Accentnews.ge
ოპოზიციის რეაქცია კობახიძის განცხადებაზე: "ომში მყოფ მოძმე ერს ულტიმატუმის ენით არ ესაუბრებიან"

ოპოზიციის რეაქცია კობახიძის განცხადებაზე: "ომში მყოფ მოძმე ერს ულტიმატუმის ენით არ ესაუბრებიან"

12/04/2022 12:39:09 პოლიტიკა

უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის წინაპირობას ოპოზიციაში მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

როგორც პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, "ომში მყოფ მოძმე ერს ულტიმატუმის ენით არ ესაუბრებიან".

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მორიგ ჯერზე ისევ ჯიბრში უდგება ომში მყოფ უკრაინას და პარლამენტის თავმჯდომარე უარს ამბობს ან უარესი რომ ვთქვათ, უარს ათქმევინებენ პირდაპირ მხარდაჭერაზე":

„უკრაინის ომი თავისუფლებისთვის ის ომია, რომელიც ჩვენს თავისუფლებასაც ეხება. ეს ის მოცემულობაა, რომელიც სრულყოფილად უნდა გააცნობიეროს დღევანდელმა მმართველმა გუნდმა. სანამ ამას ვერ შეძლებთ, მანამდე იმ კინკლაობაში იქნებით, რომელიც უკვე შეცდომა აღარ არის და პირდაპირ რუსული საქმის და მიზნების მსახურებაა. აქვე უნდა ითქვას, რომ რეალური ომი საქართველოში არავინ უნდა დაუშვას. ჩვენს ტერიტორიაზე პროვოკაციები და ფრონტის გახსნა მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია, მაგრამ საქართველო ჰუმანიტარული პროცესების და ადამიანური ფაქტორების გათვალისწინებით ლიდერ სახელმწიფოთა შორის უნდა იყოს და მოძმე ერის გვერდით გამორჩეულად მდგომი ქვეყანა, თუმცა, რას ვხედავთ მმართველი გუნდისგან? „ქართული ოცნება“ მორიგ ჯერზე ისევ ჯიბრში უდგება ომში მყოფ უკრაინას და პარლამენტის თავმჯდომარე უარს ამბობს ან უარესი რომ ვთქვათ, უარს ათქმევინებენ პირდაპირ მხარდაჭერაზე. ნაცვლად იმისა, რომ ყველა ნაბიჯი იყოს ურთიერთობების ნორმალიზებისკენ გადადგმული, თქვენ ისევ კონფრონტაციის რეჟიმში რჩებით. ულტიმატუმის ენით არ ელაპარაკებიან მეგობრებს, კოლეგებს და მითუმეტეს, ომში მყოფ ისტორიულ მოძმე ერს“.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი დეპუტატი პაატა მანჯგალაძე კობახიძის განცხადებას "მორალური დეგრადაციის ფსკერს" უწოდებს.

"იცით, რომ რუსეთთან მთავარი მომლაპარაკებელი არის დავით არახამია და ეს არის პოლიტიკური უზნეობის ყველაზე დაბალი ზღვარი როცა მის გადადგომას ითხოვ, ამით უნისონში ხარ რუსეთთან და ბელარუსთან, რომლებიც ასევე ულტიმატუმს უყენებენ უკრაინას. ეს დამაზიანებელია ქვეყნისთვის. რუსეთის დელეგაციას, რომელიც უკრაინასთან დამანგრეველ ომში იმყოფება, არ გაუბედავს უკრაინისთვის არახამიას უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნა, ეს გაბედა ირაკლი კობახიძემ, ამიტომ მან უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი. თუ გვინდა, არ მოგვეჭრას თავი, დღესვე კობახიძემ და „ქართულმა ოცნებამ“ არახამიასთან დაკავშირებული განცხადებების გამო, ბოდიში მოიხადოს. იმისთვის რომ სამძიმარი გამოთქვას პაპუაშვილმა ბუჩაში, უნდა გადადგეს არახამიაო - ასეთი სისულელე როგორ უნდა თქვა", - განაცხადა მანჯგალაძემ.

"ლელოს" წევრი დეპუტატი დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ "ოცნების" რიგი ლიდერები "წარმოუდგენელ ვითარებაში აგდებენ ქვეყანას.

მისი თქმით, ამ ტიპის თემების ისეთ დროს წამოწევა ქვეყნის მიმართ, რომელიც ფრონტის ხაზზეა და იბრძვის მათ შორის საქართველოს ხვალინდელი დღისთვისაც, მიუღებელია.

"ასეთი განცხადებები არის ის, რომ ცხვირაწეული ადამიანი ვეღარაფერს ხედავ, ვერც საკუთარ ქვეყანას, ვერც საკუთარი ხალხის ინტერესებს და ვერაფერს. თუ ამ გზით ვივლით, მაშინ შეიძლება, საქართველოს მთავრობა აღმოჩნდეს იმ ბანაკში, რომელიც აღარ გულშემატკივრობს უკრაინაში უკრაინის გამარჯვებას", – განაცხადა უსუფაშვილმა.

ენმ–ის წევრი დეპუტატი გიორგი ბოტკოველი კობახიძის განცხადებას "სამარცხვინოს" უწოდებს:

"სასაცილოდ კი არა, სამარცხვინოდ გამოიყურება უკვე ეს ყველაფერი. ეს განცხადებები, არა მხოლოდ ერთეული პირების, ამ შემთხვევაში კობახიძის მოსაზრებებს გამოხატავს, არამედ ეს არცხვენს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს".

ცნობისთვის: 11 აპრილს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უკრაინაში „ქართული ოცნების“ ვიზიტის ერთ-ერთი წინაპირობა არის უკრაინის ხელისუფლებიდან „ნაციონალური მოძრაობასთან“ დაკავშირებული პირების გათავისუფლება. მან ყველაზე "ყველაზე პრინციპულ საკითხად" დაასახელა, რომ "დღემდე ადამიანები, რომლებიც საქართველოში რადიკალური ოპოზიციური ლიდერები არიან, უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ დონეზე არიან წარმოდგენილი".

"ესენი არიან, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი. ზურაბ ადეიშვილი, გენერალური პროკურორის მრჩეველი. გია ლორთქიფანიძე, რომელიც გახლავთ დაწინაურებული კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე და დავით არახამია, პირი, რომელიც უზრუნველყოფს პირდაპირ კავშირს ამ ადამიანებსა და უკრაინის ხელისუფლებას შორის უმაღლეს დონეზე. ეს არის სამწუხარო",- განაცხადა კობახიძემ.

12 აპრილს კობახიძემ აღნიშნა, რომ მას უკრაინის მმართველი პარტია “ხალხის მსახურის” ფრაქციის ლიდერის დავით არახამიას თანამდებობიდან გათავისუფლება არ მოუთხოვია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S