
ბიბილოვი: „საქართველომ შესაძლოა, პროვოკაცია მოაწყოს“
05/04/2022 19:38:26 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვ რუსულ გამოცემა „რია ნოვისტისთან“ ინტერვიუში კვლავ საფრთხეებზე ლაპარაკობს, რომელიც მისი მტკიცებით, ოფიციალური თბილისიდან მომდინარეობს და ამბობს, რომ ცხინვალი მზადაა, „პროვოკაციაზე ადეკვატურად უპასუხოს“.
„საქართველომ შესაძლოა, პროვოკაცია მოაწყოს, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ, რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შესახებ, დაგეგმილი რეფერენდუმის ჩატარების გამო“ – განაცხადა ბიბილოვმა.
მისი თქმით, „შეიძლება, იყოს პროვოკაციები, რომლებიც დაკავშირებულია რაიმე სახის ძალისმიერ ქმედებებთან, მაგრამ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უსაფრთხოება გარანტირებულია რუსეთის ფედერაციისა და ყველა ქვედანაყოფის მიერ, რომელიც სამხრეთ ოსეთში არსებობს“:
„ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ პროვოკაციაზე იქნება აბსოლუტურად ადეკვატური პასუხი - იქნება ეს დიპლომატიური ნაბიჯები თუ სხვა ქმედებები, რასაც, რა თქმა უნდა, განვახორციელებთ საქართველოს რესპუბლიკის მხრიდან პროვოკაციების შემთხვევაში, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ დღეს ჩვენ საქართველოს მხრიდან რაიმე საფრთხეს ვერ ვხედავთ. ის პროვოკაციები, რომლებიც არსებობს, ჩვენ მათ დიპლომატიური გზით ვწყვეტთ, ჟენევის დისკუსიების ფარგლებში ამ საკითხების დაყენებით. ანუ, ჯერჯერობით, ნებისმიერ შემთხვევაში, დიალოგი მიმდინარეობს“.
მანამდე ბიბილოვმა განაცხადა, რომ ახლა რუსეთის ფედერაციასთან კონსულტაციები მიმდინარეობს, 10 აპრილის შემდეგ რუსეთთან შეერთების საკითხზე „რეფერენდუმის“ ჩატარების შესახებ.