
სანდრა რულოვსი:"ჩვენ არ ვაღიარებთ მათ არჩევნებს"
19/05/2019 21:05:31 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
ჩვენ არ ვაღიარებთ მათ გამარჯვებას, მით უმეტეს, მათ არჩევნებს. ეს არ იყო არჩევნები. ეს იყო სუს–ის და კრიმინალების ერთობლივი სპეცოპერაცია,– განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა ზუგდიდში სანდრა რულოვსმა.
"ისინი გააგრძელებენ ხალხის ტერორს, ჯიბეების გასქელებას და ყველაფერს, რაც ჩვენთვის მიუღებელია, ჯერ ზუსტი ციფრები არ ვიცით, არ ვაღიარებთ, მაგრამ საოლქო კომისიას ჯერ არ გამოუცხადებია. წინასწარი მონაცემებით ნახევარმა ამომრჩეველმა ხმა მოგვცა, ეს დიდი ძალაა.
ზუგდიდიდან იწყება საქართველოს გამარჯვება. ეს ლოზუნგი გრძელდება. ესაა ის ლოზუნგი, რითაც შეგვიძლია, მთელს საქართველოში ვიაროთ და გავაგებინოთ, რომ ივანიშვილის მმართველობა არის ქვეყნის ნგრევა და აღმოვჩნდებით რუსეთის ხეში. ეს ჩვენი ქვეყნის ბედი არ არის, უფრო სამართლიანი საქართველო გვინდა, ამიტომ ჩვენი ბრძოლა გრძელდება. ჩვენ ოფიციალურ შედეგებს ველოდებით. მე მზად ვარ, ამოღებული ხმლით გავაგრძელო ბრძოლა მეორე ტურში. ხოლო თუ განაცხადებენ, რომ შენგელიამ მოიგო, ბრძოლა გაგრძელდება",– განაცხადა რულოვსმა.
მისი თქმით, ოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ საბოლოო პოზიციაზე გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი კანდიდატები ჩამოყალიბდებიან.
"თუ მგლის გეშინია, ტყეში არ უნდა შეხვიდე. საქართველოში არჩევნები არ ტარდება. ივანიშვილი არჩევნებით არ წავა, რადგან ის არ ატარებს",– დასძინა რულოვსმა.
კითხვაზე, იგულისხმება თუ არა ამაში "რევოლუცია", რულოვსმა უპასიხა, რომ "ტერმინოლოგიაზე შემდეგ ვისაუბროთ".
ცნობისთვის: ენმ–ის წევრი ნიკა მელია რევოლუციასთან დაკავშირებით რიგი პოლიტკოსების განცხადებებს ემოციურს უწოდებს. მისი თქმით, მსგავსი საკითხებს მოლაპარაკებები სჭირდება და თუ დაიწყება, არ უნდა დასრულდეს.
ნიკა მელიას განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია უნდა შეიკრიბოს და ერთად გადაწყვიტოს სამოქმედო გეგმა.
„არჩევნებიდან არჩევნებამდე ეს ხელისუფლება სუსტდება. რაღაცას თუ ვიტყვით, ეს ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერს ეხება, უნდა გავაკეთოთ. სიტყვების რახა-რუხს თავი უნდა დავანებოთ. არ შეიძლება წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება. არაფერი ისე არ იწვევს იმედგაცრუებას, როგორც გულზე მჯიღის ცემა, რომ ახლა მოვალ, დედას გიტირებთ და არ მოდიხართ. გამოვა ხალხი ქუჩაში და ამას არ ვაკეთებთ. ბევრი ოპოზიციური პოლიტიკოსი გამოდის, რომ ახლა ეს თუ არ იქნება, გამოვალ ხვალ და დაიწყება რევოლუცია, არ იწყება ეს რევოლუცია. არ შეიძლება ასეთი წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება, მიმხვედრი მიხვდება, თუნდაც ჩემი პარტიის, თუნდაც გაერთიანებული ოპოზიცის წარმომადგენელი იყოს. ახლა რომ გამოვალთ და ვიტყვით, რომ გაყალბდაო, მტკიცებულება უნდა განახოთ. ეს დათვური სამსახურია,“ - აღნიშნა ნიკა მელიამ."ეს არის დროის და სწორად დაანონსებული სამოქმედო გეგმის საკითხი".
ჟურნალისტი დაინტერესდა, ამ განცხადებით უპირისპირდება თუ არა მელია სააკაშვილს, რაზეც მელიამ უპასუხა: "მამაჩემიც რომ იყოს, რა მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ამ ოპოზიციური მზარდი მოძრაობისთვის ზიანის მიყენება არ უნდა დავუშვათ".