
უკრაინის საგარეო: "ვგმობთ რუსეთის მიერ მართულ ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნებს" ცხინვალში"
10/04/2022 19:18:37 კონფლიქტები
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება.
"უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის მიერ მართულ ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნებს" ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. უკანონო "არჩევნები მიზნად ისახავს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის ლეგიტიმაციას. ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და არ გააჩნია სამართლებრივი შედეგი.
რუსული არმიის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე უკანონო არჩევნებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შესაძლოა მნიშვნელოვნად გააუარესოს უსაფრთხოების მდგომარეობა შავი ზღვის რეგიონში და საქართველოს წინააღმდეგ ახალი აგრესიის საფუძველი შექმნას". – ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის საგარეო უწყება ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთმა უნდა გააუქმოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების "დამოუკიდებლობის" აღიარება, ისევე როგორც ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის.
"რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობის" აღიარება, ისევე როგორც უკრაინის დროებით ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები და მათი დაცვა ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს, ისე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის რაც შეიძლება მალე აღდგენას". – ვკითხულობთ განცხადებაში.