Accentnews.ge
ერგნეთის შეხვედრის მთავარი თემა უკანონო პატიმრებაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებაა

ერგნეთის შეხვედრის მთავარი თემა უკანონო პატიმრებაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებაა

12/04/2022 08:11:02 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფების რიგით 106-ე შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, შეხვედრის მთავარი თემა უკანონო პატიმრებაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებაა:

"ქართული მხარე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ისევ მოითხოვს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას".

ამჟამად ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაშია ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დაკავებული 8 მოქალაქე. ორი მათგანი, 2021 წლის დეკემბერში დაკავებული მამუკა ჩხიკვაძე და 2022 წლის მარტში დაკავებული ლევან მაჩაბელი ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები არიან.

ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, მამუკა ჩხიკვაძის საქმეზე ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოში სხდომა ამ კვირაშია დანიშნული. სხვა დეტალებზე ანთაძემ შეხვედრის დაწყებამდე არ ისაუბრა და მედიას უთხრა, რომ განახლებულ ინფორმაციას შეხვედრის შემდეგ მიაწვდის.

ერგნეთის შეხვედრების დღის წესრიგში რჩება რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის გავლების პროცესიც. ბოლო ასეთი ფაქტი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკართან დაფიქსირდა.

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ამოქმედდა. პროცესს ევროკავშირის, ეუთო–ს და გაერო–ს წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S