გრძელდება და ხანძრის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ხორციელდება გვერდზე მდებარე რეზერვუარების გაგრილება.

თავის მხრივ, "როსპოტრებნადზორში" ინციდენტიდან მალევე განაცხადეს, რომ უკვე აღებულია ლაბორატორიული სინჯები და ჰაერში მავნე ნივთიერებების საშიში კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

აქვე ვთქვათ, რომ ორი დღით ადრე იმავე ბელგოროდის ოლქში საბრძოლო მასალების საწყობი აფეთქდა. გუბერნატორ გლადკოვს მაშინ უკრაინული მხარე არ უხსენებია და მომხდარი შენობაში გაჩენილი ხანძრით ახსნა. აი დღეს კი უმალვე გაიჟღერა კიევის მიმართ ბრალდებამ.

უნდა აღინიშნოს, რომ რუსული აგრესიის 5-ზე მეტი კვირის განმავლობაში უკრაინაში უამრავი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ობიექტი განადგურდა, რომ აღარაფერი ვთქვათ უდანაშაულო მოქალაქეებში უდიდეს მსხვერპლზე. მაგრამ რუსი ტელემაყურებლების ომის მხარდამჭერ ნაწილში (რომელიც, თუ სახელისუფლებო სოციოლოგიურ გამოკითხვებს მივენდობით, სამწუხაროდ, ამ დრომდე უმრავლესობაშია) ეს კოშმარი “სადღაც იქ ხდება – ნაცისტურ უკრაინაში”, დაღუპულები კი “მართალია, ცოდვები არიან, მაგრამ საქმე აქამდე თავადვე არ უნდა მიეყვანათ”.

და აი, ამ ფონზე უცებ აფეთქებები თავად რუსეთში?! თანაც, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, სარაკეტო იერიშს ახორციელებს ორი უკრაინული ვერტმფრენი? კი მაგრამ, რუსულმა არმიამ ხომ “უკრაინელი ნაცისტების საჰაერო ფლოტი დიდი ხანია, გაანადგურა და ჰაერში სრული უპირატესობა ჰქონდა მოპოვებული”? მაშ საიდან უკრაინული ვერტმფრენი, რომელიც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვერსიის მიხედვით, ბუნებაში აღარ უნდა არსებობდეს, თანაც ერთდროულად ორი?!

შექმნილ უხერხულობაში ჟურნალისტებისთვის განმარტებების მიცემა მოუწია კრემლსაც – თუ პრეზიდენტის პრეს-მდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებებს “განმარტება” შეიძლება, ეწოდოს:

- ბელგოროდის ინციდენტის მიზეზად სახელისუფლებო ორგანოების წარმომადგენლებმა ორი უკრაინული საბრძოლო ვერტმფრენის სარაკეტო იერიში დაასახელეს. არადა, არარეთგზის მოგვისმენია ჩვენი თავდაცვის სამინისტროსგან, რომ უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციის ფარგლებში ჰაერში სრული უპირატესობა გვაქვს მოპოვებული. მაშ როგორ აიხსნება ეს ყველაფერი?

- მომხდარის შეფასება პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმე არ არის, აქ კომენტარი სფეროს პროფესიონალებმა უნდა აკეთონ. თუმცა ის, რომ უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციის ფარგლებში ჰაერში სრული უპირატესობა გვაქვს მოპოვებული, აბსოლუტური ფაქტია და ამაში ეჭვი არავინ უნდა შეიტანოს.

- და ზოგადად როგორ უნდა აღვიქვათ ეს ყველაფერი? რა იყო ეს – კონფლიქტის შემდგომ ესკალაციაზე შეგვიძლია, ვისაუბროთ?

- მომხდარი უდავოდ არაა ის, რაც მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის კომფორტული პირობების შექმნად შეიძლება, აღვიქვათ.

თავის მხრივ, კიევი რუსეთის ტერიტორიაზე საჰაერო იერიშს ცალსახად არც უარყოფს, არც ადასტურებს. ამასთან, უკრაინის შს მინისტრის მრჩევლის ვადიმ დენისენკოს კომენტარში ერთგვარი ირონია იგრძნობოდა:

“ნუთუ არ გახსოვთ, რომ რუსეთმა ომის პირველივე დღეს მთელი ჩვენი ავიაცია და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა გაანადგურა?! დღეს უბრალოდ სასწაული ვიხილეთ… ხოლო თუ სერიოზულად ვისაუბრებთ, რაც მოხდა, მოწმობს, რომ ეს ომი რუსეთის მოსახლეობასაც შეეხება – და მნიშვნელოვანია, ეს გავაცნობიეროთ. მეორე – არანაკლებ მნიშვნელოვანი მომენტი ისაა, რომ პუტინსა და რუს ხალხს შორის ჯერ კიდევ 20 წლის წინ, ჩეჩნეთის მეორე ომის შემდეგ გაფორმებული საზოგადოებრივი შეთანხმების ერთ-ერთი საკვანძო პუნქტი ასე ჟღერდა: “ომი თქვენთვის აწი მხოლოდ ტელევიზორში იქნებაო”, ანუ, რუსეთის ტერიტორიაზე ომს ვერასდროს იხილავთო. და აი, უცებ, პუტინის შემდგომი მრავალწლიანი მმართველობის განმავლობაში პირველად, რუსეთის მოსახლეობას ეს სანახაობრივი "ტელესერიალი" რეალობად ექცა! ეს ხომ საშინელი ფსიქოლოგიური დარტყმაა რუსეთის მოსახლეობისთვის?! დილიდან ვკითხულობ, რას წერენ ისინი სოცქსელებში: ვერ შეჰგუებიან მომხდარს, ვერ იჯერებენ, რომ ისინიც შეიძლებოდა, რისკის ქვეშ აღმოჩენილიყვნენ; წერენ რაღაც სისულელეებს – “შურს ვიძიებთო” და ა.შ.... ის, რომ რუსეთსა და ბელარუსში პარტიზანული ომი გაგრძელდება, პლუსია ყველა ჩვენგანისთვის. მეტსაც გეტყვით: რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში მიმდინარეობს უკვე თითქმის დაუფარავი ომი პირობით ტექნოკრატებსა და ე.წ. ქორებს შორის. მაღალი ალბათობით, იგი პუტინის რეჟიმის დამხობამდე არ მიგვიყვანს, მაგრამ ეს ჩვენ უდავოდ გვაძლევს ხელს”.

კიევის წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ "ბელგოროდი რომ არ მომხდარიყო, ის თავად უნდა მოგვეხდინა, რადგან ამ ინციდენტის შემდეგ რუსეთში ბევრის ტვინებში ბევრი რამ კარდინალურად შეიცვლება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S