
პუტინისთვის საკრალური 9 მაისი: "უახლოესი ერთი თვე კრიტიკული იქნება”
06/04/2022 20:12:00 ანალიზი
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მომდევნო ეტაპი ფრონტზე ვითარების შეცვლასთან დაკავშირებით შესაძლოა, რამდენიმე თვე გაიწელოს, - განაცხადა ამ დღეებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა. მისივე ინფორმაციით, რუსი სამხედროები უკრაინის ჩრდილოეთიდან დონბასისკენ გადადისლოცირდებიან და სავარაუდოდ, დაგეგმილია ბატალიონების დამატებითი ტაქტიკური ჯგუფების გაშლა ათობით ათასი ჯარისკაცის შემადგენლობით. აშშ-ის გათვლით, რუსეთი ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ტერიტორიების დაპყრობაზე კონცენტრირდება, რათა ომის პირველ ეტაპზე განცდილი წარუმატებლობა გადაფაროს, თუმცა გამორიცხული არაა, გაგრძელდეს სარაკეტო იერიშები უკრაინის სხვა მხარეებში მდებარე ქალაქებზეც და საფრთხე, მათ შორის, არც კიევს მოჰხსნია.
სამხედრო ექსპერტი ალექსეი მელნიკი მრავალრიცხოვან წყაროებზე დაყრდნობით ადასტურებს, რომ რუსული არმია ამ დროისთვის სუმის, ჩერნიგოვისა და კიევის ოლქებს ტოვებს. მისი აზრით, ეს არა “მოლაპარაკებების ხელშემწყობი კეთილი ნების ჟესტია”, როგორც კრემლი გვარწმუნებს, არამედ "განცდილი თვალსაჩინო მარცხის შემდგომი იძულებითი ნაბიჯი". ამავდროულად, ექსპერტი დარწმუნებულია, რომ რუსეთზე გამარჯვების ზეიმი ჯერ ნაადრევია:
“დიახ, ეს უკრაინული მხარის მნიშვნელოვანი მიღწევაა, მაგრამ გამარჯვებამდე ჯერ შორია. ამჟამად ძალთა გადაჯგუფება მიმდინარეობს და ვფიქრობ, უახლოეს თვეებში რუსეთი უკრაინაში გადაისვრის მთელს თავის რეზერვებს, რომლებიც ჯერ არ ჰყოლია გამოყენებული. ჩერნიგოვისა და კიევის ოლქებიდან გაყვანილი ძალები გარკვეული დროის განმავლობაში მოემზადებიან, გადაფორმირდებიან, დამატებით შეიარაღდებიან და მაღალი ალბათობით, ესკალაციის შემდგომ ეტაპს ორი-სამი თვის განმავლობაში უნდა ველოდოთ”.
რაც შეეხება უახლოეს პერიოდს, მელნიკის აზრით, უახლოესი თვე კრიტიკული იქნება, რადგან 9 მაისს პუტინი სულ მცირე, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დაპყრობის შესახებ პატაკს ელის — ამ ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, ხოლო მას შემდეგ, რაც რუსეთი გაყვანილი ჯარების გადაჯგუფებას დაასრულებს მიმდინარე მობილიზაციასთან ერთად, უნდა ველოდოთ ესკალაციის მეორე ტალღას.
“პუტინმა და მისმა სამხედრო გარემოცვამ უკვე დაიწყეს გარკვეული ოპერატიული მიზნების კორექტირება. ამასთან, ოპერაციის მთავარი მიზანი – უკრაინის განადგურება – უცვლელი რჩება. ის, რასაც ისინი, ჩემი აზრით, ამ ეტაპზე რეალისტურად მიიჩნევენ, არის ოკუპაციის ზონის გაფართოება სამხრეთიდან დნეპრის გასწვრივ ხარკოვის პარალელებამდე. ანუ, საუბარია, პირობითად რომ ვთქვათ, ხერსონის ოლქზე, რომელიც უკვე ექვემდებარება რუსების კონტროლს, ზაპოროჟიეს მხარის ნაწილზე, ასევე დონეცკის, ლუგანსკისა და ხარკოვის ოლქებსა და დნეპრზე. ეს უკანასკნელი რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი წერტილია სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის თვალსაზრისით. რუსეთი, რომლისთვისაც იგი სამიზნეს ჯერ კიდევ იანუკოვიჩის დროს წარმოადგენდა, ახლა დნეპრის ან დაპყრობას ეცდება, ან, თუ არ გამოუვა, განადგურებას. აი, ეს ყველაფერია, ჩემი ხედვით, ის ოპერატიული მიზნები, რომელთა განხორციელებას მოსკოვი მომდევნო ორი-სამი თვის განმავლობაში შეეცდება” – ამბობს სამხედრო ექსპერტი.
მისივე შეფასებით, რუსეთი უკვე ერთი თვეა, ხერსონის მხარეზე კონტროლის დამყარებას ცდილობს, მაგრამ ეს ვერ გამოსდის: “მართალია, უკრაინა მთლიანად ხერსონის ოლქსა და ქალაქ ხერსონს ვეღარ აკონტროლებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი რუსეთის კონტროლს ექვემდებარება. კერძოდ, რუსეთს დიდი პრობლემები აქვს სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის დაწესებასთან დაკავშირებით. იქ არსებობს სამხედრო ადმინისტრცია, თუმცა ჯერ ვერ ვიტყვით, რომ დამყარდა საოკუპაციო ხელისუფლება, როგორც მოხდა, მაგალითად, 2014 წელს დონეცკისა და ლუგანსკის მხარეებში. ამჯერად რუსეთს ამმხრივ დიდი პრობლემები ექმნება”.
ამ და სხვა მიზეზების გამო ექსპერტი სულაც არაა დარწმუნებული, რომ რუსეთი დნეპრის აღებას მოახერხებს - მეტიც, იგი თითქმის დარწმუნებულია, რომ ოკუპანტებს ეს არ გამოუვათ.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენად მასშტაბური შევსება დასჭირდებათ ჩრდილოეთ უკრაინიდან გაყვანილ რუსულ ძალებს, რათა 2-3-თვიანი მომზადებისა და გადაიარაღების შემდეგ სარდლობამ მათი აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში გადასროლა შეძლოს, როგორც მელნიკოვი აღნიშნავს, “ყველაზე კონსერვატიული გათვლებითაც კი, დაღუპულია 10-დან 15 ათასამდე ადამიანია, დაჭრილი კი, საყოველთაოდ მიღებული გათვლებით, სამჯერ მეტი უნდა ჩაითვალოს და გამოდის, რომ ჯამში რუსული დანაკარგი დაახლოებით 40-დან 50 000-მდე ადამიანს შეადგენს. “ამ რაოდენობის მომენტალურად შევსება ძალზე რთულია: აქ ხომ მხოლოდ მწკრივში ჩაყენებაზე არაა საუბარი, საჭიროა მობილიზებულთა მინიმალური მომზადება მაინც, ეს კი დროს მოითხოვს – სულ მცირე, 1-2 თვეს. ასე იყო საბჭოთა ჯარში, თანამედროვე რუსული არმია კი, როგორც ვხედავთ, მისგან შორს არ წასულა” - ამბობს მელნიკი.
რუსეთში საყოველთაო მობილიზაციაზე საუბარი, ექსპერტის აზრით, ნაადრევია და მაღალი ალბათობით, ამ ეტაპზე შემოიფარგლებიან გეგმიურით: “რუსეთის სახელმწიფო მანქანას, რა თქმა უნდა, შეუძლია, მუქარის, დაშინებისა და რეპრესიების გამოყენებით აიძულოს ახალგაზრდები, თუნდაც მილიონიანი ჯარის მწყობრში ჩადგნენ. მაგრამ ორიოდ დღეში დღის წესრიგში დადგება მთელი ამ ჯარის კვებისა და აღჭურვის პრობლემები. ამდენად, მგონია, რომ განახორციელებენ საბრძოლო გამოცდილების მქონეთა გეგმიურ მობილიზაციას და ამას შესაძლოა, ძალდატანებით დაემატოს საშემოდგომო გაწვევის ხალხის ნაწილიც”.
გარდა ამისა, მელნიკის ინფორმაციით, რუსეთი დაქირავებული მებრძოლების სირიიდან მოწვევის გეგმას არ ეშვება: “საუბარია დაახლოებით 900 კაცზე, რაც სერიოზული დესტრუქციული ძალაა. თუმცა სტრატეგიულად ისინი ვითარებას დიდად ვერ შეცვლიან – უცხო კლიმატურ პირობებში ბრძოლის გამოცდილების არქონისა და რიგი სხვა მიზეზების გამოც. უბრალოდ რუსეთი ახლა ნებისმიერი რეზერვის გამოყენებას ცდილობს”.
ექსპერტი ბრძოლის ველის მიტოვების შემთხვევების გახშირებაზეც მიუთითებს: “მარტო გახმაურებული შემთხვევებიც რომ ავიღოთ, ახლახანს ყველამ შევიტყვეთ, მაგალითად, სამხრეთ ოსეთიდან ჩაყვანილი 300-მდე სამხედროს მიერ სამშობლოში თვითნებურ დაბრუნებაზე, ასევე “როსგვარდიის” წარმომადგენლების დეზერტირობის შემთხვევებზე. ეს უკანასკნელები მიტინგების დასარბევად არიან მომზადებულები, ბრძოლის ველს კი მომენტალურად ტოვებენ. გახმაურდა ასევე გვარდიელების მიერ ომში წასვლაზე უარის თქმის არაერთი შემთხვევაც. რუსეთს უზარმაზარი რეზერვი ჰყავს, თუმცა რაც მეტ წარმატებას მიაღწევს უკრაინული ჯარი, რაც უფრო დიდი დანაკარგები ექნება რუსულს და რაც მეტად გახმაურდება ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ საზოგადოებაში, რომელსაც კრემლი საინფორმაციო ვაკუუმში ამყოფებს, მით მეტი რუსი გვარდიელი და სამხედრო იტყვის უარს, ამ უსამართლო ომში ჩაერთოს”.
ცალკე თემაა რუსული სამხედრო ტექნიკა და ამმხრივ, მელნიკის შეფასებით, ვითარება არაერთმნიშვნელოვანია: “რუსულმა მხარემ ბრძოლისას მწყობრიდან გამოსული ტექნიკის გარკვეული ნაწილის უკრაინიდან გაყვანა მოახერხა. რამდენად შეძლებენ ამ ყველაფრის შეკეთება-აღდგენას – ძნელი სათქმელია. თანამგზავრულ ფოტოებზე ტექნიკის უზარმაზარ რუსულ საწყობებს ვხედავთ, თუმცა თუ რუსულ ჯარში არსებულ კორუფციასა და ელემენტარულ ძარცვას გავითვალისწინებთ, მწყობრშია თუ არა ამ საწყობებში არსებული ტექნიკის დიდი ნაწილი – ასევე ძნელი სათქმელია. ჯამში, გარკვეული დანაკლისი რუსეთს, რა თქმა უნდა, აქვს, მაგრამ მისი რესურსები მაინც სერიოზულ საფრთხეს უქმნის უკრაინას”.
რაც შეეხება უკრაინულ ჯარს, კერძოდ, შესაძლებლობას იმისა, რომ მან არა მარტო თავდაცვა გააგრძელოს წარმატებით, არამედ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებაც შეძლოს, რისთვისაც, როგორც წესი, შემტევი შეიარაღებაა საჭირო, როგორც მელნიკი აღნიშნავს, ზოგიერთ შემთხვევაში მოტივაციას სასწაულები შეუძლია, უკრაინული მხარის მოტივაციას კი ვერც კი შეადარებ რუსული ჯარისას, რომელსაც ის ფაქტობრივად, არც აქვს:
“როგორც პრაქტიკამ აჩვენა, უკრაინა წარმატებით ახდენს შემტევი შეიარაღების არქონის კომპენსირებას საკმაოდ კრეატიული თანამედროვე მიდგომებით. სხვათა შორის, დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასებების თანახმად, როგორც ცოცხალი ძალის, ისე ტექნიკის კუთხით უკრაინის დანაკარგები სამჯერ ნაკლებია რუსეთისაზე, ეს კი საკმაოდ კარგი მომზადებისა და ეფექტური თავდაცვის მაჩვენებელია. თუ მოწინააღმდეგეთა ძალებს შორის პარიტეტია ტანკებში, არტილერიაში, სხვა შემტევ შეიარაღებაში, მაშინ გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს მძლავრი მოტივაცია და შეიარაღებული ბრძოლის უფრო ეფექტური მანევრული მეთოდები. უკრაინის შემთხვევაში ამ ყველაფრით შესაძლებელია საბრძოლო ტექნიკის, უპირველესად ავიაციის დანაკლისის მეტ-ნაკლებად კომპენსირება. თუმცა მაინც იმედი ვიქონიოთ, რომ პარტნიორები მიაწვდიან კიევს დაპირებულ მძიმე ტექნიკას, რომელსაც უკრაინა უკვე ერთი კვირაა, ელის”.