
,,ე.წ. სამხრეთ ოსეთი არასოდეს ყოფილა რუსეთის შემადგენლობაში და ქართველი ხალხი არც მომავალში დავუშვებთ ამას”
10/04/2022 10:53:54 კონფლიქტები
"დღეს ,,ე.წ. სამხრეთ ოსეთში" მიმდინარე ,,საპრეზიდენტო არჩევნები," ცხადია კანონიერად ვერ ჩაითვლება. პირველ რიგში, იმიტომ რომ გამოდევნილია ადგილობრივი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და სანამ ეს ადამიანები თავიანთ მიწაზე არ დაბრუნდებან ვერცერთი არჩევნები ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება". - ასე ეხმაურება ,,ერთიანი საქართველოს" ერთერთი ლიდერი ანზორ ბიწაძე ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს.
მისი განცხადებით, "საქართველოს ურყევი პოზიცია ყველასთვის ცნობილია, მათშორის ოსებისთვისაც".
როგორც ანზორ ბიწაძემ აცხადებს, მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არჩევნები ლეგიტიმურად, როდესაც დევნილთა დაბრუნების შემდეგ ყველა ერთად მიიღებს არჩევნებში მონაწილებას.
,,ეს არის ჩვენი ურყევი პოზიცია და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დადგება დრო, როდესაც დევნილები დაბრუნდებიან თავიანთ სახლებში და ოსებთან ერთად აირეჩევენ ისეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომელიც განურჩევლად ეთნიკურობისა იზრუნებს თავის ხალხზე ერთიან საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ დაანონსებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების შესახებ უკანონო რეფერენდუმი დღეს არ ტარდება და თუ მომავალში მაინც ჩატარდება ის იქნება უკანონო. ე.წ. სამხრეთ ოსეთი არასოდეს ყოფილა რუსეთის შემადგენლობაში და ქართველი ხალხი არც მომავალში დავუშვებთ ამას. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაამწვავებს კონფლიქტს, რაც რუსეთს მხრიდან კიდევ ერთი პროვოკაცია და ოკუპაციის აქტი იქნება და ეს უპასუხდ არ და ვერ დარჩება". - განაცხადა ანზორ ბიწაძემ.
ასევე, ანზორ ბიწაძე განმარტავს, რომ არალეგიტიმურობის მიუხედავად, აუცილებელია აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან დიალოგის აღდგენა და შეთანხმების მიღწევა.
,,მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ხალხი არ აღიარებს აფხაზეთში ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებულ ხელისუფლებას ლეგიტუმურად, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო ელემენტარული დიალოგის წარმოება, ნდობის აღდგენაზე საუბრის დაწყება,ეს არის ჩვენი ხელისუფლების ფიასკო. ესეც არის იმის ერთერთი მიზეზი, რომ ბიბილოვი რუსეთან მიერთების შესახებ რაღაც რეფერენდუმზე ალაპარაკდა. ,,ერთიანი საქართველო" დიდი ხანია საუბრობს აფხაზებთან და ოსებთან ნდობის აღდგენაზე, რაც პირდაპირი კავშირით და დიალოგით უნდა გადაიჭრას და ყოველი დაკარგული დღე ამ მინართულებით, დანაშაულია მომავალი თაობების წინაშე". - განაცხადა ანზორ ბიწაძემ.