ღარიბაშვილი – კონტრაბანდის თაობაზე უკრაინული მხარის ბრალდებებზე: "პოლიტიკურად მოტივირებული განცხადებაა"
08/04/2022 09:15:40 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციას კონტრაბანდულ იარაღზე "პოლიტიკურად მოტივირებულ განცხადებას" უწოდებს და ამბობს, რომ საქართველო არასოდეს არ დაუშვებს, რაიმე სანქცირებული ტვირთის გადატანას.
"ჩვენ არაერთი განცხადება მოვისმინეთ, ძალიან სამწუხარო იყო ჩემთვის ასეთი ცილისმწამებლური ბრალდების მოსმენა უკრაინის მხრიდან, გასაგებია, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული განცხადება, არავითარი მტკიცებულება, არავითარი ფაქტი არ იქნა წარმოდგენილი, ეს არის ძალიან სამწუხარო. მე უკრაინას და უკრაინელებს ვუსურვებდი, რომ მალე დასრულდეს ომი, შეწყდეს ეს დამანგრეველი ომი, რომელიც ძალიან დიდი გამოწვევაა არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ჩვენთვის, მთელი რეგიონისთვის, მთელი ევროპისა და მსოფლიოსთვის. იცით თქვენ, რომ გაეცა კომპეტენტური პასუხები სხვადასხვა უწყების მხრიდან, გაკეთდა არაერთი განცხადება და განმარტება. მინდა, ცალსახად განვაცხადო, საქართველო არასოდეს არ დაუშვებს რაიმე სანქცირებული ტვირთის გადატანას. რამდენად აბსურდულია ეს ბრალდება, თითქოს მთავრობა არის ამაში ჩართული, ეს ხომ სრული აბსურდია, ამაზე რა თქმა უნდა, სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება. მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ არ დავუშვებთ რაიმე სანქცირებული პროდუქტების, საქონლის გატანას ჩვენი ტერიტორიის გამოყენებით. ეს არის ჩვენი მკაფიო, ცალსახა პოზიცია. სრულ კოორდინაციაში ვართ ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, მეგობრებთან, ონლაინრეჟიმში ვცვლით ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია ასეთი ტიპის მგრძნობიარე საკითხებთან და ვფიქრობ, აქ არავითარი კითხვა აღარ უნდა არსებობდეს“, – განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.
ცნობისთვის: უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, "რუსეთი საქართველოს ტერიტორიის გავლით სანქცირებული საქონლის კონტრაბანდის არხებს ქმნის". მისი ცნობით, საუბარია, კერძოდ, სამხედრო, ორმაგი და სამოქალაქო დანიშნულების საქონელზე.
ამასთან, როგორც უწყების მიერ 4 აპრილს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, "ქართულ სპეცსამსახურებს ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მიღებული აქვთ მითითება, კონტრაბანდისტების საქმიანობას ხელი არ შეუშალონ". გარდა ამისა, უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ არ აქვს მიზეზი, არ დაუჯეროს უკრაინული დაზვერვის ცნობას, რუსების მიერ კონტრაბანდული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე გატარების შესახებ.
4 აპრილს კიევის ბრალდებას საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ "ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული" უწოდა.
5 აპრილს სუს–მა მოუწოდა უკრაინულ მხარეს, მიაწოდოს უკრაინული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
იხილეთ ასევე: უმძიმესი ბრალდება თბილისს: გვაქვს საფუძველი, არ ვენდოთ უკრაინის დაზვერვას?
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი.პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა.


