
სასამართლომ ლაშქარავას ცემაში ბრალდებული ყველა პირი დამნაშავედ სცნო
04/04/2022 12:49:33 სამართალი
4 აპრილის სასამართლო სხდომაზე, მოსამართლე ნინო ელიეშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე 5 ივლისს განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ყველა პირი დამნაშავედ სცნო და მათ პატიმრობა მიუსაჯა:
- აკაკი ნაკაშიძე:5 წელი;
- თორნიკე დავლაშერიძე: 5 წელი;
- ცოტნე ჩიხლაძე: 5 წელი;
- დავით კუტალაძე: 5 წელი;
- ოთარ გელაშვილი: 5 წელი;
- გია გიგუაშვილი: 5 წელი.
არც ერთი მათგანი ისევე, როგორც 5 ივლისის საქმის სხვადასხვა ეპიზოდზე დაკავებული პირები დანაშაულს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ მათ არავისზე არ უძალადიათ.
რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებსა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით დაკავებულ 27 პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა), 156-ე (დევნა), 225-ეს მე-2 ნაწილი (ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) მუხლებით ჰქონდა წაყენებული. ნაწილს კი ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 118 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას.
5 ივლისის ძალადობრივი აქციის დროს 56 ადამიანი დაზარალდა, მათ შორის, 47 ჟურნალისტი.
2021 წლის 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების წევრების მიერ ნაცემი ლექსო ლაშქარავა, 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ამ დრომდე დაკავებული არ არის 5 ივლისის ძალადობრივი აქციის არც ერთი ორგანიზატორი.