ბადრიძე: "საქართველოს მთავრობის ქცევა ილუზიით და შეცდომით აღარ აიხსნება"

12-04-2022 16:30:23 კომენტარი

საქართველოს მთავრობის ქცევა ილუზიით და შეცდომით აღარ აიხსნება - მიზანმიმართული კაპიტულაციაა რუსეთის წინაშე,- ამის შესახებ დიდ ბრიტანეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, რონდელის ფონდის უფროსმა მკვლევარმა გიორგი ბადრიძემ „აქცენტს“ ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრის ქართველი კოლეგისადმი გამოგზავნილი წერილის შეფასებისას განუცხადა.

წერილში ბორის ჯონსი მათ შორის წერს: "კარგად ვაცნობიერებ იმ ფაქტს, რომ პროვოცირების გარეშე, ვლადიმირ პუტინის მხრიდან წინასწარი განზრახვით განხორციელებული ბარბაროსული თავდასხმა უკრაინაზე კიდევ უფრო ამძაფრებს იმ გამოწვევებს, რომლებსაც საქართველო მრავალი წელია, მამაცურად უპირისპირდება".

"აქცენტი" დაინტერესდა, არის თუ არა ეს გზავნილი ერთგვარი მინიშნება „ქართული ოცნების“ მიდგომის უპერსპექტივობისადმი, რომელსაც საექსპერტო წრეებში რუსეთის „არგაღიზიანების პოლიტიკად“ მოიხსენიებდნენ და რომლითაც ხსნის მმართველი გუნდი მათ შორის უკრაინისადმი სკანდალურ დამოკიდებულებას.

„საქართველოს მთავრობის ქცევა ილუზიით და შეცდომით აღარ აიხსნება - მიზანმიმართული კაპიტულაციაა რუსეთის წინაშე.სამწუხაროდ მსგავსი რამ ხშირად მომხდარა ჩვენს ისტორიაში - ერგვარი ვარსქენ პიტიახშის სინდრომი - როდესაც დამპყრობელს საკუთარ ლოიალობას და თანამშრომლობას სთავაზობ იმის სანაცვლოდ, რომ შენს კეთილდღეობას არ შეეხოს. ოღონდ ეს ქართველი ხალხის კეთილდღეობის და თავისუფლების ხარჯზე ხდება" - ამბობს ბადრიძე თემის კომენტირებისას.

მისი ანალიზის მიხედვით, "მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ღიად არ უთქვამს უარი დასავლურ კურსზე, მისი ქცევა უბრალოდ კითხვებს კი არ ბადებს, არამედ აყალიბებს შთაბეჭდილოებას, რომ 2013 წლიდან დაწყებული უკრაინისგან მიზანმიმართული გამიჯვნა და განსაკუთრებით მთავრობიდან პრო-დასავლური პოლიტიკოსების დათხოვნის შემდეგ დამკვიდრებული დიპლომატიური პასიურობა, მისი საგარეო პოლიტიკის მიზნების ძირეულ ცვლილებებს ასახავს".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები