
5 ივლისის საქმეზე დაკავებულ 6 პირს ერთი წელიწადი, მეშვიდეს კი წელიწად-ნახევარი მიუსაჯეს
06/04/2022 07:41:33 სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიაშვილმა 5 ივლისის საქმეზე დაკავებული 7 პირი დამნაშავედ სცნო, მათგან ექვსს ერთი წელიწადი, მეშვიდეს კი წელიწად-ნახევარი მიუსაჯა. მათ მხოლოდ რამდენიმე თვე მოუწევთ პატიმრობაში ყოფნა, რადგან სასჯელის დიდი ნაწილი აღკვეთის ღონისძიებად გამოყენებულმა პატიმრობამ გამოაკლო.
დაკავებულთაგან სამს ჟურნალისტებზე, დანარჩენებს კი ერთ-ერთ მოქალაქეზე ძალადობა ედებოდათ ბრალად. ირაკლი წიგნაძეს, ბაქარ მაისურაძეს, ნიკოლოზ დადვანს, მუხრან დადვანს, თორნიკე გაბელიანს და დავით ქოჩიაშვილს 1–1–წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ხოლო ვანო ბურდულს - 1 წელი და 6 თვე. არც ერთი მათგანი ისევე, როგორც 5 ივლისის საქმის სხვადასხვა ეპიზოდზე დაკავებული პირები, დანაშაულს არ აღიარებს. ისინი აცხადებენ, რომ არავისზე უძალადიათ.
5 ივლისს ჟურნალისტებზე მასობრივი ძალადობის საქმეზე 27 კაცი დააკავეს. ამ დღეს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ამ დრომდე არავინ არ დაუკავებიათ.