Accentnews.ge
აფხაზეთი: «ჩვენს თავისუფლებას რუსეთს უბრძოლველად არ დავუთმობთ!»

აფხაზეთი: «ჩვენს თავისუფლებას რუსეთს უბრძოლველად არ დავუთმობთ!»

12/04/2022 11:28:28 კონფლიქტები

აფხაზეთში ცხოვრება არც აქამდე იყო საამური, მაგრამ უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცა. არა, საბრძოლო მოქმედებები რესპუბლიკაში არ შეინიშნება, მაგრამ პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ვითარება დეფოლტის ზღვარზეა.

დასავლური სახელმწიფოების მიერ რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა ყველაზე მეტად ალბათ, აფხაზეთს დაარტყა. თავიდან საწვავი გაძვირდა. ამ დროისთვის ლიტრი თითქმის 100 რუბლი ღირს და როგორც ამბობენ, ეს ზედა ზღვარი არაა. ამის კვალდაკვალ ორ-სამჯერ გაძვირდა ყველა პროდუქტი და საქონელი. რაც ყველაზე სასაცილოა, ჩვენი პარტნიორი და მეგობარი რუსეთი აფხაზეთზე საწვავს ყველაზე მაღალ საექსპორტო ფასად ყიდის: სხვებს ლამის უფასოდ სთავაზობს, ჩვენზე კი მისივე “როსნეფტის” შუამავლობით სამმაგ ფასად ყიდის. აი, ასეთია, რუსეთის გაგებით, “თანასწორუფლებიანი პარტნიორობა”.

ვითარება იმდენადაა დაძაბული, რომ უკრაინის ომის არა რუსეთის მხარდაჭერის კონტექსტში ხსენება ნებისმიერ მოქალაქეს სპეცსამსახურების კაბინეტებში მოხვედრას უქადის. საქმეს არც არსებული პრეფერენციები უშველის, არც ქვეყნის წინაშე დამსახურება – მოსკოვმა განსხვავებული აზრის მქონე ნებისმიერი მოქალაქეების დასჯის ბრძანება გასცა და აფხაზი სამართალდამცველებიც მას უსიტყვოდ ასრულებენ. აი, ასეთი 1937 წელი დაგვიდგა XXI საუკუნეში: ადამიანებს ეშინიათ, მხარდაჭერა გამოხატონ მათ მიმართ, ვინც მშვიდობის მომხრეობის გამო ისჯება.

«მთელი ოჯახი უკრაინაში მყავს – დედა, მამა და ძმა. რომ ვიცი, იქ რეალურად რაც ხდება, როგორ უნდა ვუჭერდე მხარს რუსულ არმიას?! მაგრამ როგორ უნდა ავუხსნა ეს ყველაფერი აქაურებს, რომელთაგანაც ყოველი მეორე ან რუსებზე მუშაობს, ან ჭკუა დაკარგა რუსეთზე, ან რუსების ეშინია? ყოველთვის მეგონა, რომ აფაზეთში სიტყვის თავისუფლება გვაქვს და კონსტიტუციაც გვაძლევს უფლებას, თავისუფლად გამოვხატოთ საკუთარი აზრი, მაგრამ ის, რაც აქ ამჟამად ხდება, ყოველგვარ საზღვრებს გასცდა», - ამბობს ჩვენი თანამოსაუბრე მარინა.

ახალგაზრდა ქალი გვიყვება, როგორ აიძულეს ის და კიდევ ათამდე თანამშრომელი, რუსული არმიის მხარდამჭერ მიტინგზე წასულიყვნენ. «რომ არ წავსულიყავი, სამსახურიდან დამითხოვდნენ. აფხაზეთის ხელმძღვანელობა რუსების წინაშე თავის გამოჩენას ცდილობს და არავის არავითარი არგუმენტის მოსმენა არ სურს. ნახეთ, როგორ მოექცნენ რესპუბლიკაში პატივცემულ ადამიანებს, რომლებმაც უკრაინაში ომის წინააღმდეგ გაილაშქრეს: დაკითხვებზე დაატარებენ, ტალახი ასხეს და ფაქტობრივად მოღალატეებად გამოიყვანეს», - გვიზიარებს თავის განცდებს მარინა.

ჩვენი ხელმძღვანელობა ყოველ ჯერზე უშედეგოდ დადის კრემლში - არ ვიცი, მითითებების ახალი პორციისთვის, თუ ფულისთვის, რომელმაც გარკვეული დროით უნდა გადაარჩინოს რსპუბლიკის მომაკვდავი ეკონომიკა, მაგრამ ვითარება მხოლოდ მძიმდება. ხელფასი, პენსია, შემწეობა არ იზრდება, თანაც გადახდები იგვიანებს, ბარათები კი დიდი შეფერხებებით მოქმედებს. თუ ამას რუსეთის შემადგენლობაში შესვლის იდეის ირგვლივ აგორებულ ისტერიასაც დავამატებთ, ნათელი ხდება, რამდენად ფეთქებადსაშიში შიდაპოლიტიკური ვითარებაა შექმნილი სადღეისოდ აფხაზეთში.

«ადრე ათამდე სოციალურად დაუცველი ოჯახი გვყავდა, მაგრამ ერთ თვეში მათი რიცხვი გაათმაგდა და ეს მხოლოდ დასაწყისია. ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ რესპუბლიკის ხელმძღვანელობა არ ზრუნავს საკუთარ მოქალაქეებზე, მათ მოთხოვნებზე, ქვეყნის საჭიროებებზე! იკატუნებდნენ რა თავს მსოფლიო დონის პოლიტიკოსებად, მათ დაავიწყდათ, რომ რუსეთის წინაშე ხელგაწვდილები დგანან», - თვლის ჩვენი თანამოსაუბრე ალექსეი. მამაკაცი ყვება, რა დაბრკოლებებს ქმნიან მესაზღვრები ფსოუზე, როგორაა გაზრდილი გადასახადები, რის გამოც პროდუქტს ცეცხლის ფასი დაედო.

«ძლივს ვპოულობთ რუსეთში საბითუმო საწყობებს. იქ ვიღებთ პროდუქტს. სხვა გზა ხომ არ გვაქვს: საქართველოდან პროდუქტი დიდი ხანია, ვეღარ შემოგვაქვს და რჩება მხოლოდ რუსული ბაზარი. იქ კი ისედაც ყველაფრის დეფიციტია, თანაც საზღვარზეც წარმოუდგენელი ოდენობის გადასახადებს გვთხოვენ. იმიტომაც გამოგვდის ძალიან ძვირი პროდუქციის შემოტანა, რომელსაც ბევრი ამ ფასად უბრალოდ ვერ შეიძენს. არ იფიქროთ, რომ აქ ხიზილალაზე ვსაუბრობდე – საუბარია ჩვეულებრივ კომბოსტოზე, მაკარონზე, ფქვილსა და შაქარზე. აწი რა გველის - უცნობია. მაგრამ თუ ჩვენი ხელისუფლება არაფერს მოიმოქმედებს, აფხაზეთს შიმშილი ელის», - ამბობს ჩვენი რესპონდენტი ალექსეი.

«თურმე, უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩვენს ჯარს ვგზავნით. ასე გადაწყვიტა პრეზიდენტმა. და საიდან მოჰყავს ეს ჯარი, რას აცმევს, რა იარაღს აძლევს ხელში? ამაზე დაფიქრება არავის სურს?! ჩვენ იმდენად მივანდეთ ყველაფერი რუსებს, რომ ვამაყობთ ჯარით, რომელიც მხოლოდ ნომინალურად გვყავს. თურმე, ისეთი “ძლევამოსილები” ვყოფილვართ, რომ მთელი არმია შეგვიძლია, გავგზავნოთ “რუსული სამყაროს" გადასარჩენად... სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს!», – აბობს ჩვენი თანამოსაუბრე რუსლანი.

რუსეთის შემადგენლობაში შესვლის არსურვილის გამო აფხაზეთის დასჯის შესახებ სხვადასხვა სჯულის პოლიტოლოგების, ექსპერტ-კავკასიოლოგებისა და სხვათა მოწოდებებთან დაკავშირებით პირველად ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რესპუბლიკაში ანტირუსული განცხადებები მკვეთრად გამწვავდა. პირდაპირი მეზობლების მიმართ რუსული სახელმწიფოს დამოკიდებულება ამ სიძულვილს მრავალჯერადად ზრდის და აღრმავებს.

«ყოველთვის ვამბობდით, რომ თავად გვსურს, ვიღებდეთ გადაწყვეტილებებს ჩვენი ხალხის მომავლის თაობაზე. რით ვეღარ გაიგო ეს რუსეთმა? და როგორც არ უნდა ცდილობდნენ ჩვენი ხელმძღვანელები, რაოდენ მძიმე საცხოვრებელ პირობებსაც არ უნდა გვიქმნიდნენ რუსები, ოსების მსგავსად რუსეთისკენ გაქცევას არ ვაპირებთ - და ეს ჩვენი უფლებაა. იმედია, ამ სიტყვების გამო ციხეში არ ჩამსვამენ», - გვიზიარებს თავის მოსაზრებებს ჩვენი რესპონდენტი ფატიმა.

რუსებმა აფხაზეთი ფაქტობრივად, კუთხეში მოამწყვდიეს. თითქმის 30-წლიანი «დახმარების» შედეგად “სტრატეგიულმა მეგობარმა” ვითომდა აღდგენილი რკინიგზის, ელექტროენერგიის მოწოდებისა და ბევრი სხვა რამის საფასურის სახით უზარმაზარ ვალებში მოგვაქცია. ყველამ ვიცით, რომ უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია, რომლის კარი ახლახანს საბოლოოდ დაიკეტა. დადგა ვალების გასტუმრების დრო, მაგრამ რა გააჩნია აფხაზეთს, მიწის გარდა? - არც არაფერი! რუსებმა ჯერ მათთან ჰარმონიზაცია მოგვთხოვეს, ისე, რომ მანამდე ყველასთან გაგვაწყვეტინეს კონტაქტი, ახლა კი ინტეგრაციას გვთხოვენ, რათა საბოლოოდ გვშთანთქან.

ვიცი, ჩემმა სიტყვებმა ახლა გაღიზიანება გამოიწვია კრემლის ყველა მიმდევარში, რომელიც წლობით უმღეროდა დითირამბებს რუსებს. მაგრამ თუ აფხაზეთის ყოველი პატრიოტი ჩაუკვირდება ამ ნაწერს, დარწმუნებული ვარ, მიხვდებიან, რამხელა უფსკრულის პირასაა უკვე ჩვენი ქვეყანა და რამდენად ბევრია გასაკეთებელი, რათა საბოლოოდ არ გადავიჩეხოთ.

«წლობით გვაჩვევდნენ დუმილს, რაც არ უნდა ეკეთებინათ რუსებს ჩვენს მიწაზე. მათი სამხედროები აქ მასპინძლებივით იქცევიან და არა სტუმრებივით, ჩვენ კი ვდუმდით. გოჯ-გოჯ გვამრთმევდნენ მიწას – ჩვენ კვლავ ვდუმდით. როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ ყოველთვის ასე იქნება, მაგრამ ვერ მოგართვით! უკვე გაიზარდა აფხაზეთის მოქალაქეთა ორი თაობა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მოსკოვს წინააღმდეგობას გაუწევს. ახლა ჩვენში გადაწყვეტილებებს მხოლოდ უფროსები აღარ იღებენ. ცხადია, დიდხანს ვერ გავძლებთ, მაგრამ უბრძოლველად მაინც არ ჩავბარდებით. ეს რუსეთმაც იცის. ჩვენ კი გვსურს, მთელმა დანარჩენმა მსოფლიომაც გაიგოს!», - დასძენს ჩვენი თანამოსაუბრე გიორგი.

კრისტინა ავიძბა

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S