
სოხუმმა შესაძლოა, რიგი რუსი პოლიტოლოგები პერსონა-ნონ-გრატად გამოაცხადოს
11/04/2022 10:44:20 კონფლიქტები
რუსი პოლიტოლოგები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ აფხაზეთის "სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას", სოხუმში შესაძლოა, პერსონა-ნონ-გრატად გამოაცხადონ.
«ჩვენი ქვეყნის ირგვლივ ნეგატიური საინფორმაციო ფონის შექმნის მცდელობების გაგრძელების შემთხვევაში აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტოვებს უფლებას, ანგაჟირებული პოლიტოლოგების მიმართ პერსონა-ნონ-გრატას მექანიზმი აამოქმედოს. აფხაზეთის სახელმწიფო სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, საერთაშორისო სამართალსუბიექტობა უდავოა და დისკუსიების საგნად ვერ იქცევა. მსგავსი სპეკულაციები ემსახურება ნეგატიური ფონის შექმნას აფხაზეთ-რუსეთის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებისათვის, რომლებიც სტრატეგიულ ხასიათს ატარებს, ძმური ადამიანური ურთიერთობების მყარ ფუნდამენტს ეფუძნება და ვერ დაექვემდებარება რევიზიას», – აცხადებენ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყებაში.
ცნობისთვის: რუსეთის რიგმა "პოლიტოლოგებმა" და "ექსპერტებმა" აღშფოთება გამოთქვეს აფხაზების არსურვილის გამო, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შევიდნენ. მათ შორის იყო ვიქტორ ალკსნისიც, რომელმაც ამასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა, რომ "თავის დროზე საქართველოსგან დამოუკიდებლობისთვის აფხაზების ბრძოლას მხარი დაუჭირა".
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა კი განაცხადა, რომ «აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს უფლება აქვთ, რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმები ჩაატარონ».