Accentnews.ge
რატომ არ სურს აფხაზეთს რუსეთის შემადგენლობაში შესვლა

რატომ არ სურს აფხაზეთს რუსეთის შემადგენლობაში შესვლა

07/04/2022 11:38:37 კონფლიქტები

დიდად მოულოდნელი არაფერი ხდება, არავითარი სიურპრიზები. ეს ყველაფერი მარტივად ეწერება იმ სურათში, რომლის კონტურები დიდი ხანია, გამოიკვეთა. ეს მხოლოდ დამასრულებელი სტადიაა “სტრატეგიული მეგობრის” გრძელვადიანი გეგმის, რომელსაც იგი ბოლო წლებში დიდად აღარც მალავდა. ჩვენ ხომ მუდმივად გვაფრთხილებდნენ, რომ პოლიტიკაში მეგობრობა და ძმობა არ არსებობს; რომ უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია; რომ რუსეთს პარტნიორობის, მით უფრო “სტრატეგიული პარტნიორობის” ძალზე თავისებური ხედვა აქვს; რომ მის მიმართ “მეგობრულად” მოსკოვი მიიჩნევს მხოლოდ მათ, ვინც მზადაა, იქცეს მის ვასალად, ან კიდევ უკეთესი – რუსეთის მორიგ გუბერნიად.

მოახდინა თუ არა მოვლენებზე გავლენა “უკრაინის დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციის სპეცოპერაციამ”? - შესაძლოა, მხოლოდ დააჩქარა. და არა “სპეცოპერაციამ”, როგორც ასეთმა, არამედ რუსული ჯარის ჩავარდნამ, მის კვალდაკვალ კი – კრემლის გეგმის კრახმა, უკრაინაში ხელისუფლება ჩამოეგდო და თავისი კადრებით ჩაენაცვლებინა. რუსეთში ჩამოყალიბებული სრული საინფორმაციო ვაკუუმის მიუხედავად, სიმართლე ხომ მაინც ჟონავს – და კრემლს სულ უფრო მეტად უჭირს, მოსახლეობას რეალური ვითარება დაუმალოს: “სპეცოპერაციის” დაწყებიდან უკვე თვეზე მეტი გავიდა, კიევი კი, რომლის აღებას “ორ-სამ დღეში” გეგმავდნენ, დღემდე აუღებელია; “დემილიტარიზაციას” ვერ მიაღწიეს – პირიქით, ახლა უკრაინას გაცილებით მეტი იარაღი აქვს, ვიდრე მის ტერიტორიაზე რუსული ჯარის გამოჩენამდე და შეიარაღების ხარისხიც ბევრად უკეთესია; “დენაციფიკაცია” ასევე ვერ მიიღწა – უკრაინის მთელი მოსახლეობა ერთ მუშტადაა შეკრული, ზელენსკის მსგავსი რეიტინგი არასოდეს ჰქონია, “ნაცისტებსა” და “ფაშისტებს” კი უკრაინის მოსახლეობა ახლა სწორედ რუსულ ჯარსა და ხელისუფლებას უწოდებს! და რა ხდება ამ ფონზე თავად რუსეთში? რუსეთში კი ფრონტიდან კვლავ ჩადის “ტვირთი 200”, თანაც წარმოუდგენელი რაოდენობით; მაღაზიებში თაროები ყოველდღიურად ღარიბდება; დეფიციტი უკვე პრაქტიკულად ყველაფერში იგრძნობა; ქვეყანას საგარეო ვალის გასტუმრების კუთხითაც კი პრობლემები აქვს; ხოლო დიქტატურა ყოველწამიერად მძლავრობს. ახლა სახისა და ხელისუფლების შესანარჩუნებლად კრემლს სასწრაფოდ სჭირდება პატარა “გამარჯვებები”, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიერთება კი ამმხრივ ძალიან გამოადგებოდა.

სამხრეთ ოსეთის კუთხით ყველაფერი შემზადებულია – ცხინვალი “ყველაფერზე თანახმაა”. მაგრამ აფხაზეთმა მოსკოვს “უმადურობა” უჩვენა – დიდი მადლობა ყველაფრისთვის, სიკეთეს არ დაგივიწყებთ და მზად ვართ, ვიმეგობროთ, მაგრამ მხოლოდ სუვერენული დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსითო.

მოსკოვი გააფთრდა. საქმეში უმალვე ჩაერთო ათასი სჯულის “ექსპერტი”, რომელიც აფხაზეთს “დაუფარავ არამეგობრულ დამოკიდებულებაში”, მეტიც - “სიმხდალეში” ადანაშაულებს და მეტი ეფექტისთვის ქართული “გრადებით” აშინებს.

“მაშფოთებს აფხაზეთის ქცევა, რომელიც ფეხს ითრევს და რუსეთის შემადგენლობაში შესვლა არ სურს. ამას დაუფარავად არამეგობრულ ნაბიჯად და ამავდროულად მეხსიერების სიმოკლედ ვაფასებ. აფხაზი მოღვაწეები არ ფიქრობენ, რომ მათი ნაციონალისტური აღტკინება მალევე დაიმსხვრევა ქართული “გრადების” ცეცხლში. ქართულმა ჯარმა რომ აფხაზეთზე გალაშქრება გადაწყვიტოს, მას ორ-სამ დღეში აიღებს. ამათ კი თურმე, რუსეთის შემადგენლობაში შესვლა არ სურთ!” – განუცხადა “REGNUM”-ს “პოლიტოლოგის” სტატუსით ვინმე ასლან რუბაევმა და დასძინა, რომ “აფხაზეთის მსგავსი ქცევა უბრალოდ სიმხდალეა”. “დღეს მათ ეს არ სურთ, მაგრამ როგორც კი საქართველოს მხრიდან პოტენციური საფრთხე წარმოიშობა, მაშინვე გაახსენდებათ რუსეთი. ამდენად, მსგავსი რამ არ უნდა დავუშვათ და საკმაოდ ხისტად უნდა დავაყენოთ აფხაზეთის წინაშე საკითხი, მათაც ჩაატარონ რეფერენდუმი და შემოვიდნენ რუსეთის შემადგენლობაში” – ასკვნის რუბაევი.

სხარტად კი საუბრობს, მაგრამ მეტისმეტად ბევრი კითხვა ჩნდება. მაგალითად, რატომ არ ითხოვდა რუსეთი აფხაზეთისგან მის შემადგენლობაში შესვლას მთელი ეს წლები, სანამ საქართველოს აგრესიისგან გვიცავდა? ახლა რა შეიცვალა? თუ რუსეთი უკვე აღიარებს მოარულ ხმებს იმის შესახებ, რომ უკრაინული “სპეცოპერაციის” მსვლელობისას მისი ჯარი იმდენად დაჩაჩანაკდა, რომ ახლა სხვების კი არა, საკუთარი თავის დაცვაც კი უჭირს? იქნებ ამასვე უკავშირდება რუბაევის რწმენა, რომ საქართველომ აფხაზეთზე თავდასხმა შეიძლება, სცადოს? თუ ასეა, მაშინ ახლა, როცა რუსული ჯარის დასახმარებლად აფხაზეთიდან უკრაინაში სამხედრო ძალის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო გადასროლილი, საქართველოსთვის ალბათ, საუკეთესო მომენტი იყო თავდასასხმელად, მაგრამ მისი მხრიდან დღემდე რატომღაც ამის ვერანაირი ნიშანწყალი ვერ შევნიშნეთ. ასე, რომ, ღრმა პატივისცემის მიუხედავად, რუბაევის მოსაზრებებში დიდი თეთრი ლაქებია.

მინდა, განვუმარტო მასაც და ყველა დანარჩენსაც, ვისაც აფხაზეთის პოზიცია “სიმხდალედ” ეჩვენება, რეალურად რატომ არ გვსურს რუსეთის ფედედაციის შემადგენლობაში შესვლა. დიახ, აფხაზეთს ყოველთვის სურდა რუსეთთან მეგობრობა. აფხაზეთს ახლაც სურს ერთად ყოფნა ისეთ რუსეთთან, რომელიც ხელგაშლილია და გულგაშლილი, მსოფლიოში ყველაზე ადამიანური და კეთილი ქვეყანა. აფხაზეთს სურს ისეთი რუსეთის ხილვა, რომელშიც კანონის უზენაესობაა, ადამიანი თავისუფლად სუნთქავს და კეთილდღეობაშია. რუსეთს ხომ ყველაფერი აქვს საამისოდ – მთელი სასარგებლო წიაღისეული, მსოფლიოს მთელი სიმდიდრე. ეს ყველაფერი უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ერთ მცირე ჯგუფს, მმართველ ოლიგარქებსა და სახელისუფლებო ელიტას. მაგრამ დღევანდელ რუსეთს ვეღარ ვცნობთ! ეს სიმონიანების, კისელიოვების, სოლოვიოვების რუსეთია. ეს არის ქვეყანა, სადაც სულის მაგივრად ტელევიზორია და ასეთ რუსეთში აფხაზეთის ადგილი არ არის!

მედიაში საგრძნობლად გახშირდა დაყვედრება, აქაოდა, “რუსეთმა დაგვიცვა, რუსეთი გვინახავს, ჩვენ კი რითი ვუხდითო?!”. მაგრამ საქმე ასე სულაც არ არის. სსრკ-ის დაშლის შემდეგ აფხაზეთი პირველი დადგა რუსეთის მიჯნაზე მის დასაცავად, საკუთარი სისხლის ფასად დავიცავით ერთის მხრივ, ჩვენი დამოუკიდებლობა, ხოლო მეორეს მხრივ – რუსეთის საზღვრები. არავის დაავიწყდეს, რომ საქართველო, რომელიც დიდი ხანია, ნატო-ში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის, ამას სწორედ კონფლიქტური ზონის გამო ვერ ახერხებს. ჩვენ უკვე 30 წელია, საკუთარი სიცოცხლის ფასად, ცივილიზებული სამყაროსგან ჩაკეტილები და იზოლირებულები, ვაგრძელებთ კავკასიაში რუსეთის ინტერესების დაცვას. ახლა გამოდის, ეს ყველაფერი ფუჭი იყო? უბრალოდ საზარბაზნე ხორცის როლს ვასრულებდით?!

რაც შეეხება იმ ტიპის დაყვედრებას, როგორიცაა, მაგალითად, “რუსეთი გვეხმარება, პენსიებს გვიხდის, ჩვენს ხელისუფლებას ინახავსო” და ა.შ., ეს ჩვენი კოლაბორაციონისტული ხელისუფლება არა ხალხის ინტერესებს ემსახურება, არამედ უბრალოდ მშვენივრად ცხოვრობს იმ რუსული ფულით! ყოველ შემთხვევაში, აფხაზი ხალხისთვის ამას არავითარი სიკეთე არ მოუტანია, სამაგიეროდ მუდმივად გვაყვედრიან ამ რუსულ ფულს რუსეთისვე პროპაგანდისტები.

დიახ, რუსული ფული ინახავს აფხაზურ მილიციას, რომელიც, ჩათვალეთ, არ არსებობს, რადგან ემსახურება კორუფციას და არა მართლწესრიგს. დიახ, რუსული ფულით მსახურობენ დღეს აფხაზურ ჯარში, რომელიც არსობრივად, ასევე არ გვყავს – თუ არ ჩავთვლით გაბღენძილ გენერლებს, რომლებიც უზარმაზარ რუსულ თანხებს შთანთქავენ. დიახ, რუსულ დოტაციებზე ზის დღეს უშიშროების მთელი სამოხელეო აპარატი, რომელიც ასევე არ ემსახურება პატარა ერის ინტერესებს. ჩინოსნების მთელი ეს ჯარი უბრალოდ თქვლეფს გადასახადების რუსი გადამხდელების თანხებს და რუსულმა მხარემ ეს მშვენივრად უწყის!

რაც შეეხება რიგითი აფხაზების ინტერესებს, დიახაც, მათ არ სურთ იმ რუსეთში, რომლის ბაზარზეც საკუთარი პროდუქციის გატანას უკრძალავენ. არ სურთ რუსეთში, საიდანაც ელემენტარულ საყოფაცხოვრებო ნივთებსაც კი ვერ შემოიტან ისე, რომ საზღვარზე ხარკი არ იხადო და არ დაგამცირონ.

ხშირად გვსაყვედურობენ იმასაც, რომ უარს ვამბობთ იმ კანონების მიღებაზე, რომელიც ჩვენი ქონების რუსეთის მოქალაქეებზე რეალიზებას დაუშვებდა. მუდმივად გვიმეორებენ, “უნდა მიიღოთ, ეს აუცილებელიაო”. არადა, საუბარია კანონებზე, რომლებიც აფხაზეთს დაღუპავს! ჩვენი ქვეყანა არასოდეს წავა საკუთარი თავის რუს ოლიგარქებზე მიყიდვაზე, თორემ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო, თუ რიგითი რუსები აქ თავისთვის უძრავ ქონებას შეიძენენ.

დასასრულს – ბოლო და ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი იმისა, რატომ არ ილტვის აფხაზეთი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. აფხაზი ვერ იქნება უუფლებო, ამჟამინდელი რუსეთი კი ნამდვილი პოლიციური სახელმწიფოა! ჩვენი პატარა, მაგრამ მშვენიერი და ამაყი ქვეყანა აცნობიერებს, რომ ასეთ რუსეთში ყოფნა მისთვის სახიფათოა, რომ მცირერიცხოვანი ერი ამჟამინდელ რუსეთში უბრალოდ გაქრება.

ასე, რომ არ სურს აფხაზეთს რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა, არ სურს და არ შევა!

ინალ არისტავა

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S