
„იქნება ტერაქტები“: რუსებს კრემლის მორიგი ავანტიურის შესახებ აფრთხილებენ
11/04/2022 10:37:49 ევროპა, ანალიზი
მას შემდეგ, რაც რუსული სამხედრო მანქანა აიძულეს, უკან დაეხია კიევის მისადგომებიდან, მათ შორის დასავლეთის ქვეყნების სპეცსამსახურები თანხმდებიან, რომ ამჟამად კრემლი ძალთა გადაჯგუფებას და უკრაინის სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილებზე კონცენტრირებას ცდილობს. ამერიკელი სამხედროების ხედვით, ამ მხრივ სლავიანსკისთვის ბრძოლა შესაძლოა, გადამწყვეტიც ამოჩნდეს უკრაინა–რუსეთის ომის კონტექსტში: თუ აგრესორი სლავიანსკის დაკავებას შეძლებს, ეს საფრთხის ქვეშ დააყენებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველაზე ბრძოლისუნარიან დანაყოფებს (რომლებიც ომის დაწყების დღიდან ამ მიმართულებით აკავებენ ოკუპანტებს), ეს კი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რთულ ვითარებაში ჩააყენებს. ხოლო თუ აგრესორი სლავიანსკს ვერ დაიკავებს, ამერიკელების აზრით, ეს იქნება რუსეთის კამპანიის კრახი, საკუთარი მოსახლეობისთვის შექმნას რაღაც წარმატების ილუზია 9 მაისისთვის.
განზრახვის მისაღწევად კი რუსეთს გარდა ლოჯისტიკური პრობლემებისა, უკრაინაში უკვე განცდილი დანაკარგების – ცოცხალი ძალის შევსების საჭიროება უდგას. ამას ემატება კიევის მისადგომებიდან უკვე გაყვანილი დანაყოფების წევრთა დემორალიზება და უარი უკრაინის ომში დაბრუნებაზე, როგორც ამას მათ შორის რუსული წყაროები მიუთითებენ. ინფორმაცია კი რუსული პოლიტიკური და ძალოვანი წრეებიდან, როგორც Bellingcat–ის ხელმძღვანელი ხრისტო გროზევი აღნიშნავს, „გამაოგნებელი ნაკადით ჟონავს“: „ჩვენთან იმდენი ინფორმაცია მოდის, წარმომიდგენია რა ხდება დასავლეთის სპეცსამსახურების შემთხვევაში, მით უფრო, რომ ისინი მზად არიან, ინფორმაციისთვის გადაიხადონ“. ირკვევა, რომ მათ შორის, რომელთაც უარი თქვეს უკრაინაში სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობაზე, რიგი როსგვარდიელების გარდა, 100-მდე ფსკოველი მედესანტეეცაა (რუსეთის შეიარაღებული ძალების ელიტური დანაყოფი), რომელთაც ციხით ემუქრებიან.
ამრიგად, როგორც სპეცსამსახურები მიუთითებენ, მოსკოვს 60 000–მდე სამხედრო მოსამსახურის მობილიზება სურს შეიარაღებული ძალებიდან ჯერ კიდევ 2012 წლიდან დათხოვილი პერსონალის, წვევამდელების და რეზერვისტების ხარჯზე. ამ ამოცანის შესასრულებლად კი, რასაც რუსი უფლებადამცველების ცნობით, რუსეთში მზარდი ანტისაომარი განწყობა და „საზარბაზნე ხორცად“ ქცევის არც თუ მაღალი სურვილი აფერხებს, კრემლი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ახალ ავანტიურას ამზადებს.
როგორც GULAGU NET–ის დამფუძნებელი ვლადიმირ ოსეჩკინი ყვება, მისმა ორგანიზაციამ წარსულში სწორი ინფორმაციის მიწოდებაში მრავალგზის „გატესტილი“ წყაროსგან რუსული სპეცსამსახურებიდან ყირიმსა და ბელგოროდში რუსი ხალხის წინააღმდეგ დაგეგმილი ტერაქტების შესახებ მიიღო ცნობები.
კერძოდ, მისი ნაამბობის მიხედვით, დიდი მსხვერპლის მისაღწევად შეირჩა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები, რომლებზეც „Z“ და „V“ ცნობილი სიმბოლოებია გამოსახული, ხოლო შემდეგ ტერორისტული აქტები უნდა მიაწერონ უკრაინის სპეცსამსახურებს სიძულვილის, საომარი გამწყობის გასაღრმავებლად, რათა ადვილი იყოს მაქსიმალურად მეტი რაოდენობის სამხედრო მოსამსახურის, რეზერვისტების, წვევამდელების მობილიზება უკრაინაში გასაგზავნად.
„საქმე იმაშია, რომ როსგვარდიის და ძალოვანი უწყებების სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები უარს ამბობენ უკრაინაში წასვლაზე, ყოველდღიურად იზრდება ანტისაომარი განწყობა. და იმისთვის, რომ შეწყვიტონ ტენდენცია, რომელიც საფრთხეს უქმნის პუტინის პოლიტიკას, ამგვარი დემარში მოიფიქრეს. ადამიანმა, რომელმაც ამ ინფორმაციის სასწრაფოდ გამოქვეყნება გვთხოვა, გვითხრა, რომ სამწუხაროდ, არა მხოლოდ უკრაინელების, რუსი სამხედროების წინააღმდეგაც მზადდება დივერსია.
ცხადია, მკაფიოა პარალელები იმ სპეცოპერაციებთან, რომლის ფონზეც პუტინი და მისი მოკავშირეები მოვიდნენ ხელისუფლებაში. თუმცა განხვავება ისაა, რომ თუ მაშინ ამას „ეფესბე“ აორგანიზებდა, ამჟამად ვიღაც თუ ვიღაცები იგივე „ეფესბე“–დან ამ გეგმის ჩაშლას ცდილობენ“,– ამბობს ოსეჩკინი.
თუმცა, პროცესზე დამკვირვებელთა ნაწილის აზრით, განცდილი წარუმატებლობის ფონზე, კრემლის მიზანი გარდა მობილიზაციისთვის ხელის შეწყობისა, შესაძლოა, ბირთვული იარაღის ტაქტიკური გამოყენებისთვის საფუძვლის შექმნის მცდელობაც იყოს კონფლიქტის მეტად ესკალაციისთვის მასში ნატო–ს ჩათრევის მიზნით „არა უკრაინის, არამედ ნატო–ს გამო ვკარგავთ ომსო“. თუმცა აღნიშნავენ იმასაც, რომ პუტინი არ გასცემს მსგავს ბრძანებას, ვიდრე მის შესრულებაში არ იქნება დარწმუნებული, ხოლო ამ დროისთვის იმ ოფიცერთა რაოდენობა, რომელთაც მსგავსი მზაობა არ აქვთ, საკმაოდ დიდია.